სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ნინო მუმლაძის გმირის გამოჩენამ, შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. ძნელად დასაჯერებელი იყო ოჯახის ერთგული დავით გოცირიძის მხრიდან ცოლის ღალატი, მაგრამ როგორც ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... მიუხედავად იმისა, რომ ნათიას მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ცოლიანი კაცის საყვარელს გამართლებას უძებნიან.
ნინოსთან საუბარი მისი გმირით დავიწყეთ, თუმცა ისიც გავარკვიეთ, რომ მამაკაცი, რომელიც მის ყურადღებას დაიმსახურებს, პირველ რიგში, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს.
- ჩემი გმირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ძირითადად ინტერნეტსივრცეში იგრძნობა, პირადად მე არასდროს მეხებიან, თუმცა ბოლო დროს ბევრი გულშემატკივარიც გამომიჩნდა, რომელიც მწერს, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება ფართო საზოგადოების უარყოფით კომენტარებს. რასაკვირველია, მათი გვერდით დგომა მახარებს, მაგრამ ქუჩაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამის გამო ჩემთვის ცუდად არ მოუმართავთ.
- როგორ გაგრძელდება ნათიასა და დათოს ურთიერთობა?
- საკმაოდ დაძაბული პერიოდი აქვთ, ბევრი პრობლემა შეექმნათ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან, რამაც გააფუჭა მათი ურთიერთობა და ახლა კრიტიკულ ფაზაში არიან. რამდენ ხანს გასტანს, მეც არ ვიცი, რადგან სცენარი თანდათანობით იწერება.
- შენს საახლობლო-სამეგობროში როგორ აფასებენ ნათიას საქციელს?
- სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცუდია ცოლიან მამაკაცთან რომანის გაბმა. მიუხედავად ამისა, ნათიას ზოგი მაინც ამართლებს, რა ქნას, ქალია, გრძნობებს აჰყვა და ვისი რა საქმეა, რას გააკეთებსო. ზოგი უფრო მკაცრად უყურებს ნათიას ქმედებას. ნათიას იქიდან გამომდინარე აფასებენ, თავად როგორი შეხედულებაც აქვთ ცხოვრებაზე.
- შენ თუ ჩავარდნილხარ მსგავს მდგომარეობაში, ხომ შეიძლება, ადამიანი შენ მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი იყოს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ჰყავს ცოლი, ოჯახი...
- არა, ეტყობა გამიმართლა, რომ მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის მსუბუქი ურთიერთობის დასაწყებადაც კი საჭიროა ადამიანის კარგად გაცნობა. საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ვცდილობ, კონკრეტული პიროვნების შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიპოვო, თვალდახუჭული ურთიერთობას არავისთან ვიწყებ.
- მამაკაცს შენთვის გული უტკენია?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ყოფილა, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ჩემთვის გული უტკენია.