ოპრა უინფრის ხშირად ასახელებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად, ის ზღაპრულად მდიდარია - მილიონობით დოლარისა და ათიათასობით თაყვანისმცემლის "პატრონია". თუმცა, პოპულარული ტელეწამყვანის მთავარი განძი - ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. ეს გადაჭარბებულად ნათქვამი როდია - ოპრამ ხომ მილიონობით ადამიანს ასწავლა გულახდილი საუბარი ყველაზე საინტერესო, მათ შორის იდუმალ თემებზე, სხვათა მოსმენაცა და თანაგრძნობაც. ალბათ ეს ნიჭი მას ჯილდოდ ერგო იმისთვის, რომ არ შედრკა ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, დიდ წარმატებებს მიაღწია.
"მე უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე მგონია..."
ოპრა გეილ უინფრი ყველაზე ღარიბ, "ფერმერულ" შტატში - მისისიპიში 1954 წელს დაიბადა. დედამისი, ვერნიტალი მოსამსახურედ მუშაობდა. მამა, ვერნონ უინფრი ქალიშვილის დაბადების მომენტში არმიაში მსახურობდა და არც გეგმავდა ვერნიტალის ცოლად შერთვას.
ცხოვრების პირველი 6 წელი ოპრამ ბებიასთან ერთად გაატარა. ისინი მდინარე მისისიპისთან, პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. გოგონას კითხვა ნაადრევად შეასწავლეს, მაგრამ ხშირად, წიგნს გვერდზე გადადებდა და მეზობლის ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა. შემდეგ კი თოჯინებს თავის გარშემო გაამწკრივებდა და ინტერვიუს იღებდა...
როცა 6 წელი შეუსრულდა, დედამ ქალაქ მილუოკის გეტოში, ახალ ოჯახში მიიყვანა. სწორედ იქ მოხდა მისი ცხოვრების მთავარი ტრაგედია. 9 წლის გოგონა მისმა დეიდაშვილმა გააუპატიურა.
დედა, რომელმაც ვერ შეძლო შვილის დაცვა, ხან მამასთან გზავნიდა მას, ნეშვილში, ხან ისევ უკან მოჰყავდა. საბოლოოდ "ჯიუტი" ოპრა ყველას გაექცა და მანამდე დახეტიალებდა, სანამ, ფეხმძიმეს, მამა მოძებნიდა.
ბავშვი უდღეური დაიბადა და დაიღუპა. ვერნონმა კი "რთული მოზარდის" აღზრდას მიჰყო ხელი. ერთხელ ოპრა უინფრიმ გაამხილა: "მამაჩემმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ის მიმტკიცებდა, რომ იმაზე უკეთესი ვიყავი, ვიდრე თავად მეგონა..."
ვერნონმა პირველ რიგში, ქალიშვილის განათლებაზე იზრუნა. მან ოპრა ბიბლიოთეკაში ჩაწერა და ითხოვდა, ყოველდღიურად ხუთი ახალი სიტყვა ესწავლა, რათა ლექსიკური მარაგი გაემდიდრებინა.
16 წლის ასაკში ოპრამ ორატორული ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო სასწავლო გრანტი ტენესის შტატის უნივერსიტეტში, სადაც შეძლო დაუფლებოდა სცენურ მეტყველებასა და სამსახიობო ოსტატობას.
მისი ყოველდღიური განრიგი ძალზე დატვირთული იყო. ოპრა საკუთარ თავს დღესასწაულებზეც კი არ აძლევდა მოდუნების უფლებას.
მეორე კურსზე სწავლისას ნეშვილის სატელევიზიო კომენტატორის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს. ადგილობრივი ტელეარხის ახალი ამბები ხშირად უხალისოდ მიმდინარეობდა. ოპრა ღელვისგან აკანკალებული ხმით თითქოს ცრემლებს ყლაპავდა, როცა მაყურებელს ქარიშხლის ან საბირჟო მონაცემებს აცნობდა. გულწრფელი თანაგრძნობის ნიჭმა, რომელმაც მას მოგვიანებით ასეთი წარმატება მოუტანა, სამსახური დააკარგვინა - გოგონა ტელეარხიდან დაითხოვეს. თუმცა სწავლა უნივერსიტეტში და მომავლის გზების ძიება გრძელდებოდა. 1976 წელს უინფრი ბალტიმორში ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტიორად და თანაავტორად მიიწვიეს.
მას ენერგია ყველაფრისთვის ჰყოფნიდა...
ნამდვილი შანსი მიეცა. ოპრა მზად იყო, ბრძოლაში ჩართულიყო. მიიღო დავალება - უნდა გაეკეთებინა სიუჟეტი ქალაქის იმ რაიონში, სადაც მხოლოდ თეთრები ცხოვრობდნენ. ის ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრესთან მივიდა, მაგრამ გაცნობისას ასეთი პასუხი მიიღო: "ჩვენ ნიგერიელებს ხელს არ ვართმევთ. გაეთრიე აქედან!" უინფრიმ მშვიდად მიუგო: "დაგენაძლევებით, რომ ნიგერიელები კმაყოფილნი დარჩებიან!"
მაყურებელმა კი ახალბედა ჟურნალისტი მალე მიიღო და შეიყვარა კიდეც. ამის შედეგად, ცოტა ხანში ოპრას შესთავაზეს შოუს გაძღოლა, რომელსაც ერქვა "ადამიანები ლაპარაკობენ".
ოპრას რეიტინგი იზრდებოდა. ერთხელ ტელეწამყვანის მეგობარმა თქვა: "ოპრა უნიკალურია. ჩვეულებრივ, ადამიანი ამბობს: მსურს, მდიდარი ვიყო, ის კი ყოველთვის ამტკიცებდა: აუცილებლად ვიქნები მდიდარი. ენერგია ყველაფრისთვის ჰყოფნიდა...
ჩიკაგოში ჩასვლის პირველსავე დღეს, მომავალმა ვარსკვლავმა მთელი ქალაქი ფეხით შემოიარა და მიხვდა, რომ "ამ ადგილს ეკუთვნოდა". 1984 წლის 2 იანვარს ეთერში პირველად გავიდა ნახევარსაათიანი დილის შოუ, რომელიც ოპრას მიჰყავდა. მოკლე ხანში მან რეიტინგით გაუსწრო სახელგანთქმულ ფილ დონაჰიუს, რომელიც მალე ნიუ-იორკში გადავიდა. 1986 წლის 8 სექტემბერს შოუს მისი სახელი მიანიჭეს - The oprah Winfrey Show, ხოლო მისი გავრცელების არეალმა მთელი ქვეყანა მოიცვა.
ჩიკაგომ მას წარმატება მოუტანა და უინფრი ახლაც ბევრ დროს ატარებს იქ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში აქვს კერძო სახლები და ვილები.
ჩვევათა ერთგულება ოპრამ თავისი გარეგნობის მიმართაც შეინარჩუნა. ახალგაზრდობაში, ტელეარხის მოთხოვნით ცდილობდა, ზოგად სტანდარტებს გასცდენოდა. მაგრამ თმა არაფრით არ სწორდებოდა, წონაშიც ვერ იკლებდა და საკუთარ თავს უთხრა: "დაე, ვიყო ისეთი ოპრა, როგორიც ვარ"...
არც არის საჭირო იყო სხვაგვარი, თუკი შოუ, რომელიც მიგყავს, მეოთხედი საუკუნე (1986-დან 2011-მდე) მაღალრეიტინგულია და ეკრანებთან მილიონობით მაყურებელს კრებდა.
ამერიკული ტელევიზიის "მის მთავარი თერაპევტი" (ასე შეარქვეს მას ჟურნალისტებმა) ლაპარაკობდა იმაზე, რომ სამუშაოს შესრულებისას უპირატესად საკუთარ ინტუიციას ეყრდნობოდა. მას ასევე დაეხმარა უდიდესი შრომისმოყვარეობა, ცხოვრების მანძილზე მიღებული მკაცრი გაკვეთილები და საკუთარი აუდიტორიის კარგი ცოდნა.
ტელეწამყვანის კარიერაც ოპრამ გამორჩეულად დაასრულა: არ დაელოდა საკუთარი პოპულარობის ვარდნას და საკუთარი ტელეშოუ დიდების პიკზე ყოფნისას დახურა. ამისთვის მიიღო ჯილდოც და მხურვალე აპლოდისმენტებიც.
ახალი დღე - ახალი პროექტი
ბევრი მის ადგილას წყნარ ცხოვრებას მიჰყოფდა ხელს და მიიღებდა სიამოვნებას თავისი მილიონებით. ოპრამ კი მაშინვე აამუშავა საკუთარი საკაბელო არხი. ახლა, ქალი-ლეგენდა ახალ პროექტზე მუშაობს და ორ კოკერსპანიელზე ზრუნვით, ილამაზებს ყოველდღიურობას. შვილი აღარ ეყოლა. საყვარელ მამაკაცთან, დიდი ხნის ბოიფრენდ სტედმან გრეხემთან ერთად ცხოვრობს.
"ოპრა უინფრის შოუს" 146 ქვეყანაში უჩვენებდნენ. პროექტი აშშ-ში ყველაზე ხანგრძლივ შოუდაა აღიარებული და 4561 ეპიზოდს ითვლის, რომელიც 25 სეზონზე იყოფა. 2002 წელს შოუ ამერიკის ისტორიაში უდიდეს 50 შოუს სიაში (TV Guide-ის ვერსიით) შევიდა.
ოპრა უინფრიმ შოუს წამყვანზე მანამდე არსებული შეხედულებები შეცვლა. ადრე ამ როლში პრიორიტეტულად მამაკაცები ბრწყინავდნენ: ჯეი ლენო, საიმონ კოუელი, ფილ დონაჰიუ. ოპრამ დაარღვია "მამაკაცური მონოპოლია" და გახდა პირველი, ყველაზე ძვირად ღირებული ტელეწამყვანი ქალი აშშ-სა და მთელ მსოფლიოში.
მოამზადა ირინა ჯანდიერმა
(გამოდის ხუთშაბათობით)