ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ყოფილი ხელისუფლების მიმართ - პოლიტიკური შეხედულების გაუზიარებლობის გამო სამსახურიდან ადამიანების დათხოვნა იყო. როგორც ჩანს, მოქმედების ფორმა იგივეა, ოღონდ ამჯერად, სამსახურიდან "ნაციონალური ცოდვების"გამო ათავისუფლებენ. მოლოდინის რეჟიმი გაჭიანურდა, ამიტომ ალბათ, არც ისე ნაადრევია ამ თემით დაინტერესება.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამსახურიდან დაუსაბუთებელ და უკანონო გათავისუფლებას. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ჯანსაღი კონკურსით კადრების შერჩევის მომხრეა.
"მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება", - აღნიშნულია მის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება მხოლოდ მათივე სურვილით მოხდა: "მე სამსახურიდან არ დამითხოვია არც ერთი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ადამიანებს გამოცდილების მიხედვით ვაფასებთ. არ დაგიმალავთ, მოხდა გარკვეული კადრების გადახედვა, დაქვეითება და ამ ფონზე მათი სურვილისამებრ წასვლა, მაგრამ ის, რომ თითქოს მე ამას ჩემი ინსტრუქციის თანახმად ვაკეთებ, სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა მინისტრმა ტელეეთერში გამოსვლისას.
ტატო ლაგვილავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, მისი სამსახურიდან დათხოვნა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ოფიციალურ მიზეზად კი სამსახურის არასაპატიოდ გაცდენა დაუსახელეს.
"თათბირზე, 55 თანამშრომლის თანდასწრებით მითხრეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის"მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს. პასუხი მომთხოვეს იმისთვის, რომ დათა ახალაიას პროცესსა და 19 აპრილის შეკრებაზე ვიყავი", - ამბობს ლაგვილავა.
სამსახურიდან დათხოვნის მსგავს მიზეზს ასახელებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო გრძელიძე. მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდანვე ძველ კადრებზე ზეწოლა დაიწყო. 70 შტატიანი თანამშრომლიდან დღეს ამ დაწესებულებაში მხოლოდ 25 მუშაობს.
"თავდაპირველად, ყველას უხსნიდნენ, რომ მათ აუცილებლად ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინათ სამსახური. გააუქმეს შტატები, გაუშვეს ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომლები. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ "ცოდვილები"ვართ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის"ხელისუფლების პერიოდში ვმუშაობდით; რომ უნდა გვრცხვენოდეს და რომ ჩვენი დრო უკვე აღარ არის. პირადად მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია საარჩევნო პროცესში, მხოლოდ დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი. მთხოვდნენ "გამეგო", რადგან 3000 კაცის დასაქმება ჰქონდათ ნაბრძანები. დამოკიდებულებაა მათი შეურაცხმყოფელი. არც ის მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც თავადვე აცხადებენ, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ", - აღნიშნავს გრძელიძე.
37 წლის მარინა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ დედამისი "ნაციონალური მოძრაობის"მხარდამჭერი იყო.
"არასოდეს ვიზიარებდი წინა ხელისუფლების პოლიტიკურ მიდგომას. მიმაჩნია, რომ მსხვერპლი ვარ. არ შეიძლება, ასე ბრმად, ერთი ხელის მოსმით სამსახურიდან გამოცდილი ადამიანების დათხოვნა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, მით უმეტეს, როცა საქმე არა თავად თანამშრომლის, არამედ ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ვფიქრობ, ეს პროცესები პრემიერ-მინისტრის ყურადღების მიღმა რჩება. არა მგონია, მას ყველა ამ შემთხვევის შესახებ სწორი ინფორმაცია ჰქონდეს", - მითხრა მარინამ.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა 46-მა გამგებელმა და 24-მა საკრებულოს თავმჯდომარემ დატოვა.
ლაგოდეხში გამგებლის არჩევისას საკრებულოში "ქართული ოცნების"40-მდე აქტივისტი შეიჭრა და გამგებლად საკუთარი კანდიდატის დანიშვნა მოითხოვა. მსგავსი შეჭრა დღის განმავლობაში ხუთჯერ მოხდა.
ხელვაჩაურის რაიონში მუნიციპალიტეტის გამგებელს აქტივისტები პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, შენობაში შეჭრით დაემუქრნენ. თავდაპირველად, გამგებელი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებდა, მაგრამ საბოლოოდ, გათავისუფლების თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს. სხდომაზე, რომელსაც 17 დეპუტატი ესწრებოდა, ერთხმად აირჩიეს ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების"ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი იყო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან აბაშის საკრებულოს კომისიის წევრებიც. მოთხოვნა კარის შემტვრევის, შიმშილისა და პროტესტის სხვადასხვა აქტიური ფორმის თანხლებით მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებიის განცხადებით, კომისია "ნაციონალური მოძრაობის"წევრებისგან იყო დაკომპლექტებული, რაც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუშლიდა.
არჩევნებში გამარჯვებასა და გამინისტრებამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის პოსტი დატოვა ნოდარ ხადურმა. როგორც თავად ამბობდა, ამის მიზეზი მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრი მაშინ წერდა: "პარადოქსია, მაგრამ დღეს ძალიან მძიმე დღის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საკონკურსო კომისიამ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჩათვალეს, რომ არ ვიმსახურებ უნივერსიტეტის პროფესორობას, ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინე ჩემი კოლეგებისაგან (ყოფილს ვერ დავწერ) და განსაკუთრებით სტუდენტებისაგან, რომ ამ ყველაფერმა გადაფარა! გულწრფელი მადლობა საკონკურსო კომისიას და აკადემიურ საბჭოს, რომ ასეთ სიყვარულში დარწმუნების საშუალება მომცა! ერთიცაა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი უსაყვარლესი საქმე ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავაგრძელო!"
იმედია, ნოდარ ხადურს ახლაც ახსოვს მაშინდელი განწყობილება უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ. იმ უნივერსიტეტის, სადაც, როგორც თავად ამბობს, უდიდესი მეცნიერული შრომა აქვს გაწეული. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ყველას ყოველთვის ერთგვარი პოლიტიკური მრწამსი ჰქონდეს...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)