ინდოეთის პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც ახალშობილი შვილიშვილი ბიზნესმენს Facebook-ით მიჰყიდა.
პენჯაბის შტატის, ქალაქ ლუდჰიანას მაცხოვრებელი 47 წლის ფეროზ ხანი სასამართლოს წინაშე 24 აპრილს უნდა წარდგეს.
იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცის ბრალი შვილიშვილის გატაცებასა და გაყიდვაში დამტკიცდება, იგი შესაძლოა, ციხეში 7 წლით ჩაჯდეს. ხანის გარდა, ორი მისი თანამზრახველიც დააკავეს, რომლებიც მამაკაცს ბავშვის გაყიდვის ორგანიზებაში დაეხმარნენ. მათ ასევე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ ხანის ქალიშვილმა, ნური ხანმა აპრილის დასაწყისში ბავშვი გააჩინა. საავადმყოფოში, სადაც ქალმა იმშობიარა, ხანი ექიმის მედდასა და ასისტენტს შეუთანხმდა, რომ მათ ბავშვი მოეპარათ და მისთვის გადაეცათ. შვილიშვილი ინდოეთის მაცხოვრებელმა 45 000 რუპიად (დაახლოებით 830 დოლარი) გაყიდა.
სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ, ხანის თანამზრახველები სხვა ბავშვებით ვაჭრობის შემთხვევებში ფიგურირებენ თუ არა. 2011 წლის მონაცემებით, ინდოეთში 800-ზე მეტი დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც ბავშვების გატაცებით იყვნენ დაკავებულნი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.