რუბრიკა "რეიტინგის" სტუმრები ამჯერად ავტოექსპერტები არიან, რომლებსაც საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების ათეული შევადგენინეთ. ალბათ, ნებისმიერ ქართველს სურს, "ფერარი" ჰყავდეს, თუმცა რეალობა სხვაგვარია - ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი მოთხოვნილება სხვადასხვა ბრენდების ძველ მოდელებზეა, რომელთა ფასი 3-6 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
OPEL
პირველ პოზიციაზე ექსპერტების აზრით, OPEL-ია. რომელიც საქართველოს გზებს კარგად "მოერგო" - მარკის პოპულარობა კი ავტომობილის სიიაფემ განაპირობა. ამასთანავე, ექსპლუატაციისას OPEL VECTRA საწვავის მხრივ ნაკლებ პრეტენზიულია. იდეალურად მუშაობს ბუნებრივ აირზეც. მასთან ერთად ყველაზე პოპულარულია OPEL ASTRA.
MERCEDES C-klasse
OPEL-ის შემდეგ საქართველოში ყველაზე გავრცელებული მოდელი MERCEDES-ია, განსაკუთრებით ძველი მოდელის C-klasse. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული კლასის MERCEDES-ი ხელმისაწვდომი, გამძლე და პრაქტიკულია. "ხელოსნებმა იოლად აუღეს ალღო ამ ავტომობილებს. ამ მანქანას ერთგულ მეუღლეს ეძახიან. თუ დროულად შეუცვლი ზეთს, მოუვლი, მისი გაფუჭება შეუძლებელია", - აცხადებენ სპეციალისტები.
VOLKSWAGEN
VOLKSWAGEN GOLF-ი "ძალიან გამძლე და ხარისხიანი მანქანაა, ჩვენი პირობებისთვის ერთობ მისაღები და იაფი შესანახია. გამორჩეულად გამძლეა და ადვილად მოსავლელი. ამ მოდელთან ერთად საქართველოში "პასატიც" უყვართ.
BMW
"საქართველოში ახალგაზრდები BMW-ზე (განსაკუთრებით მეხუთე სერიაზე) არიან შეყვარებული. თუ გინდა ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და მანქანის მართვამ სიამოვნება მოგანიჭოს, ამისთვის იდეალურია BMW. "ავტომატიკას" "მექანიკა" ნამდვილად სჯობს".
FORD
"საქართველოში ამ მარკის შემდეგმა მოდელებმა გაამართლა - Ford Sierra ; FORD TRANSIT. თუმცა, ზოგიერთი ავტომოყვარული მიიჩნევს, რომ ძვირი შესანახია და ადვილად ფუჭდება. მიუხედავად ამისა, მას საქართველოში მაინც ბევრი მომხმარებელი ჰყავს".
VOLVO
"VOLVO საქართველოში უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ სავალი ნაწილი სუსტი აქვს და არც გადამცემთა კოლოფი უვარგა. თუმცა მას აქვს სხვა ისეთი პლუსები, რომლითაც ავტომოყვარულების გულებს იპყრობს".
NISSAN
"გამძლე მანქანაა, ელექტროობაზე პრობლემა არ აქვს. თუმცა პრეტენზიულია საწვავის ხარისხის მიმართ. უმაღლესი ხარისხის ბენზინი სჭირდება. გადამცემთა კოლოფი უპრობლემოდ მუშაობს. NISSAN MARCH-ი ქალაქში დაახლოებით 7 ლიტრ საწვავს მოიხმარს".
HONDA
"ძალიან კარგი და საკმაოდ გამძლე იაპონური მოდელია. ელექტრო ჰიდრავლიკა აქვს და ამიტომ საჭის გადატანა სარისკოა. საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია HONDA FIT-ი.
MITSUBISHI
"გამძლე მანქანაა, ზეთი დროულად, წელიწადში ორჯერ უნდა შეუცვალო. ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული პოპულარობით MITSUBISHI IO სარგებლობს".
AUDI
"AUDI კომფორტული მანქანაა. ბევრი მისი მოდელი 4X4-ზეა. წვიმიან და თოვლიან ამინდში სტაბილურად დადის. ქალაქში 15-16 ლიტრ საწვავს მოიხმარს. განსაკუთრებით პოპულარულია AUDI A4", - აღნიშნავენ ექსპერტები.
მოამზადა მარი მგელაძემ
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)