22 წლის რუსუდან ქევხიშვილი იაპონიაში, კიოტოს უნივერსიტეტში სწავლობს. იქ სწავლის გასაგრძელებლად ისე წავიდა, რომ არც იაპონური ენა იცოდა და არც სხვა რამ ამ ქვეყნის შესახებ... მაშინაც კი, როცა იაპონიას ცუნამი დაატყდა თავს, რუსუდანს სწავლა არ შეუწყვეტია...
იაპონიაზე, მის მიერ განვლილ გზაზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე თავად გვიამბობს:
- თბილისის 51-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. მეათე კლასში ვიყავი, "ფლექსის ტურით" (გაცვლითი პროგრამა) ერთი წლით, სასწავლებლად ამერიკაში რომ გავემგზავრე. ერთ-ერთ პატარა ქალაქ გორდოში ვცხოვრობდი. იქიდან რომ დავბრუნდი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ("გაუ"), ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსი რომ დავხურე, საბუთები "იაპონიის პროგრამაზე" შევიტანე, რომლის ფარგლებშიც იაპონია მთლიანად აფინანსებდა სტუდენტის ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს. მოკლედ, კონკურსში გავიმარჯვე და სწავლის იაპონიაში გაგრძელების შანსი მომეცა... გვითხრეს, რომ პირველი წელი მოსამზადებელი იქნებოდა, რადგანაც თავიდან იაპონური ენა მინიმალურად მაინც უნდა შეგვესწავლა, შემდგომ ჩაგვებარებინა გამოცდა და თუ წარმატებით გადავლახავდით იმ ტურს, იაპონიის უნივერსიტეტში მოვხვდებოდით. ბაკალავრიატის კურსი ოთხ წელიწადში სრულდებოდა.
- ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?
- მეც და ჩემს ოჯახსაც ერთი რამის გვეშინოდა: შესაძლებელი იყო, ერთ წელში ვერ დამეძლია ენის ბარიერი, ვერ ჩამებარებინა გამოცდები და საქართველოში, უკან დავბრუნებულიყავი. აქ კი, უნივერსიტეტიდან საბუთები მაგ პერიოდისთვის გამოტანილი მექნებოდა და საერთოდ ჰაერში არ დავრჩენილიყავი. დედაჩემს უნდოდა კარგი განათლება მიმეღო და იაპონიაში წასვლასთან დაკავშირებით ოჯახიდან დიდი ხელშეწყობა მქონდა.
- იაპონიაში ჩასვლის შემდეგ, რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდა?
- იაპონიაში პირველად აპრილში ჩავედი. გაზაფხულზე იქ ყველაფერი ყვავის, საოცარი სილამაზეა. ენის შესწავლა ძალიან გამიჭირდა. თავიდან იზოლირებული ვიყავი, არაფერი მესმოდა. ერთი წელი ტოკიოში ვცხოვრობდი. ჩემთვის მეტროთიც კი რთული იყო გადაადგილება, რადგან სად რა ეწერა, ვერ ვხვდებოდი. ამიტომ, უცხოელები სულ ჯგუფურად დავდიოდით, რომ არ დავკარგულიყავით. საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი. საერთო საცხოვრებელშიც, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად ვცხოვრობდი. ერთმანეთს იაპონური ენის სწავლაში ვეჯიბრებოდით, რადგანაც, როგორც გითხარით, ამაზე იყო დამოკიდებული, ვინ, სად, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას. საქართველოს ნოსტალგია თავიდან მძაფრად მქონდა... იქაური ცხოვრების წესებთან შეგუებაც გამიჭირდა.
- მოკლედ, მოახერხე და ერთ წელიწადში იაპონურ უნივერსიტეტში ჩააბარე...
- ენას ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტში გახსნილ ცენტრში ვსწავლობდით. ის კურსი უცხოელებზე იყო გათვლილი. მასწავლებლები ცდილობდნენ, ენა გვესწავლა. მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე იაპონურსა და მათემატიკას გვასწავლიდნენ... ერთი წლის შემდგომ, კიოტოს უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და საცხოვრებლადაც კიოტოში გადავედი... ახლა უკვე მესამე კურსი დავხურე... იაპონურიც კარგად ვისწავლე, მაგრამ არის კიდევ რაღაცები, რაც მინდა, რომ კიდევ დავხვეწო და განვავითარო.
- რით განსხვავდება ჩვენი სწავლების სტილი იაპონურისგან?
- სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ჩვენთან სავალდებულო საგნები არ არსებობს. ამიტომ, რაც მაინტერესებდა, იმ საგნებს კარგად დავეუფლე, მაგალითად, მათემატიკას. მათთვის, ვისაც სწავლა უნდა, კარგი სიტუაციაა... საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებს შორის თბილი დამოკიდებულებაა. ჯგუფელები გელაპარაკებიან, მათთან მეგობრობ. აქ კი ყველა თავისთვის არის. ისე გავა წელი, შეიძლება, არავინ გამოგელაპარაკოს. იაპონელები უნივერსიტეტის სხვადასხვა კლუბში ეწერებიან, რომ ერთმანეთი გაიცნონ და დამეგობრდნენ. გამიმართლა, რომ საერთო საცხოვრებელში მოვხვდი, სადაც იაპონელებთან ერთად, უცხოელებიც ცხოვრობენ და მეგობრებიც იქ გავიჩინე.
- შენ რომელ კლუბში გაწევრდი?
- არის ასეთი ორგანიზაცია - "აისეკი", რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ. ამ ორგანიზაციის საშუალებით უცხოელებთან და იაპონელებთან დავმეგობრდი. ზოგ იაპონელს არ უნდა, უცხოელებთან მეგობრობდეს. მაგალითად, მოხუცს რომ გამოელაპარაკო, მისამართი ჰკითხო, უცხოელი რომ ხარ, შეიძლება შეეშინდეს და არ გიპასუხოს. არიან ისეთებიც, რომლებსაც პირიქით, უნდათ, რომ დაგიმეგობრდნენ, გელაპარაკონ და ინგლისურში ივარჯიშონ. იმ კლუბში კარგი ხალხი იყო შეკრებილი. ერთ იაპონელ გოგოსთან ძალიან დავმეგობრდი...
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ, რითი ერთობი?
- საერთო საცხოვრებელში ასეთი წესი იყო, კვირის ბოლოს, სადილი უნდა გაგვეკეთებინა და ყველას ერთად გვეჭამა. სავალდებულო იყო ასევე, მოგვეწყო ცეკვის საღამო, სადაც ყველა ერთად გავერთობოდით. ბოლო დროს ცეკვაზე დავიწყე სიარული, რომელიც რაღაცით ტანვარჯიშს წააგავს. დროის უმეტეს ნაწილს, მაინც სწავლას ვუთმობ.
- საცხოვრებელ ხარჯებსაც იაპონიის მთავრობა გინაზღაურებს?
- თავიდანვე გვითხრეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ ჩავაბარებდი, მთავრობა სწავლის საფასურს დაგვიფინანსებდა. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში, სულ მაქვს სტიპენდია, რომელიც დაახლოებით 1.200 დოლარს შეადგენს. ეს თანხა აქ საცხოვრებლად არაფერია. თუმცა უნდა ვიმყოფინო, ბინის ქირის გადასახდელად და კვებისთვის.
- სწავლის პარალელურად რომ გემუშავა, ამაზე არ გიფიქრია?
- ერთი წელია, რაც კვირაში ერთხელ, იაპონურ ოჯახში დავდივარ და პატარა ბავშვებს ინგლისურის სწავლაში ვეხმარები, რაშიც ფულს მიხდიან. ისე კი, აქ ისეა საქმე, რომ ან უნდა ისწავლო, ან - იმუშაო... ცხოვრება იაპონიაში ძვირი ჯდება, ოღონდ, ხელფასები ძალიან მაღალი აქვთ და იქ მდიდარი და ღარიბი ხალხი თითქმის არ არსებობს. ყველა საშუალო მცხოვრებია, რაც ძალიან მომწონს. უზომოდ ბევრს მუშაობენ. ზოგს მხოლოდ სამი-ოთხი საათი სძინავს. ერთი ჩვევაც აქვთ: კომპანია სამსახურში თუ აგიყვანს, სამუდამოდ გამუშავებს და არ გაგათავისუფლებს.
- ყველაზე მეტად იაპონიაში რამ მოახდიანა შენზე შთაბეჭდილება?
- ულამაზესი ბუნებაა. ჰოკაიტომ (კუნძული ჩრდილოეთში), ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იაპონელები რასაც აკეთებენ, ყველაფერს გემოვნებით ქმნიან.
- მოგწონს იაპონური სამზარეულო?
- ძირითადად ბრინჯითა და თევზით იკვებებიან. თავიდან ამასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ პური მინდებოდა. ყოველდღე ბრინჯს ჭამენ, - ყველანაირ კერძს ბრინჯით ამზადებენ. თავიდან მაკდონალდსში ვსადილობდი. მერე შევეჩვიე და ახლა მეც ბრინჯს მივირთმევ. აქ ერთი ინდური რესტორანია, სადაც ისეთი პური აქვთ, რომელიც ქართულს ძალიან ჰგავს და ამიტომ ხშირად ვსტუმრობდი მას... საერთაშორისო კერძების დღე რომ გვქონდა, საერთო საცხოვრებელში ერთხელაც ხინკალი გავაკეთე, ძალიან ცუდი გამომივიდა. კიდევ კარგი, არ იცოდნენ, სინამდვილეში როგორია ნამდვილი ხინკალი (იცინის). ისე, ქართულ კერძებსაც ვამზადებ ხოლმე.
- იმ იაპონელებმა, რომლებთანაც ურთიერთობ, რა იციან ჩვენი ქვეყნის შესახებ?
- უმეტესობამ ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იცის. ამიტომ, სულ ვუყვები. ქართველ სუმოისტებს აქ კარგად იცნობენ და თუ მათ უხსენებ, მაშინ ხვდებიან, საიდან ვარ... იაპონიაში საერთოდ, ცოტა ქართველი ცხოვრობს. ორ გოგონას ვიცნობ, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ოღონდ, სხვა ქალაქში არიან და ამიტომ მათ ხშირად ვერ ვნახულობ. კიდევ არის ერთი ქალბატონი, რომელიც ცოლად იაპონელს გაჰყვა. ის კაცი ტოკიოს უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლის. ერთხელ მის ლექციასაც დავესწარი. ქართულად ძალიან თავისუფლად ლაპარაკობს.
- ცუნამის დროს იაპონიაში იყავი. საქართველოს მთავრობამ იქ მყოფი რამდენიმე სტუდენტი ჩამოიყვანა. შენ რატომ არ ჩამოხვედი?
- გამიმართლა, რადგან კიოტოში ვიყავი. სამი წელია, აქ ვცხოვრობ და მიწისძვრა საერთოდ არ ყოფილა. ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც სლოვაკეთიდანაა, სენდაიში ცხოვრობს. ცუნამის დროს ჩემთან დასასვენებლად რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. სენდაიში ყველაფერი განადგურდა, საბედნიეროდ ჩემი მეგობარი გადარჩა, რადგან ჩემთან იყო...
- ერთ წელიწადში უნივერსიტეტს ამთავრებ. რა გეგმები გაქვს?
- მუშაობის დაწყება არ მინდა, რადგან როგორც გითხარით, აქ ძალიან ბევრს მუშაობენ და ეს ცოტა არ იყოს, მაშინებს, რადგანაც მინდა, სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძო. სტიპენდია კი მიმთავრდება, მაგრამ თუ უნივერსიტეტში კარგი ნიშნები მექნება, სტიპენდიის გაგრძელებაც შეიძლება. მოკლედ, სამაგისტრო გამოცდებისთვის ვემზადები.
- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
- თუ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა, ორი წელი კიდევ ვერ დავბრუნდები. დასასვენებლად, რა თქმა უნდა, ჩამოვალ. სამუდამოდ დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. არ მინდა, ამდენი წლის წვალება წყალში ჩამეყაროს. სამსახურის პერსპექტივა არ ვიცი, საქართველოში მაქვს თუ არა, ამიტომ ყველაფერს აქ ვერ დავტოვებ და ვერ ჩამოვალ. სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოსა და იაპონიის რაიმე ერთობლივ ფირმაში, მაგრამ ასეთი რამ როგორც ვიცი, არ არსებობს.
- პირად ცხოვრებაზეც მომიყევი. როგორები არიან იაპონელი ბიჭები?
- მიჩვევა უნდა. თავიდან რომ ჩამოვედი, ძალიან ულამაზოები მომეჩვენნენ. ახლა იაპონელი ბიჭი შეიძლება უფრო მომეწონოს, ვიდრე სხვა ქვეყნის შვილი. შეყვარებული არ მყავს. სულ ვიმიზეზებ ხოლმე, რომ უნდა ვისწავლო და ჯერ არ მცალია-მეთქი. ვნახოთ, რა იქნება. იაპონელები უცხოელებზე იშვიათად ქორწინდებიან (იღიმის).
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)