აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა საკუთარი ხელფასიდან 5%-ს ისევ უკან, სახელმწიფო ხაზინაში დააბრუნებს. პრეზიდენტი ამ ჟესტით გამოხატავს სოლიდარობას იმ ამერიკელების მიმართ, ვინც ბიუჯეტის სეკვესტრის გამო, იძულებული გახდნენ უხელფასო შვებულებაში გასულიყვნენ.
როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა გააკეთა.
"პრეზიდენტი ობამა საჯარო მოხელეების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც სეკვესტრის გამო უხელფასო შვებულებაში არიან, ხელფასის 5%-ს ხაზინაში დააბრუნებს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამგვარად, პრეზიდენტი ხელფასიდან, რომელიც ყოველთვიურად 400 ათასი დოლარით განისაზღვრება, წლიურად 20 ათას დოლარს სახელმწიფო ხაზინაში დააბრუნებს.
გარდა ხელფასისა, აშშ-ის პირველი პირი 100 ათას დოლარს იღებს სამოგზაურო ხარჯებისთვის. 2011 წელს ბარაქ და მიშელ ობამების ერთიანი შემოსავალი 789,674 დოლარი იყო, თუმცა 172 130 დოლარი აშშ-ის პრეზიდენტმა ქველმოქმედებისთვის გაიღო.
როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია სურვილით, სხვებთან ერთად გაიზიაროს ის ხვედრი, რაც ამერიკელ საჯარო მოხელეებს ერგოთ ბიუჯეტის სეკვესტრის შედეგად.
თეთრი სახლი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხის უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვეს თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა და მისმა მოადგილემ ეშტონ კარტერმა.
თუმცა, თეთრ სახლში არაფერი უთქვამთ, დააბრუნებს თუ არა უკან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გარკვეულ ნაწილს თავისი ხელფასიდან, რომელიც 230 ათას დოლარს შეადგენს.
ბარაქ ობამამ ბიუჯეტის სეკვესტრს ხელი მარტში მოაწერა. მიღებული კანონის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ის ხარჯები 1,2 ტრილიონი დოლარით უნდა შეიკვეცოს. ამასთან, 2013 წლის ბოლოსთვის აშშ-ის ბიუჯეტის გასავალი 85 მილიონი დოლარით უნდა შემცირდეს.
მომზადებულია nytimes-ის მიხედვით.