1991-92 წლებში საქართველო უნიკალური ფინანსური აფერის მომსწრე გახდა, რომლის წყალობითაც მოსახლეობის მთელი დანაზოგი ერთი მუჭა ხალხის ხელში აღმოჩნდა. 1992 წლის ივნისში ედუარდ შევარდნაძემ ტელევიზიითა და პრესით მოუწოდა მოსახლეობას სახელმწიფო შემნახველ ბანკებში ანაბრებზე შეეტანათ თანხები, რომლებსაც ერთი წლის შემდეგ გაორმაგებულად დაიბრუნებდნენ და... შემნახველ სალაროებთან რიგი დადგა. 1993 წლის აგვისტოში კი საქართველო სამანეთო ზონიდან გამოვიდა, ხელისუფლებამ კუპონი შემოიღო და ქვეყანაში ჰიპერინფლაცია დაიწყო, რასაც უამრავი ადამიანის გაღატაკება მოჰყვა. ამიტომ, ახლახან გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს ქმნის, 1990-იან წლებში დაზარალებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ გაუღვიძა იმედი. ორგანიზაციამ კვლევისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება უკვე დაიწყო. ამ ბევრისათვის მტკივნეულ საკითხზე "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გვესაუბრება:
- თითქმის ოცი წელი გავიდა, რაც ქვეყანაში განვითარებული ჰიპერინფლაციის გამო მოსახლეობა დანაზოგების გარეშე დარჩა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა ქონება, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა. სამწუხაროდ, ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, დღემდე არ ჩატარებულა ობიექტური გამოძიება, რომელიც გაარკვევდა, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ან რატომ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირში ლამის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იქცა ყველაზე ღარიბ ქვეყნად, როგორც კი დამოუკიდებლობა მოიპოვა? ამ კითხვებზე დღეს პასუხი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავატაროთ კვლევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავტორიტეტული ექსპერტები, სპეციალისტები, ეს კვლევა უფრო საფუძვლიანი და სისტემური რომ იყოს. გარდა ამისა, მოსახლეობასაც ვთხოვთ, რომ მოგვაწვდინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და მონაწილეობა მიიღოს ჩვენს კვლევაში, პასუხი რომ გაეცეს კითხვას - რა მოხდა 1990-იან წლებში, სად გაქრა და რატომ გაუფასურდა მოსახლეობის დანაზოგები.
- და მაინც, რა მოხდა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ 20 წლის წინ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკდა?
- იმაზე, რაც მოხდა, უპირველესად, პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს, რადგან ეროვნული ბანკი არის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, პასუხისმგებელია იმაზე, რომ 1990-იანი წლების საქართველოში უსამართლობამ იზეიმა და მოსახლეობა გაღატაკდა. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა აშკარად იკვეთება, დანარჩენი კი, რა როგორ მოხდა, ეროვნულმა ბანკმა მიზანმიმართულად გაატარა პოლიტიკა, რომელსაც ასეთი მძიმე შედეგები მოჰყვა, თუ ეს დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო, ამის გარკვევა რომ გვინდა, იმიტომაც ვატარებთ კვლევას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში - იყო ეს დაუდევრობა თუ წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული ქმედება, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა აშკარა და უდავოა. უნდა გავიხსენოთ ეროვნული ბანკის იმდროინდელი ხელმძღვანელი დემურ დვალიშვილიც, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილია: ოფიციალური ვერსიით, 1994 წელს მან თავი მოიკლა, თუმცა მისი სიკვდილი საიდუმლოებით არის მოცული - პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებულმა დვალიშვილმა მოსაწევად გასვლა მოითხოვა და თავი მოიკლა. გაუგებარია, საიდან აღმოაჩნდა დაკითხვაზე მისულ კაცს ცეცხლსასროლი იარაღი, ან მოსაწევად გასვლა რას ნიშნავდა, იყო კი ეს თვითმკვლელობა? - ამაზე მე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თვითმკვლელობის ვერსია, რომელიც ოფიციალურად იყო გამოცხადებული, დღემდე ეჭვს იწვევს. ჩვენს საზოგადოებას დღემდე აქვს კითხვები ამ ფაქტის გამოც.
- ბატონო ნოდარ, თქვენ გამოაქვეყნეთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც ეროვნული ბანკისაგან 1991-1993 წლებში ასეულობით მილიარდის ოდენობის კრედიტი აქვთ აღებული. რა წვლილი შეიტანეს ამ ორგანიზაციებმა ანაბრების გაუფასურებაში?
- დიახ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოკლე ნუსხა იმ ორგანიზაციებისა, რომლებზეც ეროვნულმა ბანკმა ძალიან დიდი რაოდენობის კრედიტები გასცა. ვრცელ სიაში 500-ზე მეტი კომპანია შედის. სამწუხაროდ, სრული სია ჯერჯერობით არა გვაქვს, თუმცა ეროვნულ ბანკს წერილით მივმართეთ და ველოდებით პასუხს. ახლა რაც შეეხება საკითხს, რა ბრალი შეიძლება მიუძღოდეთ მათ - ფაქტია, რომ 1992-1993 წლებში იმ კომპანიებზე, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გაცემულ იქნა 854 მილიარდი მანეთი და კუპონი საკრედიტო რესურსებით, ანუ ეროვნულმა ბანკმა კოლოსალური ოდენობის თანხა გასცა ამ 500 კომპანიაზე, რომლებმაც უზარმაზარი მოგება ნახეს, თანაც, ეს სესხები არ იყო უზრუნველყოფილი, მის უკან რეალური ეკონომიკა არ იდგა და აშკარა იყო, რომ ეს პროცესი არნახულ ინფლაციას და ჰიპერინფლაციას გამოიწვევდა. საბოლოო ჯამში, მართლაც ასე მოხდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკებში ანაბრები ჰქონდათ შეტანილი, ხელში ფული კი არა, გაუფასურებული ვალუტა შერჩათ.
რატომ მოხდა ასეთი რამ საქართველოში და რატომ არ მოხდა სხვა ქვეყნებში? - ამის მიზეზი არასწორი პოლიტიკაა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა ქვეყნის იმჟამინდელი პირველი პირების მიერ. ერთი ადამიანი უძლური იყო, ქვეყანაში ამ დონის ინფლაცია გამოეწვია, ინფლაცია კი მოსახლეობის ძარცვის ცივილიზებული მეთოდია. ამ გზით ყოველგვარი დაყაჩაღებისა და ძალადობის გარეშე შეიძლება ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება.
- დაახლოებით რა ოდენობის თანხა "შეიჭამა" და თუ არის იმედი, რომ ის ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდება მფლობელებს?
- გაუფასურდა 13 მილიარდი მანეთის ოდენობის ანაბრები და ეს იმჟამინდელი კურსით დაახლოებით 8 მილიარდი დოლარია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს 8 მილიარდი დოლარი ავტომატურად უნდა გადმოვიტანოთ დღევანდელ რეალობაში, საჭიროა ამ თანხის ინდექსაცია, ფასების დონის ცვლილების გათვალისწინება, რაც უდავოდ რთული საქმეა და ამაში კვალიფიციური ეკონომისტების მონაწილეობა აუცილებელია. ანაბრების დაბრუნებას რაც შეეხება - ეს პროცესი რომ დამთხვეოდა პრივატიზაციის პროცესს, ანაბრების დაბრუნება შეიძლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით და პრობლემა მოგვარებული იქნებოდა. ახლა კი საკმაოდ რთულია ამ ხალხის უზრუნველყოფა რამე რესურსით, რადგან პრივატიზაცია უკვე დასრულებულია. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა იყოს გამოძიება, რომელიც გამოაქვეყნებს დასკვნას, რა მოხდა რეალურად, ვინ არის პასუხისმგებელი და სად წავიდა ეს თანხა. კომპენსაციის საკითხი, ანუ რამდენი დაბრუნდება და როგორ - ეს უკვე მეორე ეტაპია. ეს საკითხი ხშირად გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, ანაბრების დაბრუნებაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ დღემდე ოფიციალური საგამოძიებო უწყებების მიერ ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ ვცდილობთ, კიდევ ერთხელ წამოვწიოთ ეს საკითხი, დავაინტერესოთ ყველა - რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, სამთავრობო სტრუქტურებით დამთავრებული, აგრეთვე, ექსპერტები. ვაპირებთ მსჯელობას ხელისუფლებასთან. რამდენიმე თვეში დავასრულებთ გამოძიებას და ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება ჩვენს დასკვნებს. თუმცა, ეს იქნება საკმაოდ მასშტაბური კვლევა, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ და იმედი გვაქვს, დავაინტერესებთ საგამოძიებო ორგანოებსაც. პრობლემა ურთულესია და ძალიან ძნელია მისი გადაჭრის გზებზე ლაპარაკი. ჩვენ ვსწავლობთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში და ვიცით, რომ ის არც მეზობელ ქვეყნებშია მოგვარებული, მათ შორის, რუსეთშიც. ვსწავლობთ ამ ქვეყნების გამოცდილებას და ვეძებთ გზებს, როგორ შეიძლება დაუბრუნდეს დაზარალებულ ხალხს დაკარგული თანხა. აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც დგება, რადგან სავარაუდოდ 1990-იან წლებში მოხდა კორუფციული გარიგება სახელმწიფოს პირველ პირებსა და იმ კომპანიების ხელმძღვანლებს შორის, რომლებმაც აიღეს მილიარდობით კრედიტები, გადაიყვანეს მყარ ვალუტაში და უკან ფარატინა ქაღალდი დააბრუნეს. თუმცა შეიძლება რომელიმე მათგანი ამ სიაში შემთხვევით მოხვდა და კრიმინალური მიზნები არ ჰქონია. ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, ყველაფრის თავი და თავი ქვეყნის პირველი პირები იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ცნობისათვის
გთავაზობთ იმ კომპანიების არასრულ სიას, რომლებსაც ეროვნული ბანკისაგან 1991-1993 წლებში ასეულობით მილიარდის მოცულობის კრედიტი აქვთ მიღებული: "კავკასიონი", "ოპიზარი", "საქართველო", "თამარიონი", "მეტეხი", "ნარიყალა", "თბილისი", "არაგვიბიზნესბანკი", "იბერიაბანკი", "ცეკავშირი", "დრო", "გორა", "ჭიათურა", "ენერგობანკი", "რესპუბლიკა", "ავტობანკი", "პროგრესბანკი", "მაგისტრალბანკი", "იმედი", "კერძო ბანკი", "აღმაშენებელი", "არგობანკი", "გურიტი", "დიდუბე", "ბაგრატიონი", "დელტა 2", "ნუგეში", "მედეა", "კრიდიკა", "თბს-ბანკი", "თმს - 21-ე საუკუნე", "მუზა", "ელიტა", "ცხინვალი", "ორბი", "ფენიქსი", "არმაზი", "საქსოცბანკი", "ტრანსბანკი", "ბანკი ლარი", "თბილუნივერსალბანკი", "კავკასიის ბანკი", "აღორძინება", "კაპიტალბანკი", "კონტინენტალბანკი", "რუბიკონი", "შალენი", "კრედიტი", "ამირანი", "სამეფო ბანკი", "ბანიბანკი", "ქუთაისბანკი", "ენგური", "ეგრისი", "სიონი", "თბილკომბანკი", "დივიდენდი", "კობა", "გეიკო", "მერკური", "ჯვარი", "მშენებელი", "ვესტა", "იბერთბანკი", "კენტავრი", "პირამიდა", "გრემი", "ევრაზია", "ოქროს საწმისი", "ბახტრიონი", "ქველი", "დელისი", "ლუპარა", "ქინძმარაული", "კოლხა", "ბათუმი", "კოლხიდა", "მარჩილი", "კიდობანი", "გეა", "ელვა", "თეთრი", "პონტო პოლისი".
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)