სამართალდამცველები 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერის დასაკითხად მერიაში არ მივლენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები უმცირესობის წევრთა დასაკითხად არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ოფისშიც მისვლას აპირებენ. "მისვლას არ ვაპირებთ, მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ, დაემორჩილონ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - აღნიშნა გიორგობიანმა.
თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებული არიან გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. კობა ხაბაზი დაკითხვაზე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, გიგი უგულავა კი სამართალდამცველებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში ელოდება. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოძიების შეკითხვებს პარტიის ცენტრალურ ოფისში უპასუხონ.