საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება განხილული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველა საკითხს განიხილავენ. ალბათ განხილული იქნება საარჩევნო პროცესიც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის გარკვეულ დეტალებზე გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე მოილაპარაკეს. "ეს კომუნიკაცია შეხვედრის მერეც გაგრძელდა და შეხვედრაც დაითქვა", - განაცხადა სუბარმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გაიმართება.
სავარაუდოდ, შეხვედრას სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. "ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქარძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის შეკრებილი არიან ჟურნალისტები და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში 10:30 საათისთვის დაიბარეს, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეოგადაღება დაიშვება. გაკეთდება თუ არა კომენტარები მედიისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯერ უცნობია.