მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონი, 21 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
გამარჯვებულმა შერკინების დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს.
“მოვიპოვე ევროპის თასი მსოფლიო ჩემპიონატში 21 წლის ასაკში და ძალიან სასიხარულოა. მოვიკითხავ აქედან ქართველებს და ყველას მადლობას გადავუხდი, ვინც ჩემს მომზადებაში შეიტანა წვლილი.
როდესაც ფინალში რუსი მოწინააღმდეგეა, ქართველებისთვის ეს არის ათმაგი მოტივაცია და ჩემს თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ რუსთან დავმარცხებულიყავი.
ერთმანეთს ვეუხეშეთ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი გათვლა იყო ჩემი მხრიდან და საბედნიეროდ ჩემი გამარჯვებით დასრულდა,“ - განაცხადა გიორგი სარდალაშვილმა.
სარდალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - ფინალამდე მარტონ ანდრასი (უნგრეთი), აშიკ ანდრეიანი (სომხეთი) და ფრანცისკო გარიგო (ესპანეთი) დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელ აიუბ ბლიევს დამატებით დროში იუკოთი სძლია. გიორგი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.
ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ მოიპოვა, რომელმაც ანდრეიანი დაამარცხა.