საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბეირუს ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის კერძო კათოლიკურ სკოლაში სასტიკად სცემეს.
53 წლის ელენ პერლანმა Paris Match-ს უთხრა, რომ Notre-Dame de Bétharram-ის (კერძო კათოლიკურ სკოლა) მაღალჩინოსანმა მღვდელმა 1980-იან წლების საზაფხულო ბანაკში, თანატოლების წინაშე სცემა. მაშინ ის 14 წლის იყო, მაგრამ ელენმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მამისთვის არასდროს მოუყოლია.
ყოფილი განათლების მინისტრის 3 შვილი სწორედ ამ სკოლაში დადიოდა, ხოლო მისი მეუღლე კატეხიზმოს ასწავლიდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა.
პერლანის ისტორია გადარჩენილებზე დაწერილი წიგნის ნაწილია, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება. ის ამბობს: "ერთ ღამეს, როდესაც ჩვენს საძილე ტომრებს ვშლიდით, მამა ლარტიგუეტმა უცებ თმაში ჩამავლო ხელი, იატაკზე რამდენიმე მეტრი მათრია, შემდეგ მუშტებითა და წიხლებით მცემა ყველგან, განსაკუთრებით მუცელში.."
მან დაამატა: "ბეტარამი ორგანიზებული იყო, როგორც სექტა ან ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასწავლებლებზე, რათა ისინი ჩუმად ყოფილიყვნენ."
ჯამში, 2003 წლის თებერვლიდან 200 სამართლებრივი საჩივარია შეტანილი, რომელიც ბეტარამის მღვდლებსა და თანამშრომლებს 1957-დან 2004 წლამდე ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საჩივრებიდან 90 სექსუალურ ძალადობას ეხება, მათ შორის ერთი - ორი მღვდლის მიერ ჯგუფურ გაუპატიურებას ამტკიცებს.
მემარცხენე კანონმდებლებმა თებერვალში პარლამენტში განაცხადეს, რომ ბეირუ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული გავრცელებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, როდესაც ის განათლების მინისტრი იყო და ასევე, ადგილობრივ პოლიტიკოსად მსახურობდა.
ბეირუმ პარლამენტში განაცხადა: "მე არასოდეს ვყოფილვარ ინფორმირებული რაიმეს შესახებ, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობასთან." მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხალხი მის წინააღმდეგ "ხელოვნურ შეთქმულებას" ამზადებდა.
ბეირუს საპარლამენტო კომისიაში 14 მაისს დაკითხავენ.