ისრაელში პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა, რომელიც, შედეგის მიუხედავად, უკვე შევიდა ისტორიაში: შინაგანი უსაფრთხოების საერთო სამსახურის („შაბაქის“) ხელმძღვანელი რონენ ბარი სასამართლოში ჩვენებას აძლევს ქვეყნის პრემიე რ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ.
ამ კვირაში რონენ ბარმა ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ მისგან "პირად ლოიალობას" და მისდამი დამორჩილებას მოითხოვდა და არა უზენაესი სასამართლოსადმი კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაში.
ბარის მტკიცებით, ის გაათავისუფლეს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას არ დათანხმდა, ხოლო მთავრობა ამას მალავს და სხვა მიზეზს, "ნდობის დაკარგვას", ასახელებს.
ისრაელის პრესა და ექსპერტები სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ბრალდებებს ნეთანიაჰუს მიმართ "მძიმედ" აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მათ წონას ის ფაქტი მატებს, რომ ისინი ფიცით არის წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რონენ ბარს ესმის, რომ ცრუ ჩვენების შემთხვევაში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის.
რა თქვა ბარმა სასამართლოში
21 აპრილს სასამართლოში გამოსვლისას ბარმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მან ვერ გაამართლა პრემიერის "ლოიალობის მოლოდინი" იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მან, როგორც "შინ-ბეთის" ხელმძღვანელმა, ისრაელის ხელმძღვანელის სანდო პირების მიმართ გამოძიების დროს მიიღო.
კერძოდ, რონენ ბარმა უარი თქვა ნეთანიაჰუსთვის დახმარების გაწევაზე სისხლის სამართლის პროცესზე ჩვენების მიცემის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც "ყატარგეიტი" (ისრაელში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის არაოფიციალური სახელწოდება, რომელიც უკავშირდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაახლოებული პირების სავარაუდო მონაწილეობას ყატარის ინტერესების ლობირებაში.) უწოდეს.
ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ "შინ-ბეთის" ხელმძღვანელის დევნა სწორედ "ყატარგეიტთან" იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, „შინ-ბეთი“ (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტო) იძიებს ხელისუფლების შეცდომებს, რის გამოც 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე გახდა შესაძლებელი, ამასთანავე აღიარებს საკუთარი მუშაობის ხარვეზებს.
რონენ ბარის სასამართლოში გამოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სწორედ ეს ხარვეზები ამართლებს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლებას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ბარის ჩვენება "ცრუ განცხადებად" შეაფასა.
უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრს სთხოვა ოფიციალური განცხადებით ეპასუხა "შინ-ბეთის" ხელმძღვანელის განცხადებებზე, მაგრამ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ასეთი განცხადება არ გაკეთებულა.
ბარის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად გამოწვეული საშინელი პოლიტიკური შედეგების ფონზე, ნეთანიაჰუს მთავრობა ყველა შესაძლო გზით ცდილობს პასუხისმგებლობა გადააბრალოს ვინმეს, კერძოდ, სპეციალურ სამსახურებს.
კონფლიქტის ქრონოლოგია
პრემიერ-მინისტრსა და ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს შორის კონფლიქტი დახურულ კარს მიღმა ვითარდებოდა და მარტის ბოლოს გამოვიდა გარეთ, როდესაც საქმე გათავისუფლებამდე მივიდა.
ნეთანიაჰუმ ამის ოფიციალურ საფუძვლად ნდობის დაკარგვა და „ოპერატიული ჩავარდნა“ დაასახელა, რამაც მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმა გახადა შესაძლებელი.
ბარის თქმით, ნეთანიაჰუმ "შინ-ბეთი“ მარტო ცუდ მუშაობაში კი არ დაადანაშაულა, არამედ ამტკიცებდა, რომ პირადად ბარმა თითქოს წინასწარ იცოდა 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ და ამის შესახებ არავის შეატყობინა.
ამ კვირაში სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში რონენ ბარმა ეს "სიცრუედ და ცილისწამებად" შეაფასა.
"შინ-ბეთის" ხელმძღვანელის გათავისუფლებამ ისრაელში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. სამართლიანობის უმაღლეს სასამართლოში (ბაგაცი - უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ფუნქცია) მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ათობით სარჩელი შევიდა.
8 აპრილს უზენაესმა სასამართლომ რონენ ბარის გათავისუფლება საქმის მოსმენამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „გაყინა“.
სასამართლოს განჩინების თანახმად, მანამდე ბარი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, ხოლო მთავრობას არ შეუძლია მემკვიდრის დანიშვნა, მაგრამ შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს შესაძლო კანდიდატთან.
სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბარმა განაცხადა, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს თანამდებობის დატოვებას და მალე გამოაცხადებს წასვლის თარიღს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის საქმეზე, მისი თქმით, „მის პირად გარემოებებზე მნიშვნელოვანია“.