“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
როგორც პროკურორი მარი მეშველიანი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და მან კომისიაზე გამოცხადებაზე უარი შეგნებულად, მიზანმიმართულად განაცხადა.
მეშველიანის თქმით, ვაშაძის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული გულგრილია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. ამასთან, როგორც მეშველიანი აღნიშნავდა, ვაშაძეს კავშირები აქვს საზღვარგარეთ და ის საქართველოს საზღვარს ხშირად კვეთს.
სხდომაზე გიორგი ვაშაძემ სიტყვით მიმართა საქმის მოსამართლეს:
„მთავარი კითხვაა, რატომ ვართ აქ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძვით, მე ვიბრძვი, ჩემი თანაგუნდელები იბრძვიან, რისთვის ვიბრძვით? ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ, რომ თქვენი კოლეგა მოსამართლეები სტუდენტებს ციხეში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ პროტესტს გამოხატავენ.
ის, თუ რატომ ვარ აქ, ზუსტად იმის ნაწილია, იმ ბრალდების ნაწილი. ბრალს იცით რაში მდებთ? სამშობლო რომ მიყვარს, იმ სტუდენტებს, მსახიობებს, სამშობლო უყვართ, რომლებიც ციხეში ჩასვეს.
მარტივი ტესტი ავიღოთ, ასივე პროცენტით დააკმაყოფილებთ თუ არა პროკურატურის მოთხოვნას. როგორ შეიძლება სასამართლო ასი პროცენტით აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს აქვს? შეძლებთ თუ არა იმას, რომ ასივე პროცენტით არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა? ქალბატონო მზია [მოსამართლე] ვერ შეძლებთ, რადგან სამწუხაროდ თქვენც, ამ მთელ პოლიტიკურ პროცესში გამოყენებული ხართ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. მოსამართლეები ისეთ დღეში ჩაგაგდეს, რესტორანში ბანერის ქვეშ, ხოხვით შედიხართ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? მე შემრცხვა",- განაცხადა ვაშაძემ.
მას მოსამართლემ მისი საქმის გარშემო საუბრისკენ მოუწოდა.
„ეს არის ჩემი ბრალდების ნაწილია, რატომ იყო იქ მოსამართლეების მიმართ პროტესტი? იმიტომ რომ საარჩევნო დავებზე ერთი ობიექტური გადაწყვეტილებაც სასამართლო სისტემამ ვერ თქვა. ამიტომ იყო ის ხალხი მოსული, მე თქვენს ადგილზე მრცხვენია, რომ მოსამართლეებს ადამიანების პროტესტის ფონზე მუხლზე დაჩოქილს, ხოხვით უწევს რესტორანში შესვლა, ეს სირცხვილი არ არის? თქვენ არ წარმოადგენთ ამ სასამართლო სისტემას? ჩემს საქმესთან იმ შუაშია, რომ ეს ყველაფერი საერთო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია“, - განაცხადა ვაშაძემ.