ლორენა არაუხო პინეირო წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ურბან VIII-ის მე-17 საუკუნის აკლდამის რესტავრაციას ამთავრებდა, როდესაც შენიშნა კაცი ზოლიანი პონჩოსმაგვარი სამოსით, შავი შარვლითა და ფეხსაცმლის გარეშე, რომელსაც მისკენ ეტლით მოაგორებდნენ.
"შუადღე იყო და ბაზილიკა, პრაქტიკულად, ცარიელი იყო", - იხსენებს პინეირო, - "ძლივს ვიცანი, ვინ იყო... უბრალო მომლოცველი მეგონა".
ეტლში პაპი ფრანცისკე იყო, რომელიც პინეიროსა და მისი კოლეგისთვის მადლობის გადასახდელად იყო მოსული.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც პაპმა, რომელიც თებერვალში, პნევმონიის მძიმე შეტევისას კინაღამ გარდაიცვალა, 23 მარტს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, საჯაროდ მოულოდნელად გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა სთხოვეს, 2 თვე მაინც დაესვენა. პირველ შემთხვევაში, იგი წმინდა პეტრეს მოედანზე კვირის წირვაზე გამოცხადდა. ფრანცისკე ასევე პირადად შეხვდა მეფე ჩარლზსა და დედოფალ კამილას, როდესაც ისინი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
პაპმა წმინდა კვირის ლიტურგიების ჩატარება კარდინალებს დაავალა, თუმცა ტრადიცია შეინარჩუნა და რომის რეჯინა კოელის ციხის პატიმრებს ესტუმრა. მოსალოდნელია, რომ იგი აღდგომის კვირის მესაზეც გამოჩნდება.
მაგრამ ბაზილიკაში ვიზიტი მისი სახლის, კაზა სანტა მარტას მეზობლად საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მას ტრადიციული სამოსი არ ეცვა, რამაც კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთა გააღიზიანა. თუმცა, ფრანცისკემ, რომელიც სუნთქვაში დასახმარებლად სპეციალურ აპარატს იყენებს, ორივე რესტავრატორს მადლობა ხელის ჩამორთმევით გადაუხადა.
ვატიკანის წარმომადგენელმა მომდევნო დღეს განაცხადა, რომ ეს ყველაფერი პაპის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მტკიცებულებაა. მაგრამ შესაძლოა, სხვა მოტივებიც არსებობს.
"თუ გავიხსენებთ, როდესაც პაპად აირჩიეს, ფრანცისკემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ტრადიციულ სამოსზე და კაზა სანტა მარტაში ეცხოვრა. შედეგად, მან პაპობა მეამბოხის ამპლუაში დაიწყო", - თქვა კრისტოფერ უაითმა, National Catholic Reporter-ის ვატიკანის კორესპონდენტმა, - "ახლა, 88 წლის ასაკში და სერიოზული ჰოსპიტალიზაციის შემდეგაც კი, ის კვლავ მეამბოხედ რჩება".
პაპი ფრანცისკე თავისი პაპობის განმავლობაში მუდამ არღვევდა საზღვრებს, მაგალითად, 2021 წელს ერაყში წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ურჩიეს, ეს არ გაეკეთებინა, რადგან მსოფლიოში კვლავ COVID-19 მძვინვარებდა და შესაბამისად, უსაფრთხოების რისკები მაღალი იყო.