"კაქტუსს რაც უნდა თავდაცვის ინსტინქტი ჰქონდეს, ეკლიანი იყოს და უშნოდ გამოიყურებოდეს, ყვავილობის დროს ულამაზესია. ამიტომ მისი მოვლა იმ ერთდღიანი ყვავილისთვის ნამდვილად ღირს", - ამბობს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია. ის ახლა არა პოლიტიკაზე, არამედ საყვარელ გატაცებაზე გვიყვება. მოყვარული მეყვავილეა, თუმცა მასთან საუბრისას ხვდები, რომ პროფესიონალ მემცენარეს არაფრით ჩამოუვარდება.
- ჩემს პატარაობაში სახლში დედას ბევრი ყვავილი არ ჰქონია, მხოლოდ ლურჯი ია, ჩემი დაბადებიდან მოყოლებული, შინ ფანჯრის რაფაზე გვქონდა. დედა უვლიდა, ფოთლებს მეც ვუწმენდდი, წყალს ვუსხამდი. შემდეგ სახლში ყვავილების მოვლის შესახებ წიგნი აღმოვაჩინე და დავინტერესდი... მერე ბოტანიკას რომ ვსწავლობდი, ამ საგანმა ძალიან გამიტაცა. ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს მცენარეები ძალიან უყვარდა და ქოთნის ყვავილი ბევრი გვქონდა კლასში. გვიყვებოდა, ოთახის პირობებში როგორ უნდა მოგვევლო მცენარეებისთვის.. მოკლედ, ისე დავინტერესდი, რომ ბოტანიკის ტურში, ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე.
სანამ 90-იანები დაიწყებოდა, ერთხანს მინდოდა ბოტანიკოსი გავმხდარიყავი, 90-იანებში კი პარლამენტის შენობის გვერდით პატარა ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სადაც უცხოეთიდან კაქტუსები შემოჰქონდათ, ულამაზესი ყვავილებით... ფულს ვაგროვებდი, რომ კაქტუსები მეყიდა. თვეში ერთხელ მივდიოდი და შეგროვებული ფულით თითო ჯიშის კაქტუსი მომქონდა. ასე 120 კაქტუსის ქოთანი დავაგროვე.
- გვარიანი კოლექცია შეგიქმნიათ...
- სახლში ამ ქოთნების გამო ყველას გავლა უჭირდა. კაქტუსებზე, მათი მოვლის წესებზე ლიტერატურას ვკითხულობდი... იმხანად ასეთი ცრურწმენა იყო, რასაც ბებია მახსენებდა - გასათხოვარი გოგოს სახლში კაქტუსი კარგი ნიშანი არ არის, ვერ გათხოვდებაო. არადა, 19 წლისა გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლიანი მცენარეა, თავდაცვის განსაკუთრებული ინსტინქტი აქვს. ერთი კაქტუსი მქონდა, ბუსუსოვანი, რომლის ეკლები მორწყვის დროს აქეთ-იქით იყრებოდა. მერე იმ ეკლებს პინცეტით ვიღებდი. დიდი უხასიათო ვინმე იყო, მაგრამ ულამაზესი ყვითელი ყვავილები ჰქონდა... წაიკითხეთ ვრცლად