აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო გარემოცვა ურჩევს, არ დარეკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მანამ, სანამ ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება, - ინფორმაციას NBC News-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში პუტინთან საუბარს აპირებდა. ტრამპსა და პუტინს წინა სატელეფონო საუბარი 18 მარტს ჰქონდათ.
რა ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის?
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიზნით, ვაშინგტონს ეწვეოდა.
"ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მათ შორის რუსებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. ფაქტობრივად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ“, - განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.
კირილ დმიტრიევმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.