სულ მცირე 1002 ადამიანი დაიღუპა და 2376 დაშავდა მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც პარასკევს მოხდა, იტყობინება AFP სააგენტო ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა და დაზარალებულთა რიცხვი ნანგრევების გაწმენდისას კიდევ გაიზრდება.
მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქის, მანდალაის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა BBC-ს განუცხადა,რომ "ზარალი უზარმაზარია". სამაშველო ოპერაციები ღამითაც გაგრძელდა, მრავალრიცხოვანი განმეორებითი ბიძგების მიუხედავად.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 7.7 და 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრები მიანმარში პარასკევს, 28 მარტს მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა საგაინის დასახლებიდან 16 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით, მანდალაის მახლობლად, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში (მისი მოსახლეობა 1.2 მილიონი ადამიანია).
ეს ტერიტორია მიანმარის დედაქალაქ ნეიპიიდოდან დაახლოებით 100 კმ-ში ჩრდილოეთით მდებარეობს.
"დაზარალებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ჩვენ არ გვყავს საკმარისი ექიმები და ექთნები", - განუცხადა ჟურნალისტებს დოქტორმა ჩჟო ზინმა.
მანდალაის მაშველმა ბირმულ BBC-ს განუცხადა, რომ მანდალაიში "შენობების უმეტესობა ჩამოინგრა".
"მანდალაის ხედი, როდესაც სამაშველო ოპერაცია დავიწყეთ, საშინელი იყო", - ამბობს მაშველი და აღწერს, თუ როგორ "დარბოდნენ ადამიანები ქუჩებში, ყვიროდნენ და ტიროდნენ".
"გვიწევდა ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანა. მანდალაის მთავარი საავადმყოფო თითქმის გადატვირთულია", - ამბობს ის. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთაგან ბევრს ასევე გულის შეტევა დაემართა.
მანდალაის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ბირმულ BBC-ს განუცხადა, რომ მისი შეგრძნებით, მიწა დაახლოებით 10 წამი ძლიერად ირყეოდა.
ამ ადამიანის თქმით, შვიდი ადამიანიდან, რომლებიც მასთან ერთად ერთ სახლში იმყოფებოდნენ, ორი ქალი გადარჩა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. "ჩემი ბებია, დეიდა და ბიძა ჯერ ვერ იპოვეს - ისინი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან. მათი გადარჩენის შანსი ნულია", - ამბობს ქალი.
"ბიძგები ძალიან ძლიერი იყო და სამ-ოთხ წუთს გაგრძელდა. სახლმა, სადაც ვცხოვრობ, რყევა დაიწყო", - თქვა მან.
მისი თქმით, ინტერნეტი შეუფერხებლად მუშაობდა, მაგრამ მიწისძვრის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ვერსად დარეკვა ვერ მოხერხდა.
მანდალაის მცხოვრებმა Reuters-ს განუცხადა, რომ ხალხს სახლებში შესვლის ეშინიათ: "როდესაც ყველაფერმა რყევა დაიწყო, სახლიდან გამოვედით. ჩემს თვალწინ ხუთსართულიანი სახლი ჩამოინგრა. ყველა, ვინც ქალაქში ცხოვრობს, ახლა ქუჩაშია, ვერავინ ბედავს შენობებში დაბრუნებას".
მიწისძვრის თვითმხილველმა, ჰტეტ ნაინგ უ-მ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანდალაიში ჩაის მაღაზია ჩამოინგრა, რომელშიც რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. "ჩვენ შიგნით შესვლა ვერ შევძელით, - სიტუაცია ძალიან ცუდია".
ცნობილია, რომ მანდალაის სამეფო სასახლე დაზიანდა და მდინარე ირავადზე ხიდი ჩამოინგრა.
მიანმარის სამხედრო ხუნტამ საგაინის, მანდალაის, ბოგოსა და მაგუეის რეგიონებში, შანის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე დედაქალაქ ნეიპიიდოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხუნტის ლიდერმა მინ აუნ ჰლაინმა მსოფლიო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
"მინდა მოვიწვიო ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ორგანიზაცია, ნებისმიერი ადამიანი, რომ დაგვეხმაროს. მადლობა", - განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში და დასძინა, რომ "ყველა გზა გახსნა უცხოური დახმარებისთვის".
მიანმარს დახმარება აღუთქვეს აშშ-მ, ევროკავშირმა და ASEAN-მა, ასევე ინდოეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა, რომლებმაც უკვე გაგზავნეს ქვეყანაში მაშველებისა და ექიმების ჯგუფი.
ტაილანდში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა
მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ტაილანდში, განსაკუთრებით ძლიერად, წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქი - ბანგკოკი, ისევე როგორც ქალაქი ჩიანგმაი ქვეყნის ჩრდილოეთით დაზარალდა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პეტონგტარნ ჩინავატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბანგკოკი საგანგებო სიტუაციის ზონად გამოცხადება დაავალა, წერს CNN პრემიერ-მინისტრის ოფისის წყაროზე დაყრდნობით.
ბანგკოკის გუბერნატორმა ჩადჩარტ სიტიპუნტმა განაცხადა, რომ ქალაქში ბევრი მაღალი შენობა დაზიანდა, თუმცა დაზიანებული შენობების რაოდენობა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ბანგკოკში მყოფმა თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ ადამიანები პანიკურად გარბოდნენ ქუჩებში ხალათებსა და საცურაო კოსტიუმებში. ბევრი მათგანი სასტუმროს სტუმარი იყო.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ბანგკოკში იტყობინებოდა შენობების რყევის შესახებ.
BBC-ის ჟურნალისტმა ბუი ტუმ, რომელიც ბანგკოკში ცხოვრობს, განაცხადა, რომ პირველი მიწისძვრის დროს ის სახლში იმყოფებოდა და საჭმელს ამზადებდა.
ბანგკოკის რაიონში 17 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში.
ტაილანდის მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლოა ახალი ბიძგები მოხდეს.
ჩინეთიდან სოციალური ქსელების მომხმარებლები იტყობინებიან, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა იუნანის პროვინციაში მიანმართან საზღვარზე, ისევე როგორც გუანსის პროვინციაში.
იუნანში მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო "სინჰუაც" ადასტურებს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.