"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, "ნაციონალური მოძრაობის“ და "მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ კოლექტორი "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, უკვე დაინიცირდა კანონპროექტიც, რომელიც ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება", - განაცხადა მან.
„უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები.
აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უფროსები დაავალებენ. მათი დავალებით, ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი.
ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ, ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.