ჟურნალ Time-მა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კაბინეტიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კედელზე ცეცხლმოკიდებული კრემლის ნახატი კიდია.
ზელენსკიმ ვრცელ ინტერვიუში შიდა პოლიტიკურ დეტალებზე ისაუბრა, თუმცა ნახატმა მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და მის შინაარსზე უამრავ პლატფორმაზე წერდნენ.
შემოქმედებას უნიკალური ისტორია აქვს. სანამ უკრაინამდე მიაღწევდა, სანდრო ანთაძის ტილომ ბევრი იმოგზაურა. ნახატის, სახელად “ოცნება“ შექმნის იდეისა და ემოციების შესახებ ქართველი ხელოვანი ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა.
“ვუსურვებ კრემლს და რუსეთის მთავრობას იგივეს რასაც ისინი სხვებს უკეთებენ. იმედია დაიწვება მალე ბოროტების იმპერია თავის ლენინიანად
ნახატს ქვია "ოცნება "
აკრილი /ტილო 100×150სმ“ - დაწერა მხატვარმა მისი ტილოს გამოქვეყნებისას.
მოგვიანებით, ონლაინ ჟურნალ at.ge- თან ანთაძე ნახატის დაუჯერებელი ისტორიის შესახებ საუბრობს. მან ნახატის რამდენიმე ასლი გააკეთა. ერთ-ერთი კი დღეს ზელენსკის ოთახს ამშვენებს.
“ამ ტილოზე მუშაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე დავიწყე და ხატვის პროცესში მთელი ბრაზი და ზიზღი ჩავაქსოვე. ხატვისას ვფიქრობდი, თუ სად უნდა იყოს ეს ტილო, სად იქნებოდა საუკეთესო ადგილი მისთვის… აშკარად ვგრძნობდი, რომ უბრალო კედელზე არ უნდა დაეკიდათ და იქ უნდა მოხვედრილიყო, სადაც ამ ენერგეტიკას გამოიყენებდნენ და ხორცს შეასხამდნენ… ჩემს ფიქრებში რაღაც მაგიური ძალა მივანიჭე ამ ნახატებს, ცხადია, ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა ჩემთვის ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელი“, - ამბობს მხატვარი.
მისი სურვილი იყო, ნახატი უკრაინაში პირადად ზელენსკისთვის გაეგზავნა.
“დავიწყე ადამიანის ძებნა, რომელიც რამენაირად პრეზიდენტის აპარატს დამაკავშირებდა,“ - იხსენებს ანთაძე at- თან.
“მივხდი, აზრი აღარ ჰქონდა ნახატის მოკითხვას… ასე დაიკარგა კვალი, დამავიწყდა კიდეც ეს ისტორია, უკვე თითქმის ერთი წელი იყო გასული“, - აცხადებს ხელოვანი.
თუმცა ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტს ზელენსკის საახალწლო მიმართვის ყურებისას საოცარი სიურპრიზი ელოდა - სანდრო ანთაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის ოთახში, მისი შემოქმედება დაინახა.
“ოცნება“ მართლაც ახდა - როგორც აღმოჩნდა ტილოში ჩაქსოვილმა ენერგეტიკამ თავისი ადგილი იპოვა და დღეს მასზე მსოფლიო წერს.