ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპი, რომელიც თქვენს აზრებს კომპიუტერულ ბრძანებებად გარდაქმნის, სამეცნიერო ფანტასტიკასავით ისმის - მაგრამ ეს ნოლანდ არბოსთვის რეალობაა.
2024 წლის იანვარში, პარალიზებიდან რვა წლის შემდეგ, 30 წლის ნოლანდი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ამერიკული ნეიროტექნოლოგიური კომპანიისგან, Neuralink-ისგან ასეთი მოწყობილობა მიიღო.
მსგავსი ჩიპები რამდენიმე სხვა კომპანიამაც შეიმუშავა და მათი ტესტირება დაიწყო, თუმცა ნოლანდის ჩიპი უფრო მეტ ყურადღებას Neuralink-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის გამო იპყრობს.
მიუხედავად ამისა, ნოლანდი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არც ისაა და არც - მასკი, არამედ, მთავარი მეცნიერება და მისი განვითარებაა.
როგორც არბომ BBC-ს უთხრა, იცოდა რა რისკზეც მიდიოდა მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა...
"თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, მაშინ მეცნიერების განვითარებაში დახმარებას შევძლებდი. თუ რამე საშინელება მოხდებოდა, ვიცოდი, რომ ისინი ამის შედეგადაც მეტს შეიტყობდნენ", - აღნიშნავს არბო.
ნოლანდი, რომელიც წარმოშობით არიზონადანაა, 2016 წელს, ყვინთვისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მხრებს ქვემოთ პარალიზებული დარჩა.
მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ შიშობდა, რომ ვერც სწავლას შეძლებდა, ვერც მუშაობას და შესაძლოა, ვერც - თამაშს.
"უბრალოდ, არანაირი კონტროლი, არანაირი პირადულობა არ გაქვს და ეს რთულია. ყველაფრისთვის სხვა ადამიანის დახმარება გჭირდება".
Neuralink-ის ჩიპი მისი დამოუკიდებლობის ნაწილის აღდგენას ცდილობს, რადგან მას კომპიუტერის გონებით მართვის შესაძლებლობას აძლევს.
ჩიპი ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის (BCI) სახელითაა ცნობილი - ის პატარა ელექტრულ იმპულსებს ავლენს, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ადამიანები მოძრაობაზე ფიქრობენ, და მათ ციფრულ ბრძანებებად გარდაქმნის, როგორიცაა, მაგალითად, კურსორის გამოძრავება ეკრანზე.
ეს რთული თემაა, რომელზეც მეცნიერები უკვე რამდენიმე ათწლეულია, მუშაობენ.
აღნიშნულ სფეროში ილონ მასკის ჩართულობამ ეს ტექნოლოგია და ნოლანდ არბო - მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესოდ აქცია.
ეს Neuralink-ს ბევრი ინვესტიციის მოზიდვაში დაეხმარა, ისევე, როგორც იმის შესწავლაში, თუ რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ჩიპის ჩადგმის ეს უკიდურესად ინვაზიური პროცედურა.
როდესაც ნოლანდის იმპლანტის შესახებ გამოცხადდა, ექსპერტებმა ეს "მნიშვნელოვან ნიშანსვეტად" შეაფასეს, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ ამის რეალურ შეფასებას დრო დასჭირდებოდა - განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ოსტატურად შეუძლია მასკს "თავისი კომპანიისთ პიარი".
მასკი სოციალურ მედიაში წერდა: "პირველადი შედეგები ნეირონების იმპულსების დამაიმედებელ აღმოჩენაზე მიგვითითებს".
რეალურად, ნოლანდის თქმით, მილიარდერი, რომელთანაც მან ოპერაციამდე და მას შემდეგ ისაუბრა, კიდევ უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
"ვფიქრობ, დაწყებისას ის ისეთივე აღფრთოვანებული იყო, როგორც მე", - თქვა მან.
მიუხედავად ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ კომპანი Neuralink მეტია, ვიდრე მისი მფლობელი, და აცხადებს, რომ მას "ილონ მასკის მოწყობილობად" არ განიხილავს.
ხედავს თუ არა დანარჩენი მსოფლიო ამას ანალოგიურად, საკითხავია, განსაკუთრებით მასკის სულ უფრო საკამათო როლის გათვალისწინებით აშშ-ის მთავრობაში - ჯერ კიდევ საკითხავია.
ასეა თუ ისე, ეჭვგარეშეა ის აგვლენა, რომელიც მოწყობილობამ ნოლანდის ცხოვრებაზე იქონია.
როდესაც ნოლანდი იმ ოპერაციიდან გამოფხიზლდა, რომლის დროსაც მოწყობილობა ტვინში ჩაუმონტაჟეს, მან თქვა, რომ თავდაპირველად, თითების მოძრაობაზე ფიქრით ეკრანზე კურსორის კონტროლი შეეძლო.
"გულწრფელად არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა - სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, თუმც ეს რეალობაა", - თქვა მან.
მაგრამ მას შემდეგ, რაც, აღფრთოვანებული Neuralink-ის თანამშრომლებით გარშემორტყმულმა, ეკრანზე თავისი ნეირონების იმპულსები დაინახა, ძლივს გააანალიზა, რომ მას კომპიუტერის კონტროლი მხოლოდ ფიქრებით შეეძლო.
და, რაც კიდევ უკეთესია, დროთა განმავლობაში იმპლანტის გამოყენების უნარი იმდენად გაიზარდა, რომ ნოლანდს ახლა ჭადრაკისა და ვიდეო თამაშების თამაში შეუძლია:
"ახლა თამაშებში ჩემს მეგობრებს ვუგებ, რაც რეალურად, შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ ეს რეალობაა."
ნოლანდის შემთხვევა გვიჩვენებს, რა პოტენციალი აქვს ტექნოლოგიას ადამიანის ცხოვრების შეცვლაში - მაგრამ შესაძლოა, მას ნაკლოვანებებიც სდევდეს თან.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პირადულობაა," - თქვა ანილ სეთმა, სასექსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორმა, - "ანუ, თუ ჩვენი ტვინის აქტივობის ექსპორტს ვახდენთ, მაშინ გარკვეულწილად გავცემთ წვდომას არა მხოლოდ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, არამედ პოტენციურად იმაზეც, რასაც ვფიქრობთ, რისიც გვჯერა და რასაც ვგრძნობთ... წვდომა იმაზე, რაც თქვენს თავშია, პირადულობისა და პრივატულობის დასაცავად ბარიერი მართლა აღარ არსებობს", - უთხრა მან BBC-ს
ეს ნოლანდისთვის პრობლემა არ არის - მას სურს, ჩიპები კიდევ უფრო განვითარდნენ და მათი საშუალებით მეტის გაკეთება შეძლოს.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მოწყობილობა საბოლოოდ, საშუალებას მისცემს, თავისი ეტლი ან თუნდაც, ფუტურისტული ჰუმანოიდური რობოტი აკონტროლოს.
თუმცა, ტექნოლოგიის თანამედროვე, უფრო შეზღუდული მდგომარეობითაც კი, ყველაფერი მარტივად არ მომხდარა.
ერთ მომენტში, მოწყობილობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ ნოლანდის მიერ კომპიუტერის კონტროლის სრული დაკარგვა გამოიწვია - ჩიპმა მის ტვინთან კავშირი ნაწილობრივ, დაკარგა.
"ეს მართლაც უსიამოვნო იყო, რბილად რომ ვთქვათ".
Neuralink მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ კომპანიას შორის, რომლებიც იკვლევენ თუ როგორ შეიძლება ჩვენი ტვინის ძალის ციფრულად გამოყენება.
Synchron ერთ-ერთი ასეთი ფირმაა, რომელიც ამბობს, რომ მისი მოწყობილობა, სახელწოდებით Stentrode, რომელიც მოტორული ნეირონების დაავადების მქონე ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად, იმპლანტაციისთვის ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიას საჭიროებს.
ტვინის ღია ქირურგიის ნაცვლად, ის ადამიანის საუღლე ვენაში, კისერში მონტაჟდება, შემდეგ კი, ტვინისკენ სისხლძარღვის საშუალებით გადადის.
Neuralink-ის მსგავსად, მოწყობილობა საბოლოოდ ტვინის მოტორულ რეგიონს უკავშირდება.
ამგვარი ჩიპი ამჟამად 10 ადამიანი სარგებლობს.
ერთ-ერთმა ასეთმა პირმა BBC-ს უთხრა, რომ ის პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც მოწყობილობა Apple-ის Vision Pro-ს სათვალესთან ერთად გამოიყენა.
მარკის თქმით, ამან საშუალება მისცა, ვირტუალურად დაესვენა შორეულ ადგილებში - ავსტრალიის ჩანჩქერებთან დაწყებული, ახალი ზელანდიის მთებით დამთავრებული.
"მომავალში მართლაც შემიძლია წარმოვიდგინო სამყარო, სადაც ამ ტექნოლოგიას ძალიან დიდი სხვაობის შექმნა შეეძლება მათთვის, ვისაც ეს ან ნებისმიერი სხვა სახის პარალიზება აქვთ," - თქვა მან.
მაგრამ ნოლანდისთვის Neuralink-ის ჩიპის მიღებისას ერთი პირობა იყო - ის დათანხმდა, ყოფილიყო კვლევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ჩიპი ექვსი წლის განმავლობაში იქნება დაინსტალირებული, უცნობია რა იქნება ამის შემდეგ.
თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, არბოს სჯერა, რომ მისი გამოცდილება შეიძლება, მხოლოდ ნიადაგის შემზადება იყოს იმისთვის, რაც შეიძლება, ერთ დღეს რეალობად იქცეს.
"ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ტვინის შესახებ, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ბევრად მეტი შევისწავლოთ", - თქვა მან.