მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა.
დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა. რის შემდეგაც მას თურქეთში მცხოვრები ქართველი მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი გამოეხმაურა და საერთო ძალებითა და ხალხის ფინანსური დახმარებით შეძლეს, რომ გოგონას ოცნება აუხდა და 20 მარტს მარიამი მეორედ დაიბადა. ოპერაცია პროფესორმა დოქტორმა ალთან ვაროლმა უსასყიდლოდ გააკეთა.
ახლა გოგონა კლინიკაშია, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებს. ოქროპილაშვილის თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე იქნება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ამისთვის კი სტამბოლში სასტუმრო უკვე დაქირავებულია.
მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი ოპერაციის შემდგომ აქტიურად გვიზიარებდა ინფორმაციას გოგონას მდგომარეობაზე. მან ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს:
"5 იანვარი იყო, რომ სულ შემთხვევით ვნახე მარიამის ვიდეო, სადაც საახალწლო სურვილები იყო წიგნები. ბოლომდე ვერც ვუყურე. ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულის. თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა. ნეტა ასეთ გაჭირვებაში როგორ ჭამს? და უამრავი კითხვა დატრიალდა ჩემს თავში, ვცდილობდი გონებაში გამეცოცხლებინა მისი ყოველდღიური ცხოვრება. გავიდა რამდენიმე საათი და არ ამომდის ეს ბავშვი გონებიდან, მარიამის ფოტოს სქრინები გავუგზავნე ბატონ ალთანს კითხვით:15 წლის ასაკში თუ შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში თქო. პასუხი: კი შეიძლება, მეტი ფოტო არ გაქვს?
გამოგზავნით, როცა მექნება თქო მივწერე. არ მასვენებს ფიქრი, რომ წარმოვიდგენ ეს ექიმი თუ ამ ოპერაციას გააკეთებს ვიცი, რომ მარიამი თავიდან დაიბადება. თუმცა ბევრი კითხვა ჩნდება: თანხები? კი მაგრამ იქნებ დედას არ სურს ოპერაციის გაკეთება და ასე შემდეგ…. გახდა 22:30, საღამოს რამდენჯერმე დავწერე წავშალე მესიჯი ბატონ ალთანისთვის, მერიდება კიდევ თხოვნა, რადგან 1.5 თვეა გასული, რაც ერთი ბავშვის ოპერაცია გავაკეთეთ ისე რომ ჰონორარი არ აუღია და გადაიხადა ოჯახმა მხოლოდ კლინიკის ხარჯი.
ბოლოს ასე დავიწყე წერა, რომ არ გკითხოთ პასუხი არ მეცოდინება…. არ ვიცი რას იფიქრებთ ჩემზე…. (მრცხვენია თან, რადგან ყველა ჩემს მიერ მიყვანილ ქართველ პაციენტებიდან არ იღებს კონსულტაციის თანხას. 1.5 თვის წინ უფასო ოპერაცია გააკეთა და ახლა უდიდეს ურთულეს ოპერაციას ვთხოვ). მოვუყევი მარიამის ისტორია და გავბედე მეთქვა, თუ შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ ხარჯებში, მოდის პასუხი: არ ინერვიულო გავაკეთებთ, ვიტირე ბევრი სიხარულისგან, შემდეგ ვცდილობდი დავკავშირდებოდი ოჯახს.
ავიღეთ თანხმობა ჩავწერეთ ვიდეო. კიდევ ბევრი დეტალია რომელსაც ალბათ ერთ დღეს მოვყვები, ის დრო,რაც პროთეზების დამზადებას დაჭირდა, ყოველ დღე წარმოვიდგენდი ხოლმე მარიამი ოპერაციის შემდეგ როგორი იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი რომ ახლიდან დაიბადებოდა, ისევე როგორც ბატონი ალთანის სხვა პაციენტები, ასე დაიწყო ეს ზღაპარი და დამთავრდა ზღაპარივით".
წაიკითხეთ ასევე: