რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.
"კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. პირველ არხს ასევე სიმღერა გამოუგზავნა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.“ - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
იქამდე სანამ, ევროვიზიის მონაწილის ვინაობა გახდებოდა ცნობილი, მომღერალმა თათია კობალაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მან მოვლენებს დაასწრო და განაცხადა, რომ საქართველოს წელს მარიამი წარადგენდა. თათია ერთ-ერთი იყო, რომელმაც კონკურსზე კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა წარადგინა, მაგრამ გოგონა კონკურსს მიღმა დარჩა.
მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ ვიდეოს ავრცელებს და კითხულობს თუ ვინ არის ჟიური, რომელმაც კონკურსზე გასაგზავნ სიმღერებიდან მისი სიმღერა დაიწუნა
მაია კაჭკაჭიშვილი:
- ჩემი კარიერის ისტორიაში ერთხელ ჩემი სურვილით და სალომე გასვიანის სურვილით მოვიღეთ "ევროვიზიაზე" მონაწილეობა. მაშინ შევქმენით, ძალიან ძლიერი, მაგარი, მელოდიური სიმღერა, სადაც სალომემ შესანიშნავად წარადგინა და იმღერა. შესარჩევ ტურზე კონკურსანტებიდან მეორე ადგილზე გავიდა, პირველზე დიანა ღურწკაია. ის წელი იყო, როცა დიანამ წარადგინა საქართველო. ეგ წელი იყო, როცა დავიფიცე, რომ ცხოვრებაში "ევროვიზიის" კონკურსისთვის სიმღერას აღარ შევქმნიდი. ნელ-ნელა ვხვდებოდი რა ხდებოდა და რა სამზარეულოც იყო, რა ქვაბებშიც იხარშებოდა თითოეული პროდუქტი.
ახლა ჩემი სურვილის მიუხედავად, ბათუმელი მომღერლისთვის თათია კობალაძისთვის, რომელიც მრავალი კონკურის მონაწილეა, დავწერე სიმღერა. ტექსტი დაწერა ინგლისურ ენაზე - ბიბი კვაჭაძემ. ეს ეძღვნებოდა სიმსივნეს, რომ კიბო განაჩენი არ არის. გვინდოდა მოტივაცია მიგვეცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ებრძვის ამ ვერაგ დაავადებას.
თვითონ თათია ებრძვის ახლა სიმსივნეს, გაიკეთა ორი ოპერაცია, არ ნებდება, უკვე გასულია ბოლოში და თითქმის დამარცხებული აქვს. ისევ ბრძოლის ხასიათზე იყო და ისევ სიმღერა უნდოდა. ბიბიმ ულამაზესი ტექსტი დაწერა, პირდაპირ კიბოზე არ საუბრობს, მაგრამ იმდენად ღრმა ტექსტი აქვს დაწერილი, გვინდოდა ეს პროდუქტი ისე შეგვეფუთა, რომ მომღერალს რომელსაც თავის თავზე აქვს გადატანილი, ეს სიმართლე და ჭეშმარიტება გაგვეტანა.
"ევროვიზიაზე" ყველა მღერის, დღეს ვოკალისტები აღარ გვაკვირვებს, დაიხვეწნენ და გვინდოდა "ქეისი" გვქონოდა მნიშვნელოვანი. დღეს რომ ადამიანი მღეროდეს ახალი ნაოპერაციები, ახალია. რომ შევიტანეთ სიმღერა, გვითხრეს, რომ განხილვაში იყო და თურმე ამ დროს სიმღერა, რომელიც მიდის "ევროვიზიაზე" გაკეთებულია. იმის ღირსად არ ჩაგვაგდეს ეთქვათ, ნუ ელოდებით ხალხნო.
მე არ მაქვს პრეტენზია ავტორზე, მომღერალზე და პროდუქტზე, უბრალოდ სხვა კომპოზიტორები და მომღერლები, რომლებიც გელოდებიან, იმის ღირსად არ ჩათვლით, რომ მიწეროთ ან დაურეკოთ, რომ თქვენი სიმღერა ჯერჯერობით ვერ გავიდა. ჩემი რამდენიმე სიმღერა თავისით რომ არ გაჰიტებულიყო, აქ ხარ უპატრონო, ვიღაცასთან უნდა იყო, რომ პატრონი გყავდეს, ასე მარტო და შენი ერთი ადგილით, დიდს ვერაფერს მიაღწევ.
დავბერდი და ერთხელაც არ მაცდევინეს, "ევროვიზიაზე" სიმღერის გატანა. მეც მინდა ჩემი ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთო. ასეთი სერიოზული "ქეისი" ჩაგვივარდა წყალში. ეს სერიოზული დაავადებაა და სწორად გამიგეთ, ამას "ქეისს" არ ვარქმევ, მაგრამ გვინდოდა მართლა სერიოზული სიტყვა გვეთქვა. სამეულში მაინც ოდესმე შევსულიყავით ევროვიზიის.
თავადაც ხედავთ, რაც ხდება და როგორ ვბრუნდებით უკან. კიდევ თუ ასე მოხდებოდა და ასე უპატივცემულოდ, რომ არც კი გაგვაგებინეს, ძალიან გულდასაწყვეტია. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ჩვენი ქვეყანა თუ მოწინავე ადგილზე გავა, რა თქმა უნდა, გამიხარდება, მაგრამ ის რომ აქ განუკითხაობაა, ამას ორი აზრი აღარ სჭირდება.
მე ისიც გავიგე, რომ თათიას დაურეკავს მაღალ პოსტზე ადამიანებისთვის და მათ უთხრეს, ჩვენ საერთოდ არც კი მოგვისმენია თქვენი სიმღერაო. არც კი მოასმენინეს და რაღაზეა საუბარი. ან ჩატარდეს ხოლმე კონკურსი, გავიდეს 10-15 მომღერალი და ხალხმა მისცეს ხმა. ის მომღერალი რომელსაც ხალხი აირჩევს, მერე პრეტენზია არ გვექნება, კუდამოძუებულები რომ ვბრუნდებით ხოლმე. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ როგორ წარადგენს.
ჩემი აზრით, დაფარული მუსიკოსები, ვინც შემიფასა ეს სიმღერა, არ მეუბნებიან ვინ არიან, ვის არ მოეწონა, ხომ უნდა ვიცოდე, კოლეგები არიან ჩემი. ალბათ ყველას ვიცნობ გამარჯობით. ხომ უნდა მცოდნოდა ვინ მაფასებს, ვინ დამიწუნა, არაფერი გამაგებინეს და ხომ უნდა გავიგო, რამეს წარმოვადგენთ თუ არა. ავტორს, რომელსაც თუნდაც ერთი ჰიტი აქვს დაწერილი ქვეყნისთვის, პატივისცემას უნდა გრძნობდეს ტელევიზიებისგან. როგორც იქცევით, ისევე გიბრუნდებათ ხოლმე უკან. მე მაინც წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ ქართველები ხართ და მეც ქართველი ვარ.
ნაწყენი სიტუაციაზე ვარ თორემ იმაზე კი არა, რატომ გაუშვეს ეს გოგონა ან ავტორი, მათ რას ვერჩი, უბრალოდ პატივისცემას ვიმსახურებ ერთხელ მაინც.
წაიკითხეთ ასევე: