ვლადიმერ პუტინის ჯაშუშებმა კრიშტიანუ რონალდუს YouTube ვიდეოები მოსკოვში დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში წყვილი - ანდრეას და ჰეიდრუნ ანშლაგები დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ანდრეასი მანქანის ინჟინრად მუშაობდა, ჰეიდრუნი კი დიასახლისი იყო. წყვილი ერთ ქალიშვილს ზრდიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 23 წლის განმავლობაში მათ რუსეთი ყოველწლიურად 80 000 ფუნტ სტერლინგს უხდიდა.
ანშლაგებმა - რომელთა ნამდვილი სახელები უცნობია - უამრავი საიდუმლო გადასცეს საბჭოთა კავშირს და რუსეთს. წყვილი მოსკოვის საგარეო დაზვერვის სამსახურთან, SVR-სთან კომუნიკაციისთვის რადიოსა და თანამგზავრებს იყენებდა.
თუმცა, 2011 წელს იუთუბ-არხი შექმნეს - BBC-ის უსაფრთხოების ყოფილი კორესპონდენტის, გორდონ კორერას თქმით, დაშიფრული კომუნიკაციისთვის კომენტარების განყოფილებას იყენებდნენ.
კომენტარები მოიცავდა პუნქტუაციის ნიშნების თანმიმდევრობას - ამ კოდებით ჯაშუშები გარკვეული სახის ინფორმაციას გადასცემდნენ.
წყვილი 2013 წლის ივლისში დააკავეს - ანდრეასს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჰეიდრუნს კი 5 წლით. თუმცა, 2015 წლის ბოლოს ორივე ჯაშუში ციხიდან გაათავისუფლეს და რუსეთში გადაასახლეს.