საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, პოლიტიკური მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრის, ვატო შაქარიშვილის საჩივრის საფუძველზე, პროკურატურის მიერ სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას ეხმაურება და მათ შორის,"ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის“ საქმიანობაზე შეფასებას აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს საქართველოში მოქმედი რამდენიმე ფონდი. მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ნიკა გილაურის და სხვ...
ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:
"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა... უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ.
ამ რევოლუციის ორგანიზატორებზე კი ვიტყოდი რომ კლასიკური სცენარით “აგენტებად” მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…"
ნანუკა ჟორჟოლიანმა AMBEBI.GE-სთან ვრცელ კომენტარში წილოსანს წარსული შეახსენა, როდესაც მისი მამა, "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანთან ერთად მომგებიან ბიზნესს ფლობდა, მისი იურისტი კი ნიკა გვარამია იყო.
- ჩემი პასუხი შემდეგია, ნინო წილოსანს, მისი ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მას უყვარს ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ეცხოვროს იმ ადამიანების "იაფფასიანი“ პრობლემებით და შინაარსით, რომელი ადამიანებიც მწერენ და ვისთვისაც ფონდს დახმარება გაუწევია. მათ შორის, ვგულისხმობ ნინო წილოსანის მიერ გურიაში ჩარჩენილ ხალხს, ყველას, დედებს, რომლებიც შვილის გადარჩენას გვთხოვდნენ და გადაგვირჩენია და ასეთი ბენეფიციარი ასობით გვყავს. ვიმეორებ, ვუსურვებ, იცხოვროს იმ ადამიანების პრობლემებით, რომელსაც "ნანუკას ფონდი“ დახმარებია.
- იცნობთ პირადად დეპუტატს?
- არა, არანაირი შეხება არ მაქვს. მისი გადაკვეთა ვიცი, რომ "კეზერასთან" ერთად, მამამისი დიდ ფინანსურ რესურსებში და კარგ ბიზნესებში იყო. ასევე ვიცი ის, რომ მამამისის იურისტი იყო ნიკა გვარამია, რომელსაც "ნაცების" დროს ისეთი მაღალი ხელფასი ჰქონდა, რომ ეგ ხელფასი, ჩემს ფონდს დახატავდა.
- ნიკა გვარამიას ჰქონდა წილოსანის მამასთან მუშაობისას მაღალი ხელფასი?
- ძალიან მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც იბრძოდნენ და ახლაც იბრძვიან. ადამიანები, რომელიც დღეს "ქოცების" მხარეს არიან და 2012 წლამდეც იბრძოდნენ და მათი მესმის. მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე და კიდევ ძალიან ბევრი "ნაცია" დღეს ხელისუფლებაში არიან. ჰოდა, საინტერესოა, სად გადის მათი სინდისის ზღვარი, შუბლის ძარღვი სად უწყდება ნინო წილოსანს, რომლის მამის შემოსავალიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო კოლოსალური. პირადი ინფორმაციაა და უხერხულია დავწეროთ, თორემ კონკრეტული ციფრიც ვიცი, რამდენი ათეულობით ათასი იყო ნიკა გვარამიას ხელფასი, როდესაც მამამისის იურისტი იყო. ახლა გახდა "ნაციონალური მოძრაობა" ნინო წილოსანისთვის მიუღებელი?
მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მაინც ის სურვილი, რომელიც მას გავუგზავნე.
- ხომ არ ელოდებით პროკურატურაში გამოძახებას ფონდის საქმეზე?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად დამიბარებენ.
წაიკითხეთ ასევე: