ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
"თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილთან გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებებს მართავდნენ, ერთი შეხვედრიდან 9-ჯერ გამოვიდნენ. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება იფიქრო და იეჭვიანო არის ის, რომ თავის პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცებზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. ყველას თავ-თავიანი პატრონები ჰყავთ.
ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო "მესიჯბოქსი“ აქვთ. ერთი კვრის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი. ახლა, უცებ დაეწყვნენ და ყველა ლანძღავს და უარყვეს, არა თუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს.
ერთი ვერსიის მიხედვით, ყველას რატომღაც მოუნდა ახლა გაეკეთებინა, 3-4 წლის განმავლობაში არ მოუნდათ, მაგრამ გუშინ და გუშინ წინ უბრალოდ "დაემთხვა“ ეს, ან მიიღეს დავალება, რომ დაუპირისპირდნენ. ვინმეს შეიძლება სჯეროდეს იმის, რომ უბრალოდ 4 წლის თავზე დაემთხვა დამოკიდებულების ცვლილება? ხომ შეუძლებელია?
მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ“, - განაცხადა მდინარაძემ.