განახლებული ინფორმაციით, მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა ტორნადოების შედეგად, რომლებიც აშშ-ის შუა დასავლეთსა და სამხრეთს დაატყდა თავს.
ტორნადოების უმეტესი ნაწილი მისურის შტატში დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილია, სულ მცირე, 12 ადამიანი.
ტეხასსა და კანზასში ძლიერმა ქარმა გამოიწვია მტვრის ქარიშხალი. დაიღუპა ათობით ადგილობრივი. განადგურებულია სახლები და ავტომობილები.
ექსტრემალურმა ამინდმა, რომელმაც 100 მილიონზე მეტი მოსახლე მოიცვა, ოკლაჰომაში 150 ლოკაციაზე ტყის ხანძარი გამოიწვია. გარდაცვალების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა არკანზასში, ალაბამასა და მისისიპიში.
ხოლო ტეხასის, ლუიზიანას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, მისისიპის, ჯორჯიის, კენტუკის და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში, მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა.
PowerOutageUS-ის თანახმად, რეგიონში 320 000-ზე მეტ ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. არკანზასში, ჯორჯიასა და ოკლაჰომაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„ჩვენს შტატში ნგრევის მასშტაბები შემაძრწუნებელია. ასობით სახლი, სკოლა და ბიზნესი ან განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა“, - განაცხადა მისურის შტატის გუბერნატორმა მაიკ კიჰოიმ.
ხანძრის შედეგად უკვე დაიწვა 170 000 ჰექტარი, დაახლოებით 300 შენობა, მათ შორის ფერმები.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, არკანზასის შტატში გაგზავნილია ეროვნული გვარდია.
იხილეთ ასევე: