ლონდონში მიმდინარე მსოფლიო ლიდერების სამიტი, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის პაკეტებიც განიხილეს, დასრულდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დასრულდა და მსოფლიო ლიდერები ლანკასტერის სასახლეს ტოვებენ. მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პრესკონფერენცია იგეგმება.
ცნობილი ხდება განხილული საკითხების დეტალებიც.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “უკრაინა მიიღებს წვდომას გაერთიანებული სამეფოს ახალ რაკეტებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 1,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგია.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას “კრედიტით შეიძინოს 5000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომლებიც იწარმოება ბელფასტში“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, გაერთიანებული სამეფო “გაზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს“.
გარდა ამისა, სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ომის დასრულების გეგმას შეიმუშავებენ.
სტარმერის თქმით, ის მალე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს ტრამპთან, რათა მხარეებმა უკრაინის შესახებ არსებული საკითხები განიხილონ.
"ჩვენ ახლა ამერიკასთან გვჭირდება თანამშრომლობა. შევთანხმდით, რომ ძალიან მალე შევხვდებით ამერიკის პრეზიდენტს, რათა ვითანამშრომლოთ მანამ, სანამ საერთო გეგმა არ გვექნება. ეს არის გაერთიანების მომენტი ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - თქვა მან სამიტის დასრულების შემდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ "კარგი და გულწრფელი დისკუსია". მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება "უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები", რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.
ამასთან, ის ამბობს, რომ “სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“. ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს შესაბამის გეგმას 6 მარტს წარუდგენს.
“ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება - იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, - დასძენს ის.
კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ აშშ-სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:
”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა - არ შეგიძლია შეიჭრა... დააშინოთ მეზობელი ან საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით”.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრა “ძალიან კარგი“ იყო, რადგან ევროპული ქვეყნები "აჩქარდნენ", როგორც საკუთარი ხარჯების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.
მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და “მაქვს ყველა საფუძველი ვიფიქრო, რომ მეტი განცხადებები მოჰყვება“.
“დღეს მაგიდასთან მოვისმინე ახალი განცხადებები და არ ვაპირებ მათ გამოცხადებას, რადგან მათ ეს [თვითონ] უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს“, - აღნიშნავს რუტე.
უკრაინაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ “ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიებში“. ის ამბობს, რომ მოკავშირეებს სურთ “დარწმუნდნენ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცდება უკრაინაზე თავდასხმას“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, “ევროპამ გაიღვიძა და ახლა ერთხმად საუბრობს უკრაინის მხარდაჭერაზე, მჭიდრო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის აუცილებლობაზე და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერებაზე“.
კირ სტარმერთან ერთად სამიტს დაესწრნენ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი; საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი; იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი; ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა; კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო; დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიქსენი; ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იუნას გარ სტორე; ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი, დიკ შუფი; ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი; თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი; ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე; ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა.
იხილეთ ასევე: