პამელა ანდერსონს თავისი კარიერის განმავლობაში აღმავლობისა და დაღმავლობის არაერთი ეტაპი გამოუვლია. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ აქვს მას ასეთი სტოიკური დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ The Last Showgirl-ში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო.
57 წლის ანდერსონმა შეძლო, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზე მოეპოვებინა ნომინაციები ჯია კოპოლას ფილმით, რომელიც ლას-ვეგასელი მოცეკვავის ისტორიას გვიყვება.
მაგრამ ის აკადემიის დაჯილდოების ნომინაციაზე, რომელიც ამ კვირას ლოს-ანჯელესში გაიმართება, ვერ მოხვდა.
"მე უბრალოდ, ყველას წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობი აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ თამაში და შენი ნიჭის მსოფლიოსთვის გაზიარება შეძლო."
სამი ათწლეულის განმავლობაში, ფანები და კრიტიკოსები ანდერსონის ცხოვრების ისტორიის სხვადასხვა ნაწილს გაეცნენ, მათ შორის Playboy-ის გარეკანებს, გაჟონილ სექს-ჩანაწერს და მრავალ ქორწინებას.
2022 წელს, Hulu-ს სერიალმა, Pam & Tommy მოგვითხრო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოიპარეს და უკანონოდ გაავრცელეს ანდერსონისა და მისი ყოფილი მეუღლის, ტომი ლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 90-იანი წლების შუა პერიოდში.
ახლა ის ახალ ფილმში მონაწილეობს, რომელიც ცხოვრების მეორე შანსზეა.
The Last Showgirl-ში, მთავარმა პერსონაჟმა შელიმ, რომელსაც ანდერსონი თამაშობს, თავისი მომავალი უნდა დაგეგმოს მას შემდეგ, რაც მისი შოუ მოულოდნელად იხურება.
ბევრმა კრიტიკოსმა პარალელი ანდერსონის ცხოვრებასთან გაავლო, რასაც არც მსახიობი უარყოფს.
მისივე თქმით, კინოსურათის ცენტრალური თემა, შუახნის ქალის კარიერისა და მუშაობისთვის ბრძოლა, ისაა, რასაც "ქალების ბევრი თაობა" აწყდება.
ფილმში ნაჩვენებია, რომ შელის დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის ქალიშვილ ჰანასთან.
შელის კარიერა ნიშნავს, რომ ხშირად ის გვიანობამდე მუშაობს და შვილისთვის მნიშვნელოვან მომენტებში მასთან ყოფნა არ შეუძლია.
ანდერსონის თქმით, ის ამ ფენომენსაც საკმაოდ კარგად იცნობს.
ჰოლივუდის ვარსკვლავს თავის ყოფილ მეუღლესთან, Mötley Crüe-ს დრამერ ტომი ლისთან ორი ვაჟი ჰყავს - 28 წლის ბრენდონ თომასი და 27 წლის დილან ჯაგერი.
მისი თქმით, ნებისმიერი დედისთვის, რომელიც მუშაობს, არ არსებობს მშობლობისა და პარალელურად, ოცნებებსა და კარიერაზე ზრუნვის რეცეპტი.
შოუ დიდი ხნის განმავლობაში იყო კრიტიკის ობიექტი - კრიტიკოსების აზრით, სერიალში ქალი პერსონაჟები "ზედმეტად სექსუალიზებულნი" იყვნენ და მნიშვნელოვანი სიუჟეტური ხაზები უარყოფილი ჰქონდათ.
"ამას ასე საერთოდ არ ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ სერიალი უმანკო, ჯანსაღი და საყურებლად სასიამოვნო იყო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საოცარი ადამიანებით ვიყავი გარშემორტყმული, სანაპირო მცველებით, რომლებიც ასევე მეხანძრეები იყვნენ - კაცები იქნებოდნენ ისინი თუ ქალები", - იხსენებს მსახიობი.
ანდერსონი ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც იმ სტილის განსახიერება, რომელიც 90-იან წლებში გახდა პოპულარული - გამხდარი, ქერა და პლასტიკური ქირურგიით კიდევ უფრო გალამაზებული ქალი.
ბოლო წლებში, ის მაკიაჟზე უარს ამბობს.
მისივე თქმით, მაკიაჟის წინააღმდეგი სულაც არ არის, მაგრამ საქმე უფრო იმას ეხება, რომ მისი აზრით, ამისთვის "დრო და ადგილი" არსებობს.
"ჩემთვის ეს თავი საკუთარი თავის მიღებას ნიშნავს", - ამბობს მსახიობი.