აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Fox News-ს ერთობლივი ინტერვიუ მისცეს, რომელშიც ერთმანეთი ქებით აავსეს. ამასთანავე, ტრამპმა და მასკმა მათი ხარჯების შემცირების მასშტაბური კამპანია დაიცვეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან მასკი ე.წ. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად იმიტომ დანიშნა, რომ სურდა, "ნამდვილად ჭკვიან" ადამიანთან ეთანამშრომლა.
"მე მას პატივს ვცემ, ყოველთვის პატივს ვცემდი, თუმცა, არ ვიცოდი, რომ ის იმ საკითხებშიც ძლიერი იყო, რომელშიც მე, ჩვეულებრივ, საკმაოდ კარგად ვერკვევი. მან შექმნა Starlink, ისეთი რამეები გააკეთა, რაც იმდენად წინწასული იყო, რომ არავინ იცოდა, რა ჯანდაბას აკეთებდა" , - უთხრა ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტის მასკის თანამგზავრული ინტერნეტსერვისის ხსენებისას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მასკი და მისი "100 გენიოსი" უზრუნველყოფენ მისი აღმასრულებელი ბრძანებების განხორციელებას, რათა თავიდან აიცილონ წარსული ადმინისტრაციების გამოცდილება, რომლებიც ბიუროკრატიით იყვნენ გადატვირთულნი.
"მას რამდენიმე ძალიან ბრწყინვალე ახალგაზრდა ჰყავს, რომლებიც მასზე უარესად ჩაცმულები არიან. მხოლოდ მაისურებში აცვიათ; ვერც კი იფიქრებთ, რომ მათი IQ 180-ია", - თქვა ტრამპმა, მასკის, როგორც "ლიდერის" ქებისას, რომელსაც "საქმე ბოლომდე მიჰყავს".
ილონ მასკის განცხადებით, DOGE-ის მთავარი ფუნქცია იმის უზრუნველყოფაა, რომ "პრეზიდენტის ბრძანებები რეალურად შესრულდეს“.
"პრეზიდენტი ხალხის არჩეულია, ამიტომ ის წარმოადგენს ხალხის ნებას და თუ ბიუროკრატია ებრძვის ხალხის ნებას და არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას განახორციელოს ის, რაც ხალხს სურს, მაშინ ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში და არა დემოკრატიაში“, - განაცხადა ილონ მასკმა.
მასკმა აღნიშნა, რომ "არჩევნებში გამარჯვება სისტემის გამოსწორების და დემოკრატიის ძალაუფლების აღდგენის შესაძლებლობაა“.
მილიარდერმაც, თავის მხრივ, ტრამპი ქებით აავსო.
"მე მიყვარს პრეზიდენტი. მინდა, ამას ნათელი მოვფინო," - განაცხადა მასკმა, - "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი კარგი ადამიანია".
"პრეზიდენტს ისე უსამართლოდ ესხმიან თავს მედიაში - ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია", - განაგრძო Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ამ დროისთვის, უკვე ბევრი დრო გავატარე პრეზიდენტთან და არც ერთხელ არ მინახავს, რომ მას გაეკეთებინა რაიმე, რაც საზიანო, სასტიკი ან არასწორი იყო. ასეთი რამ არც ერთხელ არ მომხდარა", - ხაზი გაუსვა მილიარდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით კი, მედია მასსა და მასკს შორის კონფლიქტის წარმოქმნას ცდილობს.
"სინამდვილეში, ილონმა დამირეკა. მან თქვა, “იცი, ისინი ჩვენს დაშორებას ცდილობენ.
”მე ვუთხარი, “აბსოლუტურად". ეს მათ ძალიან ცუდად გამოსდით. ისინი იტყუებიან. ქვეყნისთვის ძალიან საშიშები არიან. მედია ძალიან ცუდია. როცა MSNBC-ის ვუყურებ, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან მტერსაც უნდა უყურო, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ასევე CNN-ი. PBS-ი ცუდია. Associated Press-იც ცუდია. CBS-ი საშინელია”, - თქვა ტრამპმა მედიასაშუალებებზე საუბრისას.
ორივემ დასცინა ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებას, რომ მასკმა ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილება მიითვისა.
"იცით, მათ თქვეს, - სასწრაფო ახალი ამბავი გვაქვს - დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის კონტროლი ილონ მასკს გადასცა. პრეზიდენტი მასკი დღეს საღამოს რვა საათზე კაბინეტის სხდომას დაესწრებაო... თუმცა ხალხი ჭკვიანია, მათ ყველაფერი ესმით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მასკის DOGE-მ ამ დრომდე დაახლოებით 20,000 ფედერალური მთავრობის თანამშრომლის გათავისუფლება განახორციელა და კიდევ 200 000-ზე მეტის გათავისუფლებას აპირებს.
კრიტიკოსები მასკს ადანაშაულებენ სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე მოქმედებაში, სათანადო განხილვის გარეშე გადაწყვეტილებების მიღებასა და ამერიკელების პირადი ინფორმაციის ხელყოფაში - ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომის მოთხოვნით, როგორიცა არის, მაგალითად, გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაცია.
ასევე გამოითქვა შეშფოთება მთავრობაზე სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მილიარდერის გავლენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ უკავია არჩევითი თანამდებობა.
ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ DOGE შეძლებდა "ასობით მილიარდი" დოლარის დაზოგვას სოციალური უზრუნველყოფის, Medicare-ის ან Medicaid-ის სარგებელზე შემცირებების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები მთავრობის ხარჯების თითქმის ნახევარს შეადგენს.
"ეს პროცესი გაძლიერდება..." - თქვა მან.
იხილეთ ასევე: