29 იანვარს ცნობილი მსახიობი, იუმორისტი, პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ალეკო თეთრაშვილის ასეთი მოულოდნელი წასვლა ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო. მის გარდაცვალებას განსაკუთრებით განიცდიან მისი მეგობრები. მსახიობი პირველად ტელევიზიით, მასობრივად 90-იანი წლების იუმორისტულ გადაცემით "პა-სეანსი" გაიცნეს.
მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა მისი როლები და ამ ქვეყნიდან დღესაც ამ სიყვარულით აცილებს. ამ ფაქტის გამო უამრავი ადამიანი სოციალური ქსელშიც მწუხარებას გამოთქვამს და საყვარელ მსახიობს ემშვიდობება. მისი ნიჭი თავდაპირველად ტელეპროდიუსერმა და ტელერეჟისორმა მამუკა ღლონტმა აღმოაჩინა და „პა-სეანსის“ გმირი გახადა. მამუკა ღლონტი AMBEBI.GE-სთან მეგობარს იხსენებს:
- როგორი იყო ალეკოსთან თქვენი პირველი შეხვედრა. როგორ შეარჩიეთ "პა-სეანსის" მსახიობად, როგორ მოხვდა პროექტში?
- პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ არსებობდა თეატრი „მოდი, ნახე,“ რომლის მსახიობებსაც ვიცნობდი. პროექტს რომ ვიწყებდი, მათ დავუკავშირდი და ვთხოვე, კასტინგზე მოსულიყვნენ. სხვადასხვა ტიპაჟის მსახიობი უნდა შეგვერჩია. როგორც მახსოვს, ალეკო მეორე-მესამე გადაცემიდან შემოგვიერთდა, - ბიჭებმა მოიყვანეს და „პა-სეანსის“ ჯგუფში ფაქტობრივად ყოველგვარი შემოწმების გარეშე ავიყვანე. ასეთი იყო მისი ჩვენს ჯგუფში მოსვლის ამბავი.
- რით მიიქცია ყურადღება, რით იყო გამორჩეული?
- უნიჭიერესი მსახიობი იყო. "პა-სეანსში" ისეთი ადამიანის როლი ჰქონდა, რომელმაც ყველაფერი იცის. მისი გმირი ეკონომიკაში „საფუძვლიანად“ ერკვეოდა. ყოვლისმცოდნის სხვა როლებსაც ასრულებდა, მაგრამ როგორც „პა-სეანსის“ ყველა გმირი, ისიც, ასე ვთქვათ, უჭკუო, თვითკმაყოფილი ადამიანი იყო. ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და ამის ფონზე ათას სისულელეს ამბობდა. საერთოდ "პა-სეანსის" მსახიობები ყველაფერს ვირტუოზულად ასრულებდნენ. ალეკო კიდევ გამორჩეულად - ისეთ გამომეტყველებას მიიღებდა, რომ მის ტექსტს, კომედიურ ჟანრში, ზოგჯერ მნიშვნელობა აღარ ჰქონოდა... ჩვენ გვყავდა დიდი კორიფეები, მსახიობები, რომლებიც მხოლოდ გამომეტყველებით ნაწარმოებებს კომიკურს ხდიდნენ, ალეკოც ამის უნიკალური ნიჭს ფლობდა და პერსონაჟს ვირტუოზულად ასახიერებდა. სწორედ ამიტომ, გმირებიდან, რომლებიც "პა-სეანსში" იყვნენ, ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მისი მათე მელიავას ცნობილი სახე იყო, რომელიც ამ გადაცემაში შექმნა.
- "პა-სეანსის" ვიდეოები სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია. გამორჩეულად უყვართ მუსიკალური რგოლი-პაროდია "მერვეკლასელო", სადაც მთავარი პერსონაჟი ალეკოა, ცუცა კაპანაძესთან ერთად...
- მათი დუეტი ცნობილ მუსიკაზე გადავიღეთ. ეს პაროდია იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვინდოდა, მაყურებელს მაღალი ხარისხის მუსიკისთვის მოესმინა (რა ჩვენი საქმე იყო, მაგრამ რატომღაც ასე გადავწყვიტეთ). ალეკომ და ცუცამაც იმდენად კარგად ითამაშეს, დღემდე ეგ ვიდეო სოციალურ ქსელში რომ იდება, როცა აზიარებენ, ასეულობით ათასი ნახვა აქვს და ათიათასობით დადებითი კომენტარი. მართალი გითხრათ, უარყოფითი კომენტარი ჯერ არ შემხვედრია. ახლა, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა ალეკოს გარდაცვალების გამო, მისი ეს მძიმე ამბავი იმავე „ფეისბუქზე“ დავდეთ, უამრავი კომენტარი დაიწერა, სადაც ადამიანები წერენ, - ჩემი ბავშვობაო... ალეკო იყო მსახიობი, რომლის სახის დანახვაზე ადამიანებს თავიანთი კარგი ბავშვობა ახსენდებათ და არა ცუდი. ეს მნიშვნელოვანია, - ასეთი მსახიობები ძალიან ცოტანი არიან. შეიძლება ვინმე ძალიან პოპულარული იყოს, დიდი მსახიობიც, მაგრამ მას არ ერგოს ის ხვედრი, რაც ალეკოს ერგო. ხომ ვამბობ, მის შესახებ და მის ვიდეოებზე წერენ - ჩემი ბავშვობაო.
- როგორი იყო მუშაობის პროცესში?
- ყველაფერს ერთი თქმით აკეთებდა, ნახევარი თქმითაც შეეძლო, ხანდახან - უთქმელად. ადვილი იყო მასთან მუშაობა ისე, რომ არც კი მახსოვს, ბევრი მემუშავა და დიდად გავრჯილიყავით. ტექსტს წავიკითხავდით, რეპეტიციას გავივლიდით, რაღაც მინიშნებებს მივცემდი და მორჩა. მერე თუ თვითონ გაამდიდრებდა როლს, თორემ მოკლებით არ მოაკლებდა...
- ბოლო დროს ავადმყოფობდა?
- გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია დასჭირდა და ვერ გადაიტანა. ამ კუთხით ბევრი რამ ზუსტად არ ვიცი იმიტომ, რომ მე გურიაში ვარ და ის თბილისში იყო... ბოლოს ყველანი პასიანსის 30 წლისთავზე შევიკრიბეთ. თამადად ალეკო ავირჩიეთ და მშვენივრად ითამადა, თავსაც კარგად გრძნობდა, ჯანსაღად გამოიყურებოდა, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, ღვინოსაც მშვენივრად მიირთვა... მას მერე სამწუხაროდ არ მინახავს, თუმცა „პა-სეანსის“ ჩატში კი გვქონდა კონტაქტი, სადაც ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს.
- როგორი იყო ადამიანურ ურთიერთობებში?
- იმ მშიერ და გაჭირვებულ პერიოდში ხშირად მასთან ოჯახში ვიკრიბებოდით. ჰქონდა განსაკუთრებული კერძები, რომელიც უყვარდა და მათ გვახვედრებდა იმიტომ, რომ ჩვენ გვიხაროდა ალიკოსთან სახლში მისვლა და სტუმრობა. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს... დიდებული თამადა იყო, ისე კი არა, გამზადებულ სიტყვებს რომ ამბობენ, საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა... არ დამავიწყდება, ერთხელ მის მეუღლეს დაურეკა, „პა-სიანსი“ მოვდივართ და სუფრა გაგვიწყო. მაშინ ჩემი „ზაპოროჟეცით“ (მათგან მანქანა მარტო მე მყავდა), მივედით ალეკოსთან. მანქანა ეზოში გავაჩერე და იმ „ზაპოროჟეციდან“ 9 ადამიანი გადმოვედით - მეზობლები ტაშს გვიკრავდნენ...
არ ელოდნენ, რომ ერთი მანქანით მივიდოდით და თან ამ პატარა "ზაპოროჟეცში“ ამდენი კაცი ჩავსხდებოდით... ახლა, მისი გარდაცვალებისას ყველაზე დიდი ემოცია რაც მაქვს, ეს არის სიცარიელის გრძნობა, რომელიც ალეკოს გამო მთელი ცხოვრება მექნება... ხანდახან მომივიდოდა იდეა, ამა თუ იმ მოვლენას, ფაქტს "პა-სეანსით" როგორ ვუპასუხებდი. ჩემთვის ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო, რადგან ტექსტის წერისას, ან რაიმე იდეის ჩამოყალიბებისას ალეკოს წარმოვიდგენდი ხოლმე. ეს ყოველთვის მქონდა გარდა იმ სიყვარულისა, მეგობრობისა, რაც ერთად ყოფნისას გვქონდა. ჩემს გულში დიდი სიცარიელის გრძნობა დატოვა... „პა-სეანსის“ შემდეგ ბევრგან ჩანდა, ბევრგან იყო, თუმცა მისი მთავარი როლი ცხოვრებაში ალბათ "პა-სეანსში" შედგა...
- და თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი მთავარი ტელერეჟისორი (ნუგზარ ბუცხრიკიძის შემდეგ, რომელთანაც ალეკო თეატრში მუშაობდა), რომელმაც მისი ნიჭი და უნარები დაინახა და ამ ყველაფრის გამოვლენის საშუალება მისცა...
- და მოხარული ვარ, რომ ასეა...
ალეკო თეთრაშვილის სასცენო და ტელეპარტნიორს, მსახიობ ცუცა კაპანაძეს ამერიკაში დავუკავშირდით, ცნობილია, რომ ის 18 წელია იქ ცხოვრობს:
- საოცარი შოკი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება, ვერაფრით ვიჯერებ, რომ აღარ არის და ალეკოზე წარსულში უნდა ვილაპარაკო... ალექსს, - ასე ვეძახდი ხოლმე... როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდის წინ სტენტირება გაიკეთა და კარგად იყო... როგორც მითხრეს, იმ დღეს ცუდად გამხდარა, საავადმყოფოში წაიყვანეს, ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ ოპერაციის დროს თრომბი მოწყდა... ფაქტობრივად, გულით გარდაიცვალა... ამ ადამიანს იმხელა გული ჰქონდა, რომ ამ გულმა როგორ ვერ გაუძლო, ეს მიკვირს. ალეკო სიკეთით სავსე ადამიანი იყო.
ყველას კარგი უხაროდა, ყურადღებას არავის აკლებდა... ამერიკაში რამდენიმე მეგობარი ჰყავს, ეს ამბავი რომ გაიგეს, ყველამ დამირეკა და მომისამძიმრა, მითხრეს - სულ გკითხულობდაო, უზომოდ ყურადღებიანი და საოცრად კეთილი იყო... ისე გამოვიდა, მე და ალეკოს, 48 წლის მეგობრობა გვაკავშირებდა. 1977 წელს გავიცანი, ეს იყო „პოლიტექნიკურის“ თეატრში „მოდი, ნახე“. იქ რომ მივედი, პატარა ვიყავი, ალეკო ჩემზე უფროსი იყო... ერთად ბევრი სპექტაკლი ვითამაშეთ. მერე „პა-სეანსშიც“ სულ ერთად ვიყავით, არაჩვეულებრივი დუეტი იყო ჩვენი „მერვეკლასელო“. დღემდე ჰიტია... იმ პერიოდში, როცა ახალი იყო, ქუჩაში რომ გავდიოდით, მაყურებელი „მერვეკლასელო“ - ასე გვეძახდა... ეს სახელი დღემდე შემოგვრჩა. მე კი ჩემი აღნაგობით „მერვეკლასელად“ დავრჩი, მაგრამ ალეკო საერთოდ არ გყავდა მერვეკლასელს... მერე „იუმორინაში“ მიგვიწვიეს - სულ ასე ერთად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ამერიკაში წამოვედი, კონტაქტი არ გაგვიწყვეტია, ერთმანეთს ვეხმიანებოდით. დაბადების დღის, დღესასწაულის მოლოცვას ვერ დაასწრებდი... ჩემთვის ამ ადამიანის წასვლა უდიდესი დანაკლისია. საქართველოში რომ ჩავდიოდი, არ არსებობდა, არ მენახა, მანდ ჩამოსულ ტელევიზიებში სულ ერთად გვიწვევდნენ...
ბოლოს რომ ჩამოვედი, ერთ-ერთი ტელევიზიიდან დაურეკეს, იქნებ მოხვიდეთ, ცუცაც იქნება, ჩამოვიდაო. რაღაც ვერ ვარ კარგად, ახლა მოსვლა არ შემიძლიაო. მერე ეთერი რომ დასრულდა, დამირეკა და მითხრა, - ცუცა, იცოდე, ჩემ გარეშე არ წახვიდე, მომენატრე, მოდი გნახო, ჯიგარო - ასე იცოდა თქმა. ყველანაირად ვეცდები, მოვიდე, მაგრამ ამაღამ მივფრინავ-მეთქი... ისე მოხდა, რომ დრო ვერაფრით გამოვნახე და ვერ მოვინახულე... ჩემს თავს ვადანაშაულებ და განვიცდი... მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ვეღარ ვნახავდი... გამოვფრინდი, მაგრამ ვუთხარი, - ალექს, მალე მაინც სულ ჩამოვდივარ და ხშირად გნახავ და სულ მანდ ვიქნები-მეთქი. ჩამოდი, ჩამოდი, დავუბრუნდეთ თეატრს, თამაში მომენატრაო. ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი გვქონდა რეზო კლდიაშვილის "იადონას თეატრი", ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა. მე და ალეკო დუეტში ვთამაშობდით... ჰოდა, ბატონ ნუგზარს სულ ეუბნებოდა, - ნუგზარ, მიდი, რა, ეგ სპექტაკლი აღადგინეო. მერე ორივენი მირეკავდნენ, ჩამოდი, მუშაობა დავიწყოთო. დაიწყეთ რეპეტიციები, ჩემი როლი ზეპირად ვიცი და შემოგიერთდებით-მეთქი. ალეკოს უნდოდა, რომ ერთად ტელევიზიაშიც რაღაც გაგვეკეთებინა...
- ბოლო დროს ისე აქტიურად, როგორც ადრე, ტელეეკრანზე აღარ ჩანდა...
- უფრო „იუმორინაში“ იყო ხოლმე... მაყურებელს ჩვენი გადაცემა „პა-სეანსი“ ძალიან უყვარდა, მით უმეტეს, იმ ბნელ 90-იანებში. მაშინ რომ შეგვიყვარეს, იმ სიყვარულით დღემდე და უკვე ამდენი წელია, გვანებივრებენ. „პა-სეანსს“ თავისი დევიზი ჰქონდა - "პასიანსი უკვდავია, საუკეთესო მკურნალია"... კარგი იქნებოდა, „პა-სეანსის“ გადაცემები ახლანდელ თაობას რომ ენახა, თუ როგორი კლასიკური იუმორი გადიოდა ქართული ტელესივრცეში 90-ინი წლების სიბნელეში... ალეკოსთან ერთად სუფრასთან ჯდომა იყო რაღაც საოცრება...
დაიწყებდი სიმღერას და აგყვებოდა, პოეზია უყვარდა, პოეზია მეც მიყვარს და ლექსების კითხვას რომ დავიწყებდი, იყო ერთი ამბავი. იცოდა ასევე ბევრი შაირი, ერთხელ გასტროლებზე დასავლეთ საქართველოში ვიყავით, ზუგდიდიდან თბილისამდე ავტობუსში ვიყავით და ის შაირები გვეყო... ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ, - ალეკო დიდი, კეთილი ბავშვი იყო...
სხვათა შორის, ადრე „გეპეის“ კაპელაშიც ჯარჯი მაღალაშვილთან ერთად მღეროდა... მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა. ამდენი ცრემლი რომ გაჰყვება ადამიანს და ამდენი სიყვარული რომ გაქვს შენი მაყურებლის, - მართლა რაღაც გაგიკეთებია, შეგიქმნია, ხალხს სხვა შემთხვევაში გული ასე არ დაწყდებოდა. უყვარდა სიკეთის კეთება, რითაც სხვას აბედნიერებდა და ეს მართლა ბედნიერებაა... ორი არაჩვეულებრივ შვილი ჰყავს - ბიჭები, შესანიშნავი მეუღლე, ქალბატონი ნანა და შვილიშვილები. გიჟდებოდა თავის შვილიშვილებზე... ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ და ალეკოს გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართველ მაყურებელს.