გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ამ ინფორმაციას ძალიან მძაფრად გამოეხმაურა "ქართული ოცნება", რომლის პოლიტიკურმა საბჭომ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. "უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს "დიპ სთეითმა", იმავე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი", - აცხადებს "ქართული ოცნება". განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ივანიშვილი არ დასანქცირდება.
ამ თემაზე ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა:
"ეს იქნება ყველაზე ქმედითი ბერკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აი, რატომ - ტრადიციულად, ლონდონის ბირჟა მსოფლიო გლობალიზებული ეკონომიკის ძირითადი ინსტრუმენტია, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოდან წამოსული ფულის ნაკადები. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი სწორედ ამ ბირჟასთან არის დაკავშირებული. თუ ეს გზა გადაეჭრება, თან ისე, რომ მოხდება ყველა მასთან დაკავშირებული კომპანიის იდენტიფიცირება, მაშინ ის დარჩება ეკონომიკური ბერკეტის გარეშე, დარჩება ერთგვარ ვაკუუმში. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან, რასაც ეს წერილიც მოწმობს, რაც, თავის მხრივ, მორიგი ბოდვაა გლობალურ ომის პარტიაზე. სიმართლე გითხრათ, "ოცნების" წარმომადგენლებს, ალბათ, არც ესმით ამგვარი სანქციების სიმძიმე. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ვფიქრობ, ივანიშვილს აღმოხდა, ვაიმე, ლონდონიო, და "ქართული ოცნების" იდეოლოგებმაც მაშინვე გაიმეორეს.
როდესაც კანონის აღსრულებას შეეხება საქმე, ორმაგი სტანდარტი იყო და არის ჩვენი ხელისუფლებების პრობლემა. პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტებზე, და ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ვითომდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ამგვარი მიდგომებით საკუთარ მხარდამჭერებსაც აეჭვებენ. ის იმედი, რასაც ამყარებდნენ "ქართულ ოცნებაზე", ხალხს საპნის ბუშტივით ხელში უქრება. როგორც წესი, ბევრი მხარს ძლიერს უჭერს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ეს ძლიერი იშლება, მხარდაჭერაც ქრება. "ქართული ოცნების" იდეური მხარდამჭერია, ალბათ, 1%, დანარჩენი ამორფული მასაა, რომელსაც არა აქვს არანაირი მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. თუ არადა, უმძიმესი წლები გველის, რომლის შედეგადაც შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ". წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად