ანაკო ტურაშვილი პროფესიით კინომცოდნეა, "თეატრალურში“ სწავლობდა, როცა ჯერ კიდევ პირველკურსელმა ტელევიზიაში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. იყო ტელეწამყვანი და ჟურნალისტი. უმუშავია გადაცემის პროდიუსერად, პიარშიც... სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს და რაც მთავარია, აქვს მუდმივად სწავლის სურვილი. ამის დასტური ისიცაა, რომ ერთი კვირის წინ, ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც ერთი წელი უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობდა.
"ილიაუნიში“ მაგისტრატურა პიარის კუთხითაც მაქვს დამთავრებული, ერთი პერიოდი თეონა ბაღდავაძესთან პიარში ვმუშაობდი. მერე ისევ ტელევიზიაში, "იმედის“ დილაში დავბრუნდი,“ - გვეუბნება ანაკო ტურაშვილი.
- როგორც ჩანს, მრავალმხრივი ინტერესები გაქვთ...
- ასე გამოდის.. ჯერ GDS-ზე ვიყავი, მერე "იმედში“ ეკა ხოფერიას გადაცემის პროდიუსერი და ჟურნალისტი. შემდეგ დავრჩი და დავრჩი, - შემოვრჩი ტელევიზიას, რადგან ძალიან მიყვარს. ტელევიზიიდან რამდენჯერაც წამოვედი, იმდენჯერ დავბრუნდი. ბოლოს "ფორმულაში“ "მე-17 სართულზე“ წამყვანი ვიყავი, საიდანაც ასევე წამოვედი და შარშან, შემოდგომით, ერთი წლით, სასწავლებლად ესპანეთში წავედი. კიდევ რაღაც ახლის შესწავლა გადავწყვიტე. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა და მაინტერესებდა. მადრიდის უნივერსიტეტში ჩემი ნამუშევრები გავაგზავნე, მაგისტრატურაზე ჩავაბარე და დაფინანსება ავიღე. სწავლა ახლა დავასრულე... დარჩენას ვფიქრობდი, მაგრამ ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი.
- როგორ ჩანდა ესპანეთიდან საქართველოში მიმდინარე პროცესები?
- ჯერ შარშან, გაზაფხულზე, აპრილ-მაისში, "რუსული კანონი“ რომ შემოაბრუნეს, პირველი შემთხვევა იყო, როცა აქციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან უკვე ესპანეთში ვიყავი. მაგ პერიოდში ძალიან გამიჭირდა საქართველოსგან შორს ყოფნა. არადა, ლამის მთელი ცხოვრება აქციაზე მაქვს გატარებული. პირველად მიტინგზე 2 წლის ასაკში ვიყავი და იმის მერე სულ აქციაზე ვარ...
ახლა კი, ბოლო თვეებში ქვეყნის გარეთ ყოფნა ჩემთვის უმძიმესი აღმოჩნდა, რადგან აქ საოცრებები ხდებოდა, რაც, სამწუხაროდ, ისევ გრძელდება.
მხოლოდ ახლობლებმა იციან, როგორ მიჭირდა იმ საშინელი ამბების ყურება და როგორ განვიცდიდი. აქ ყოფნა 100-ათასჯერ მერჩივნა, რადგან ამ ყველაფერს იქ კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამდი. ეს უმძიმესი სასჯელი ყოფილა - ქართველების სასჯელი. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, ამის შორიდან ყურება თუ ასეთი რთული იქნებოდა და ასე გამიჭირდებოდა.
- ესპანეთში, უცხოელებამდე როგორ მოდიოდა ეს ინფორმაცია?
- როცა ყველა საინფორმაციო გადასცემს, იგებენ და ინფორმაცია თითოეულამდე მიდის. ყველამ იცის, საქართველოში მთავარი მოვლენები - ის, რომ საყოველთაო პროტესტია. ჩემი მეგობრების გარდა, როცა უცხო ადამიანები იგებდნენ, რომ საქართველოდან ვარ, მეკითხებოდნენ, - უი, რა ხდება თქვენთან?!
...როდესაც აქციების დარბევას ვუყურებდი, მინდოდა, მეგობრებს იქიდან რაღაცით დავხმარებოდი და ვწერდი - აქედან მოდიან, იქით გაიქეცით, ახლა იქიდან მოდიან-თქო. მათ მხარდასაჭერად რაღაც ასეთი როლი მოვიფიქრე... ასე დისტანციურად და აქტიურად ვიყავი ჩართული... ხომ ვამბობ, საშინელება იყო, მეგონა, ვერ გავუძლებდი...
რომ ჩამოვედი, პირველივე დღეს, აქციაზე წავედი. ისეთი გახარებული ვიყავი იქ რომ ვიდექი და პროტესტში ვმონაწილეობდი.
არადა, ამ ქვეყანაში რამდენი გამქრალი პროტესტი მინახავს, რამდენჯერ წამოვსულვართ პროტესტიდან გულდაწყვეტილები, რომ ვერ მივიღეთ ის, რასაც ვითხოვდით. იმ გამოცდილებით, ამჯერადაც მეგონა, რომ სამ დღეში ყველაფერი დამთავრდებოდა და გაოცებული ვიყავი, რომ პროტესტი არ შეწყდა, არავინ არსად წასულა. ვერ ვიჯერებდი, რომ პროტესტის 43-ე დღე იყო და მეც აქ ვიყავი... თუმცა ესპანეთში ზოგჯერ მართლა მეგონა, რომ ვიდრე ჩამოვიდოდი, აქციები დაიშლებოდა.
როგორ იქნება, ამ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, რომ შედეგი არ მოჰყვეს?! ხალხი ისეთი გაბრაზებულია, რომ წარმოუდგენელია, დამშვიდდნენ და ცხოვრება ყველამ წყნარად გავაგრძელოთ, ისე, ვითომ არაფერი მომხდარა. ჩვენ ხომ ადამიანების წამებას, მათ შორის, ახლობლების, მეგობრების, უცხო ადამიანების, ახალგაზრდების, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით...
- როგორია თქვენი პროგნოზი?
- ძალიან რთულია რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება. ისეთი პროცესებია, რომ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ამ ქვეყანას რა არ გამოუვლია, მაგრამ მაინც გადავრჩით, გამორიცხულია, ოლიგარქიამ და ადამიანების ვიწრო ინტერესებმა გაიმარჯვოს, რომელიც ფულზეა აგებული. შეუძლებელია, ქართველებმა საქართველო გავყიდოთ და უსამართლობას შევეგუოთ. აქ ხომ შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე არ არის ლაპარაკი, იმ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ ხვალ შესაძლოა ქვეყანა არ გვქონდეს და შეიძლება ბელარუსში გავიღვიძოთ.
200 წელია, ერთი მტერი გვყავს და ის მტერი ყოველთვის ცდილობს, გადაგვაჯიშოს და გაგვაქროს. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ ამ მარწუხებიდან ბოლომდე თავი ვერ დავიხსენით. დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ როგორც ჩანს, თავისუფლება - ვერა... ევროპა და ევროკავშირი მაგიტომ გვინდა, რომ თავი დავიხსნათ, თავისუფლება მოვიპოვოთ. ახლა ამისთვის მიდის ბრძოლა. მჯერა, ეს ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და გავიმარჯვებთ!
- ამ კრიზისიდან გამოსავალი რა არის?
- არ უნდა დავნებდეთ... რასაც ვუყურებ, მათ არცერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამთ - ერთი პატიმარიც არ გამოუშვიათ, არაფერს თმობენ. შესაბამისად, არც ჩვენ უნდა გადავდგათ უკან ნაბიჯები. ერთადერთი გამოსავალი ბოლომდე ბრძოლაა - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
- ანაკო, გვითხარით, რომ აქციაზე პირველად 2 წლის ასაკში მოხვდით, სადაც მამამ წაგიყვანათ... გახსოვთ რაიმე იქიდან?
- ამის ამსახველი ფოტოც მაქვს, თუმცა იმ პერიოდიდან რაღაცები ბუნდოვნად მახსოვს... შემდეგ წლებშიც, როცა ცოტა წამოვიზარდე, მუდმივად დავყავდი და ეპიზოდების გახსენება უკვე იმ დროიდან შემიძლია. მახსოვს, "ვარდების რევოლუციის“ წინ აქციებზე რომ დავყავდი, 11 წლის ვიყავი და რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე... სხვათა შორის, ჩემი მესამე და, სოფიო 2003 წლის 20 ნოემბერს დაიბადა, "ვარდების რევოლუციამდე“ სამი დღით ადრე.
- სამი და ხართ - გოგო შვილებით მამათქვენი, დათო ტურაშვილი ამაყობს...
- კი და ხუმრობით ამბობს ხოლმე, რომ ძაღლიც კი გოგო მყავსო. ამ ყველაფრით დიდად ბედნიერი და კმაყოფილია. დათოს შვილიშვილიც კი გოგონა ჰყავს, ანუ ჩემს შვილს ვგულისხმობ.
- მამა აქციებსა და მიტინგებზე მიღებული გამოცდილებიდან არაფერს გიყვებოდათ?
- ისე გვზრდიდა, რომ სულ გვეუბნებოდა - ადამიანი ყველა ხელისუფლებას უნდა ებრძოდესო და თვითონ ასე გამოუვიდა. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა საკუთარ თავს და საკუთარ სკამს. თავიდან კი გვპირდებიან რაღაცებს, მაგრამ მერე ურევენ.
- დათო ძალიან ემოციური ადამიანია. როგორ ხვდებით შვილები ამას?
- ძალიან მძიმედ, რადგან ეს ემოციები მის ჯანმრთელობაზე აისახება. პირველი გულის შეტევა რომ გადაიტანა, მას მერე სულ დაძაბულები ვართ. ბოლოს 2023 წელს, მარტის აქციებისას კინაღამ ჩაგვაკვდა ხელში. ხელისუფლების მისამართით რაღაც ილაპარაკა, მერე მასზე რაღაც ფეიკი ინფორმაციები გაავრცელეს... ამ რაღაც ინფორმაციებს ვუმალავთ ხოლმე, თვითონაც სოციალური ქსელები არ აქვს.
მუდმივად წამლებს ვასმევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ნეგატიური ინფორმაციებისგან დავიცვათ. ვეუბნებით, რომ გულთან ახლოს არაფერი მიიტანოს. დედაჩემი არსად უშვებს, მაგრამ ჩუმად იპარება, ჯერ წიგნებსა და ლიტერატურაზე სასაუბროდ მიდის და მერე პოლიტიკაზე ლაპარაკობს.
დამალვის მიუხედავად, მაშინ ყველაფერი მაინც გაიგო... მერე "ფორმულას“ ეთერში ლაპარაკობდა, ვეღარ გაჩერდა და ცუდად გახდა. საბოლოოდ, საავადმყოფოში მოხვდა. იქიდან კი - თურქეთის კლინიკაში აღმოჩნდა.
გულზე არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული... იქაურმა ექიმებმა რომ ნახეს, თქვეს - არც კი ვიცით, აქამდე როგორ ჩამოაღწიაო?!
- როგორი გრძნობაა, როცა ასეთი მამის შვილი ხარ?
- საამაყოა. დათოს, როგორც მამას, ისე ვაფასებ და არა როგორც მწერალს და საზოგადო მოღვაწეს. ოჯახში ძალიან გამიმართლა. მკაცრი სულაც არ არის. მკაცრია მაკა, დედაჩემი. ამასთან, მას აქვს ოჯახში კონტროლი ვალდებულებები და ზოგადად, ჩვენზე ყველაზე ზრუნავს.
- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?
- 20 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, მაგრამ ახლა მეუღლეს გაშორებული ვარ. მყავს 11 წლის შვილი, თამარ მერლანი. მე და ჩემი შვილი მეგობრებივით ვართ. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.
- ანაკო, ვიცი, რომ წერა გიყვართ...
- კი, ბავშვობიდან ვწერ, წერა მიყვარს, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ამ მიმართულებით, არაფერი. რაღაც პერიოდი ჟურნალებში ვმუშაობდი და წერილებს, სტატიებს იქ ვაქვეყნებდი. დამიწერია ასევე ონლაინგამოცემებისთვისაც. დათოს უყვარს ჩემი ნაწერები. ხანდახან რაღაც ისეთ თემებს თუ შევეხები, მაგალითად, სამშობლოს, ეტირება ხოლმე... უხარია... საერთოდ გულჩვილი, მოსიყვარულე ადამიანია. რაიმე რჩევა რომ მომცეს, ასე არ არის.
- სახლში ისეთივეა, როგორც ტელეეკრანზე?
- ისეთივეა, როგორსაც ტელეეკრანზე ხედავთ. სულ კარგ ხასიათზეა, რაღაცას ჰყვება, ხუმრობს, კითხულობს და წერს. რამდენიმე საქმის კეთება ერთდროულად შეუძლია, მაგალითად, მაგ დროს გარშემო ხმაური არ აწუხებს. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მგზავრობის დროსაც შეუძლია.
- რა სურვილები და რა გეგმები გაქვთ?
- რაც ახლა ჩვენ გარშემო ხდება, ეს მაგ მიმართულებით ფიქრის საშუალებას არ მაძლევს, ვერაფერზე ვკონცენტრირდები. არაფერი მაინტერესებს იმის გარდა, რასაც ახლა ვუყურებ... ჩემი ფიქრები მხოლოდ ამას უკავშირდება. მინდა, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მალე ყველაფერი კარგად იყოს - მერე ყველანი ყველაფერს მივხედავთ.