უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რემისიაშია. ამის შესახებ პრინცესამ სოციალურ ქსელში დაწერა, მას შემდეგ, რაც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე მარსდენის სამეფო საავადმყოფო მოინახულა, სადაც ადრე მკურნალობას გადიოდა.
პრინცესა ქეითის თქმით, ის კვლავ ფოკუსირებულია გამოჯანმრთელებაზე.
"როგორც ყველამ, ვინც სიმსივნესთან ბრძოლა გადაიტანა, იცის, დროა საჭირო, რომ ახალ ცხოვრების წესს შეეჩვიო. მიუხედავად ამისა, მოუთმენლად ველოდები მომავალი წლის გამოწვევებს", - დაწერა პრინცესამ, ინიციალით "K“.
ქეითის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ პირველად ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მას მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. 2024 წლის მარტში, მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარ დიაგნოზზე, ხოლო სექტემბერში განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. პრინცესამ ასევე დაამატა, რომ "ყველაფერს გააკეთებს, რათა სიმსივნე არ დაუბრუნდეს.“
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Cancer Research UK-ის განმარტებით, ტერმინი "რემისია“ აღნიშნავს სიმსივნის ნიშნების არარსებობას მკურნალობის შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნე ისევ ჩნდება, ამიტომ ექიმები უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს "რემისია“ და არა "გამოჯანმრთელება“.
14 იანვარს, დილით, პრინცესამ მარსდენის სამეფო საავადმყოფო მოინახულა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. ვიზიტისას მან მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, თავისი გამოცდილება გაუზიარა სხვა პაციენტებს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. პრინცესამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მკურნალობის სირთულეებისა, "ყოველთვის არსებობს გვირაბის ბოლოს სინათლე“.
ქეითის თქმით, ის დღემდე გრძნობს დაავადების შედეგებს, რაც მხოლოდ მკურნალობის გვერდით ეფექტებს არ შეეხება, არამედ უფრო ხანგრძლივ, ცხოვრებისეულ ცვლილებებს. "ფიქრობთ, რომ მკურნალობა დასრულდა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით, მაგრამ ეს კვლავაც სერიოზული გამოცდაა", - განაცხადა მან.
ვიზიტისას პირველად გახდა ცნობილი, რომ პრინცესა მარსდენის სამეფო საავადმყოფოში მკურნალობდა. მან მადლობა გადაუხადა ექიმების გუნდს, რომლებმაც მას დახმარება გაუწიეს, და ყველას, ვინც "ჩუმად იდგა მისი და პრინცი უილიამსის გვერდით“, როდესაც ისინი სირთულეებს უმკლავდებოდნენ.
ეს იყო პრინცესას პირველი ოფიციალური გამოსვლა საზოგადოებაში 2025 წელს და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სამეფო მოვლენა მკურნალობის დასრულების შემდეგ. პრინცესამ საზოგადოებაში გამოჩენა გასულ წელს ნელ-ნელა დაიწყო, როდესაც დაესწრო ვეტერანთა ხსოვნის დღის ღონისძიებას და საშობაო კონცერტს ვესტმინსტერის სააბატოში, რაც მის გამოჯანმრთელებაზე იმედის მომცემ ნიშნად აღიქმებოდა.