წიგნი ყველასთვის და არავისთვის - ეს გერმანელი ფილოსოფოსის „ესე იტყოდა ზარატუსტრაა“, რომელიც ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „კვლავდაბრუნების იდეა“, „ღმერთის გარდაცვალების“ ქარაგმა და ზეადამიანის „წინასწარმეტყველება“, რომელიც პირველად ნიცშემ „მხიარულ მეცნიერებაში“ ახსენა.
წიგნი, რომელსაც თავად ნიცშე „ყველა დროის ყველაზე ღრმა“ ნამუშევარს უწოდებდა, 1883-85 წლებში დაიწერა. ნოველა წარმოადგენს ეზოთერულ ტრაქტატს ფილოსოფიასა და მორალზე. წიგნის პროტაგონისტი არის განდეგილი წინასწარმეტყველი - ზარათუსტრა, რომელიც ასკეტიზმს მიატოვებს და კაცობრიობას დაუბრუნდება საქადაგებლად: „ამად მსურს შენებრ ქვედავეშვა:
მმართებს დავეშვა, ესე იტყვიან ადამიანები, მათ ვეშურები დაღმით.
მაშ მაკურთხე შენ, თვალო წყნარო, უშურველად რომ უმზერ თვით უსაზღვრო ბედნიერებას!
აღსანიშნავია, რომ „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ გერმანულიდან ქართულ ენაზე ერეკლე ტატიშვილმა თარგმნა.
ფრიდრიხ ნიცშე და მისი ღვაწლი
მე-19 საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.
ფილოსოფოსი დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ რეკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ჰყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი სახლს დაუბრუნდა. ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგსა და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს.
მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ ნიცშემ მან გამოავლინა სპეციფიკური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო ლექსებსა და მუსიკაზე ზეგავლენას ახდენდა. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციულ გლეხურ გარემოცვასთან. 1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ სტუდენტური გაერთიანების წევრი გახდა. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის „ქრისტეს ცხოვრებას“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს „ბედი და ისტორიაში“ წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას. ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლაზე.
მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები. 1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს „მატერიალიზმის ისტორია“. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე.
1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში, მაგრამ 1868 წლის მარტში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, ის გამოუსადეგარი გახადა ჯარში სამსახურისთვის. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს. რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად არ იყო არც ერთი ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ პერიოდის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მან ასევე გადაიტანა დიფთერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა.
1870 წელს ფილოსოფოსი დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა „ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია“. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა.
ნიცშე შეეცადა, ბაზელის უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულებით დაემკვიდრებინა თავი, თუმცა უშედეგოდ.
ღმერთის სიკვდილის თემას ნიცშეს ფილოსოფიაში შემოაქვს ტრაგიკული მოტივები. იდეალური სამყარო დაინგრა - ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას გამოეცალა საყრდენი, ადამიანი რჩება ორიენტირების გარეშე. ღმერთი მოკვდა, ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ეთაყვანებოდა, კარგავს თავის ფასს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კართან მომდგარია „ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი“ - ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის აღმოცენება ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ღირებულებები უფასურდება. ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, არის „არას“ თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლეს. ნიჰილიზმში, ვლინდება იმედის გაცრუება ოპტიმიზმით სავსე შეხედულებათა მიმართ, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სამყაროს ქმნადობაში ხორციელდება მაღალი მიზანი, რომ სამყაროსეული პროცესი არის მოძრაობა უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის, სიყვარულის ზრდის, საყოველთაო ბედნიერებასთან მიახლოების გზით: ნიჰილიზმის ფორმაში ევროპა საბოლოოდ ეთხოვება საზოგადოების პროგრესის ძველ რწმენას, რომლის თანახმად უმაღლესი სიკეთე თუ ბედნიერება ფატალური აუცილებლობით იკვალავს გზას კაცობრიობის ისტორიაში.
R