მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ქურდოვანიძის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე.
"იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის.
აღსანიშნავია, რომ უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
"ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი. მაგალითისთვის, ერთ-ერთი დაზარალებულის ტელეფონი ჩაირთო ქალაქ გორში. რამდენიმე შემთხვევაში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან.
ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“.
„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა, თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ. ჩემი ტელეფონი თავდაპირველად ორთაჭალაში რომელიღაც შსს-ს შენობაში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ რომელიღაც პოლიციელმა ან სპეცრაზმელმა ის დიდ დიღომში, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, რისი იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, დაადგინეს ვინაობა - სად ცხოვრობს, რომელ კორპუსში, თუმცა როდესაც ამაზე განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო. მათ შეუძლიათ დღესვე დააბრუნონ ჩემი ტელეფონი, თუმცა ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა დავით გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ მისი მოპარული მობილური ტელეფონი გორში დაფიქსირდა აქტივისტმა ავთანდილ კუჭავამ გაავრცელა.
"თხოვნა მექნება მედიებთანაც, რომ ჯილდოს შესახებ გამავრცელებინოთ ინფორმაცია. არ არის პატარა თანხაზე საუბარი. ჩემი მობილური, რომელზეც გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობის კრიპტო აქტივი მქონდა გადატანილი იმ დღეს (ამის გამო ვერ მოვასწარი 12 სიტყვის ამოწერა), მომპარა ნაბიჭვარმა თანამშრომელმა (აქვე იგულისხმება ყველა გინება რაც კი არსებობს უბრალოდ აღარ დავწერე. თანხის ოდენობა ხუთნიშნა ციფრზე მეტია საფულეზე აქვე დავაზუსტებ - ჩემს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია წვდომა მიიღოს ვინმემ თუნდაც ჩემი მობილური ხელში ეკავოს იმ კრიპტო აქტივებზე, რომელიც შენახული მაქვს დაცულად (იმდენად დაცულად, რომ მეც არ მაქვს წვდომა.
და ასევე როგორც კი ვნახავ, რომ მობილური ჩაირთო 10 წუთზე მეტს არ ვაცდი და ეგრევე დავარესეტებ, შესაბამისად იმდენი ფული არც მე შემხვდება მაგრამ მოროდიორ სულით ნაბიჭ**რს ოჯახიდან კი არა საღორედან გამოგდებულს მაინც არ შეერგება.
ამის შესახებ ყველგან აბსოლუტურად ყველგან გავაკეთეთ განცხადებაც და დავრეკეთ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია არავისგან, არც ცხელ კვალზე შეტყობინების დროს და არც შემდგომ. ვცდილობდი ხმაურის გარეშე მივსულიყავი იქამდე, რომ ჩემი მობილური უკან ეყიდათ ჩემს მეგობრებს და მარტივად მომეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა.
ხო, უბრალოდ ის არ იცის, რომ 300 ლარად გაყიდვას ან icloud-ს დარესეტებას რომ ცდილობს იმ დარესეტებასთან ერთად გაქრება და აორთქლდება ეგ კრიპტო ვალუტებიც, რაც ზედ მაქვს გადატანილი.
ახლა მინდა უბრალოდ გამავრცელებინოთ ეს მესიჯი - ვინც Iphone 13-ს ლურჯს (128 GB) ამ ოჯახით ნაბიჭვრისგან ჩაიბარებთ ან icloud-ს მოსახსნელად მოვა, გადმოგცემთ მობილურზე არსებული კრიპტო ვალუტის 30 %-ს $-ში ადგილზევე,თუ მობილურთან დაკავშირებით:
1. შემატყობინებთ და
2. ადგილზე, რომ მოვალ და მობილურს გავხსნი თქვენს თვალწინ ვნახავთ რამდენიც დევს და იმის შესაბამის წილს მიიღებთ თქვენ.
ჩემს მეგობრებს გთხოვთ გამავრცელებინოთ ეს ინფორმაცია, რომ ბევრის ყურამდე მივიდეს.პ.ს.
ერთ სქრინზე მობილური პირდაპირ გდდ-ს ბაზაზე პარკინგზე ფიქსირდება; მეორე სქრინზე პარკინგიდან გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. აიქლაუდის მოხსნას ცდილობდა და ვერ მოხსნა ამ ეტაპზე, - წერს აქციაზე ნაცემი ავთანდილ კუჭავა სოციალურ ქსელში