მცენარე, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 47 მილიონი წლის წინ, ახლანდელ იუტას ტერიტორიაზე ცხოვრობდა, არ ჰგავს იმ მცენარეებს, რომლებიც ამჟამად დედამიწაზე არსებობს.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ 1969 წელს აღმოჩენილი მცენარე ჟენშენის ოჯახს მიეკუთვნებოდა. თუმცა, ახალი ნამარხების შესწავლამ ეს თეორია გააქარწყლა.
Othniophyton elongatum-ის ნიმუშები პირველად იქნა აღმოჩენილი იუტაში. პალეობოტანიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნებისმიერი მცენარის ნამარხი, რომელიც 65 მილიონ წლამდეა, უნდა იყოს დაკავშირებული დღეს მცხოვრებ მცენარეებთან. არც Othniophyton elongatum იყო გამონაკლისი.
აღნიშნულ უძველეს სახეობას Oreopanax elongatum პალეობოტანიკოსმა ჰარი მაკგინიტიმ დაარქვა. ის იყო პირველ ადამიანი, ვინც ნამარხებს სწავლობდა. სწორედ მან შეიყვანა მცენარე ჟენშენის ოჯახში.
თუმცა, მკვლევრებმა ახალი ნამარხები აღმოაჩინეს, სადაც ცხადი გახდა რომ Oreopanax elongatum სულ სხვა სახეობაა.
ფლორიდის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეობოტანიკოსის სტივენ მანჩესტერისა და მისი კოლეგების თქმით, “რაც უფრო მეტს სწავლობდნენ Oreopanax elongatum-ის შესახებ, მით უფრო მტკიცდებოდა ფაქტებით, რომ აღნიშნულ უძველეს მცენარეს არ აქვს საერთო აქამდე აღმოჩენილ მცენარეებთან“.
პირველი განსხვავება იყო ტოტზე პირდაპირ მიმაგრებული ფოთლები. კენკრის დათვალიერებისას კი მცენარე კიდევ უფრო იდუმალი გახდა.
მუზეუმში ახალი მიკროსკოპის სადგურის დამონტაჟების შემდეგ ნამარხები უფრო დეტალურად გაშიფრეს. მათ შეძლეს კენკრის შიგნით ჩახედვა, რათა დაენახათ მცენარის თესლი და გაეგოთ ყვავილების უმცირესი დეტალებიც კი.
“როგორც წესი, ნაყოფის განვითარებისას მტვრიანები ცვივა. ხოლო, უჩვეულო ნაწილი აღნიშნული მცენარისა არის ის, რომ ის ინარჩუნებს მტვრიანებს იმ პერიოდში, როდესაც ნაყოფი ვითარდება. მსგავსი არაფერი გვინახავს,“ - ამბობს მანჩესტერი.
კენოზოური ეპოქის მცენარეებთან შედარების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ მისი მსგავსი ჩანაწერი აქამდე არ არსებობდა.
“ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა სახეობისაა მცენარე. ის ყველაზე მეტად Caryophyllales-ს ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი განსხვავებაა“, - ამბობენ კვლევით ცენტრში.
მკვლევრებმა გადაშენებულ მცენარეს დაარქვეს სახელი Othniophytum elongatum - რაც ბერძნულად "მოგრძო უცხო მცენარეს" ნიშნავს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ის სავარაუდოდ ეკუთვნოდა მცენარეთა იმ ოჯახს, რომელიც დედამიწაზე აღარ არსებობს.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Annals of Botany.
იხილეთ ასევე: