პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავისუფალია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოში ელისაშვილის გუნდის წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.
ალისაშვილის თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.
"ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი "ოკმელა" ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი. მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.
პროკურორმა ანა მეტრეველმა შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. თუმცა, ბრალდების მხარის განმარტებით, საფრთხეები მაღალი ხარისხის აღარაა და პატიმრობა ნაკლებად საჭიროებს ძალაში დატოვებას.
ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და ვახტანგ კვიჟინაძე გირაოს შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ვინაიდან მათი თქმით, ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.
დაცვის მხარის თქმით, ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. რეხვიაშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატის თქმით, დანაშაული ალი ბაბაევმა ჩაიდინა და დაზარალებული თავად ელისაშვილია.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
იხილეთ ასევე: