XI მოწვევის პარლამენტმა ყველა რეზოლუციის პროექტის განხილვაზე თქვა უარი, რომელიც რუსეთ-უკრაინის, ასევე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას შეეხებოდა და რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ იყო ინიციირებული.
გასულ კვირას, XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი ინიციატივების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელა. პარლამენტმა კი იმ კანონპროექტების ნუსხა დაამტკიცა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის გადმოჰყვა და რომელზეც მუშაობა ახალ პარლამენტში გაგრძელდება.
განსახილველად წარდგენილ იმ საკითხებს შორის, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს, არის შემდეგი პროექტები: - რეზოლუციის პროექტი “უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“; რეზოლუციის პროექტი “უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“; რეზოლუციის პროექტი “საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“.
ყველა ამ რეზოლუციის პროექტის ავტორი და ინიციატორი ოპოზიცია იყო. წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი უმრავლესობა ოპოზიციის შეთავაზებების განხილვისგან თავს იკავებდა და პერმანენტულად განხილვის გადავადების გადაწყვეტილებას იღებდა. ახალმა პარლამენტმა კი, რეზოლუციის პროექტების განხილვა მიზანშეუწონლად გამოაცხადა და დღის წესრიგიდან მოხსნა.
აღნიშნულ რეზოლუციებზე წამყვანი კომიტეტი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იყო, რომლის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, “ეს რეზოლუციები აღარ არის დროული, მათი განხილვა ახალი მოწვევის პარლამენტში არც მიზანშეწონილია და შესაბამისად, მათი განხილვის პროცედურაც მიზანშეუწონელია“.