სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დაემხო - ის და მისი ოჯახის წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ და როგორც ცნობილია, მოსკოვს შეაფარეს თავი.
პარტია "ბაასი" სირიას სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა და დაემხო ათ დღეში. დანამდვილებით არავინ იცის, რა ბედი ეწევა სირიას, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალაუფლებისა და გავლენისთვის ბრძოლა როგორც შიდა, ისე გარე მოთამაშეებს შორის უკვე დაწყებულია.
რიცხვი "რვა" საბედისწერო გახდა სირიის ისტორიაში. 1963 წლის 8 მარტს ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა არაბული სოციალისტური რენესანსის პარტია ("ბაასი"), 2024 წლის 8 დეკემბერს კი დაეცა.
ყველაფერი ასე დაიწყო 1963 წლის თებერვალში "ბაასის" ერაყულმა განყოფილებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ძალაუფლება სრულად დაიქვემდებარა. ამით შთაგონებულმა სირიელმა ოფიცრებმა ახალი აჯანყება მოაწყვეს, რომელიც 1963 წლის 8 მარტს წარმატებით დასრულდა. გადატრიალებისას წამყვანი როლები შეასრულეს გაქცეული ბაშარ ასადის მამამ ჰაფეზ ასადმა და სალაჰ ჯადიდმა. სწორედ ჯადიდი გახდა ჰაფეზ ასადის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გადატრიალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
დროთა განმავლობაში მეგობრებს შორის წინააღმდეგობა სულ უფრო იზრდებოდა და 1969 წელს კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯადიდს ხელმძღვანელი პოსტი (გენშტაბის ხელმძღვანელი) ეჭირა, ქვეყნის არმიაში მასზე დიდ გავლენას ჰაფეზ ასადი ფლობდა.
1970 წლის პირველ ოქტომბერს "ბაასის" რიგგარეშე სხდომა იმართებოდა
ყრილობაზე ასადი დელეგატების კრიტიკულმა უმრავლესობამ გაკიცხა, დადგა პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხიც, რასაც ასევე მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ, თუმცა ამას უკვე არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ შენობაში შესვლამდე ჰაფეზ ასადმა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ნაწილებს უბრძანა, ალყაში მოექციათ შენობა. ასადის ბრძანებით დააპატიმრეს ჯადიდის მთავრობის უმნიშვნელოვანესი წევრები, ხოლო თავად ჯადიდს და რამდენიმე საშუალო რგოლის ხელმძღვანელს ასადის მთავრობაში მუშაობა შესთავაზეს, რაზეც უარი უთხრა, რის მერეც დააპატიმრეს...
ამ ყველაფრის შემდეგ 1971 წლიდან სირიის სათავეში ასადის ოჯახი მოვიდა, ჰაფეზ ასადის შემდეგ ქვეყნის მართვა მისმა ვაჟმა - ბაშარმა გადაიბარა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ა.წ. 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ალ-ასადი სირიიდან რუსეთში გაიქცა, სადაც მას თავშესაფარი "ჰუმანიტარული ნიშნით“ მისცეს. უფრო მეტიც, მედიის პუბლიკაციების მიხედვით, გაქცევა ფარულად მოხდა სირიის მთავრობის წევრებისგან, რომელთა წარმომადგენლებმა თითქმის მაშინვე გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ახალ ხელისუფლებასთან - შეიარაღებულ ოპოზიციასთან Hayat Tahrir al-Sham-ის (HTS) მეთაურობით.
ასადის საწინააღმდეგოდ შეტევა 27 ნოემბერს დაიწყო. ამბოხებულებმა ორ კვირაზე ნაკლებ დროში ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და მიიღეს კარტბლანში გარე მოთამაშეების უმეტესობისგან, რომლებიც ამა თუ იმ გზით ახდენენ გავლენას სირიაზე. ასადის მოკავშირეები, რუსეთი და ირანი ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ მათი რესურსები შეზღუდული იყო რიგი გარემოებების გამო (ომი უკრაინაში და პროირანული ძალების განადგურება ლიბანსა და სირიაში ისრაელთან ომის შედეგად). მალე დაირკვა, რომ ასადი რეალური დახმარების გარეშე დარჩა, შედეგად სირიის არმია სწრაფად ჩამოიშალა...
რა იქნება ახლა, ამის განჭვრეტა რთულია, თუმცა სირიის დიქტატორის ჩამოგდებით ირანმა და რუსეთმა უდიდესი კრახი განიცადეს.
სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღება მეამბოხეებზეა მიმართული, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. უმსხვილესი მეამბოხე დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham, რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის Jabhat al-Nusra-დან გამოყოფილი ჯგუფია, რომელსაც ხელმძღვანელობს აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი.
ალ-ჯულანი არის ფსევდონიმი, რაც ნიშნავს "გოლანის სიმაღლეების მკვიდრს", როგორც ირკვევა, მისი ბაბუა გოლანში ცხოვრობდა. მეამბოხე ლიდერის ნამდვილი სახელია აჰმედ ჰუსეინ ალ შარა. მის შესახებ უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობებით არის სავსე. პუბლიკაციების უმეტესობის მიხედვით, ის 1981 წელს დაიბადა. მისი დაბადების ადგილის შესახებ სულ მცირე ორი ვერსია არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ ალ-ჯულანი დაიბადა საუდის არაბეთში, მენავთობე ინჟინრის ოჯახში და იქ ცხოვრობდა 7 წლამდე, ზოგი კი წერს, რომ მისი სამშობლოა დირ ალ-ზური აღმოსავლეთ სირიაში.
2000-იანი წლების დასაწყისში ალ-ჯულანი ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე მეორე ინტიფადას გავლენით დაუახლოვდა ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდას - სირიიდან ერაყში გადავიდა, შეუერთდა ორგანიზაციის რიგებს. შედიოდა მისი ერთ-ერთი ლიდერის, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ახლო წრეში. 2006 წელს ალ-ზარქავის მკვლელობის შემდეგ ალ-ჯულანი ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააკავეს და ციხეში 5 წელი გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ, სირიელი "ბოევიკების" მომავალი ლიდერი შეუერთდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიერ შექმნილ ერაყის "ისლამურ სახელმწიფო" ჯგუფს. 2011 წელს, როდესაც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, ალ-ჯულანი სირიის ტერიტორიაზე დაბრუნდა და Jabhat al-Nusra-ს ორგანიზაციის შექმნა გამოაცხადა. მან ალ-ქაიდას ერთგულების ფიცი დადო და არ დაუმალავს, რომ მისი მიზანი სირიაში რადიკალური ისლამისტური რეჟიმის დამყარება იყო. ამასთანავე, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჯაბჰათ ალ-ნუსრას ისლამურ სახელმწიფოსთან შერწყმის.
თანდათან ჯაბჰათ ალ-ნუსრა სირიის ერთ-ერთ უდიდეს შეიარაღებულ დაჯგუფებად იქცა. მან დაამყარა კონტროლი ქალაქ იდლიბზე და დაიწყო მოსახლეობაზე ახალი კანონების დაწესება. 2016 წელს მან გამოაცხადა, რომ წყვეტს კავშირს ალ-ქაიდასთან და დაარქვეს თავის ორგანიზაციას Jabhat al-Nusra Hayat. ამჟამინდელი სახელი კი - Hayat Tahrir al-Sham ("მოძრაობა ლევანტის განთავისუფლებისთვის") გაჩნდა ალ-ჯულანის ორგანიზაციის სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან შერწყმის შემდეგ.
ალ-ჯულანის ოპონენტები ამბობენ, რომ მან ეკონომიკური იმპერია ააშენა იმ ადამიანების სისხლსა და ძვლებზე, ვინც ისლამისტური დიქტატურას აპროტესტებდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, მან დიდძალი ქონება დააგროვა საზღვრის კონტროლის, ნავთობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან. 2024 წელს იდლიბში რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა ალ-ჯულანისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები და გაერო დიდი ხანია აცხადებენ ალ-ჯულანის ორგანიზაციას ტერორისტულად. 2013 წელს ამერიკის ადმინისტრაციამ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა Jabhat al-Nusra Hayat-ს ლიდერების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის.
თავად ალ-ჯულანი მუდმივად ითხოვდა სირიის ტერიტორიიდან უცხოური ჯარების გაყვანას. ბოლო დროს ის ახალი სირიის შექმნას აცხადებდა და ამბობდა, რომ დიქტატურის დამყარებას არ აპირებდა.
ამავდროულად, ბევრი სირიელი, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები (ალავიტები, დრუზები და ა.შ.), უნდობლობას აცხადებენ ახალი რეჟიმის მიმართ და ეშინიათ რეპრესიების.
ბოლო წლებში "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერმა თავისი განცხადებების ტონი საკმაოდ შეარბილა, შედარებით პოზიტიური იმიჯი შეიქმნა, რათა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისავით ცივილიზებულობასა და დიპლომატიაში დაერწმუნებინა.
ჯერჯერობით, ამბოხებულთა ორგანიზაცია აგზავნის მილიონობით ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე თავდასხმისგან, ვანდალიზმისგან და საჯარო დაწესებულებების განადგურებისგან.
სირიელმა ამბოხებულებმა 8 დეკემბერი, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს. "რევოლუციამ დაასრულა ათწლეულის ტირანია და გზა გაუხსნა დიდი სირიის აღორძინებას“, - ნათქვამია აჯანყებულების განცხადებაში.
”მომავალი ჩვენ გვეკუთვნის”, - თქვა კვირას Hayat Tahrir al-Sham-ის ხელმძღვანელმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულამა. მისი განცხადება სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაიქცა და ოპოზიციური ძალები სირიის დედაქალაქში შევიდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, HTS-ის ლიდერი თავად ჩავიდა დამასკოში და მოინახულა ომაიანთა მეჩეთი. დამასკოში კომენდანტის საათი დაწესდა და შეიარაღებულ ძალებს სამთავრობო შენობებთან მიახლოება აეკრძალათ. ალ-შარამ ასევე განაცხადა, რომ გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მთელი სახელმწიფო აპარატი დარჩება ასადის პრემიერ-მინისტრის მუჰამედ რაზი ალ-ჯალალის კონტროლის ქვეშ, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ახალ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც რამდენიმე სხვა მინისტრმა.
იხილეთ ასევე:
მოამზადა მიხეილ ხაჩიძემ