“შორს არ მგონია მომენტი, როდესაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ "სანტა-კლაუსი" რომელიღაც ოფისში იმალება. ალბათ, ის იქნება დასავლეთის და ომის პარტიის აგენტი. აი, ეს ვითარებაა“, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკის ფაქტებს და ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, “ქართული ოცნება“ მარცხისკენ მიმართულ ტაქტიკას იყენებს, ხოლო მის მოქმედებას თან სდევს კომიკურობა, რაც აჩვენებს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ფარსია.
ზუსტად იგივე ქარგის გაგრძელებაა, როდესაც ოპოზიციურ ლიდერებს იჭერენ და პიროტექნიკას ართმევენ. მე უკვე შორი არ მგონია, ის მომენტი, როდესაც შეიძლება აღმოაჩინონ, რომ სანტა-კლაუსი იმალება რომელიღაც ოფისში. ალბათ, ის იქნება დასავლეთის და ომის პარტიის აგენტი. აი, ეს ვითარება.
მე ძალიან მომწონს, ჩვენი მოწინააღმდეგის ასეთი მარცხისკენ მიმართული ტაქტიკა... ასეთი მასშტაბურობა პოლიტიკური პროცესის ჩვენ არ გვქონია. მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ისინი აღრმავებენ ამ პროცესს, რითაც გამარჯვებას გვიადვილებენ.
ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსვლაში [რომ თქვას] მათ დაარბიეს ოპოზიციური პარტიების შტაბ-ბინა იმიტომ, რომ იქ იყო გირლანდები და პიროტექნიკა, თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ? - ამას რომ უყურებდეთ ინგლისში, დანიაში, ბანგკოკში, ან ავსტრალიაში? - არ იქნებოდა ეს კომიკური? პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ სერიოზული საპოლიციო ძალები იქნა მობილიზებული იმისთვის, რომ ამოეღოთ გირლანდები და პიროტექნიკა. ალბათ, დაიჭირეს სანტა-კლაუსი, როგორც ომის პარტიის აგენტი. ეს არის კომიკური. კომიკურობა თანმდევია ფარსის, ფარსი არის ის, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში. ისინი არ არიან ხელისუფლება, მათ უბრალოდ, ჰყავთ შეიარაღებული ძალა, რომლითაც აკონტროლებენ რამდენიმე ქუჩას ქალაქში. ეს არის პოლიტიკური ვითარება.
სახელმწიფოსთან კავშირი ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ბოლომდე დაკარგა. მათ ასევე დაკარგეს საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირი. ისინი არიან შეიარაღებული ძალა, რომელიც აკონტროლებს ქალაქის რამდენიმე შენობას, ისინი ვერ აკონტროლებენ ქალაქს, რაიონებს, მუდმივად ხდება მათთვის ზურგის შექცევა, ეს არის პოლიტიკური რეალობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.