„საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში ჩაბრძანდა. „საზოგადოება ივერიისას„ მიზანია, ეს ვიზიტი იყოს ნუგეშისა და იმედის მომცემი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტებისთვის.
სიწმინდეები იტალიის სამ ქალაქში - ფლორენციაში, რომსა და ბარიში ჩაბრძანდება.
ხატისა და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოგზაურობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ჩვენს თანამემამულეებს სიწმინდეების მოლოცვა ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში შეეძლებათ. ღვთისმსახურება 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩატარდება.
ტური გაგრძელდება რომში. 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლის და სალოსის ხსენების დღეს, წმინდა ნაწილები რომის სამრევლოს ტაძარში დაბრძანდება. 2 და 3 ნოემბერს წირვა ჩატარდება 10:30 საათზე.
სიწმინდეები 6 ნოემბერს ქალაქ ბარიში ჩაბრძანდება. 10:00 საათზე სამრევლოს ტაძარში წირვა აღევლინება.
საზოგადოება ივერიისა“ 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის გარდა, „საზოგადოება ივერიისას“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას.
R