Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთი ევროპის ტერიტორიებზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავდა. საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსული ხომალდები მზად არიან გამოიყენონ ტაქტიკური ბირთვული იარაღი დიდი კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის შედარებით მცირე ზომის ბირთვული ქობინი თავისი გადასატანი სისტემით, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე და შექმნილია კონკრეტულ ტერიტორიაზე მტრის სამიზნეების გასანადგურებლად. ოღონდ ფართო რადიოაქტიური აფეთქების და მასშტაბური რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.
როგორც NPR-ის მეცნიერებისა და უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯეფ ბრუმფილი შენიშნავს, "ეს არავითარ შემთხვევაში არ არის "მცირე იარაღი“.
"მაგალითად, ყველაზე დიდი, ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს ოდესმე ჩამოუგდიათ, დაახლოებით 11 ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრისა იყო. მაგრამ ე.წ. მცირე ბირთვულ იარაღს შეუძლია მიაწოდოს ერთი კილოტონა ტროტილი და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე დიდი ბომბი“.
2008-2014 წლებში შედგენილი ფაილები მოიცავს რაკეტების სამიზნე ქვეყნების სიას: მათ შორისაა, სამეფო საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა გემთმშენებელი ქარხანა ბაროუ-ინ-ფურნესში, დიდ ბრიტანეთში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზღვაო ფლოტის "მაღალი მანევრირება“ საშუალებას აძლევს მას განახორციელოს "უეცარი და პრევენციული დარტყმები“ და "მასიური სარაკეტო დარტყმები. . . სხვადასხვა მიმართულებით“.
რუკებზე ასევე ნაჩვენები იყო სამიზნეები რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, ირანსა და ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპელ მოკავშირეებს ბირთვული იარაღის გამოყენებით ადრეც დაემუქრა: "მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი პატარა, მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოები არიან" - თქვა მან მაისში.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავარი პრიორიტეტი ნატოსთან კონფლიქტში იყო "მტრის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება“. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დაარტყამს სამოქალაქო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.
პუტინმა ივნისში განაცხადა, რომ ევროპა "მეტ-ნაკლებად დაუცველი" იქნება რუსული სარაკეტო დარტყმების წინააღმდეგ.
პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბოლო წვრთნები მიუთითებს, რომ გაჟონილი დოკუმენტები კვლავ შეესაბამება რუსეთის მოქმედ სამხედრო დოქტრინას.