დღეს დილას, ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილმა დატოვა. პოლიტიკოსი პარტიის ერთ-ერთმა სახემ თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
როგორც ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
"ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის, 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან სამუშაო რეჟიმში...“
თინა ბოკუჩავას ახალ თანამდებობაზე პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ყრილობას რამდენიმე დღეში მოიწვევს.
საგანგებო ბრიფინგზე ბოკუჩავამ ხაბეიშვილს მადლობა გადაუხადა.
"დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
პროფესიით იურისტმა თინათინ ბოკუჩავამ განათლება უცხოეთში მიიღო - 2009 წელს დაამთავრა ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. შემდეგ სწავლობდა შტატებში სმიტის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2011 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა. 2012 წლამდე კი მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილედ.
პოლიტიკოსის საპარლამენტო კარიერა 2012 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" - "მეტი სარგებელი ხალხს“.
ბოკუჩავა მას შემდეგ მუდმივად იყო "ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი, უკვე მე-3 მოწვევის პარლამენტია, რაც ის დეპუტატის სავარძელს იკავებს.
დეპუტატმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის ზაფხულში შეავსო. ჰყავს მეუღლე კონსტანტინე იოსელიანი და სამი ვაჟი, ნიკო, სანდრო და ლუკა, ტყუპი ძმა ამერიკაში, ბოსტონში დაიბადა.
ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ კოტე იოსელიანი 2007 წლიდან სოფელ ნასაგურში 1500 კვ.მ ნაკვეთს მფლობს, რაც მემკვიდრეობით გადაეცა. 2020 წლიდან მის სახელზეა 23.19 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე მემკვიდრეობით ხვდა წილად. იოსელიანს ასევე მემკვიდრეობით გადაეცა 178.400 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე და 53.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. კონსტანტინე იოსელიანის სამემკვიდრეო სიას ასრულებს 192 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა და ნაკვეთი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე და 52.6 კვ.მ ნაკვეთი ბინის სიახლოვეს, რომლის მფლობელიც მეუღლესთან ერთად არის. იოსელიანს მემკვიდრეობით ყველა ეს ფართი 2020 წელს გადაეცა.
თინათინ ბოკუჩავა ფლობს 710 კვ. საცხოვრებელ ფართობს დუშეთის რაიონ სოფელ ბულაჩაურში და ასევე ნაკვეთს, რომელიც მემკვიდრეობით 2019 წელს გადაეცა.
თინათინ ბოკუჩავას მფლობელობაშია 124.1 კვ.მ. ფალიაშვილზე მდებარე ბინის 54%, რომელსაც მაია ვარდოსანიძესთან ერთად ფლობს.
მან 2013 წელს ასევე 53 000 დოლარად თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 48,5 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა შეიძინა.
თინათინ ბოკუჩავამ ავტომანქანა fiat 500 2022 წელს 6000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის შევსებისას დეპუტატს თიბისი ბანკში ანაბრის სახით ჰქონდა 25 000 დოლარი. სახელფასო ბარათზე - 500 დოლარი, 2015 ლარი.
კონტანტინე იოსელიანს თიბისი ბანკის ბარათის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 200,97 ლარი, ბაზის ბანკის ანგარიშზე - 851,08 ლარი.
თინათინ ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტში 2022 წლის კალენდარულ წელს 55 184,14 ლარი მიიღო. ხოლო საქართველოს უნივერსიტეტიდან ერთჯერადი ანაზღაურება პედაგოგიური/სამეცნიერო ნაშრომის თარგმნისთვის 1507,5 ლარი.
კონსტანტინე იოსელიანი საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორია, საიდანაც 2022 წელს ხელფასის სახით 10 662,37 ლარი მიიღო.
კოტე იოსელიანის პოლიტიკური წარუმატებლობა
თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი ცოლის მსგავსად ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახლდათ. იოსელიანი ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებდა.
2018 წელს იოსელიანი საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა და მოგვიანებით ამის გამო, ბოდიშიც მოიხადა.
"ბოდიშს ვიხდი თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, - დაწერა მაშინ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
“გადაცემის შემდეგ წამყვანმა სამწუხაროდ, ჩემს საკუთარ ინტერპრეტაციად გაასაღა სოციალურ ქსელში აბსოლუტურად უცხო ადამიანის პოსტის განხილვა, რასაც მოჰყვა უარყოფითი შეფასებები. ვწუხვარ, თუ ამ დისკუსიის დროს უნებურად დავაზიანე ადამიანების პირადი გრძნობები, რაც დანამდვილებით არ ყოფილა ჩემი მიზანი...”
სკანდალი "იბერიაში“ იოსელიანის სტუმრობას მოჰყვა. მაშინდელმა პოლიტიკოსმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და “იბერიას” ეთერში განაცხადა, თითქოს, “ქალაქში ჭორი დადის”, რომ ამ პიროვნებას ერთ-ერთი ცნობილ პირთან რომანტიკული ურთიერთობები აქვს.
მაშინდელმა თანაპარტიელებმა იოსელიანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.
"ენმ-ი ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანებაა, შესაბამისად მე, ისევე, როგორც პარტიის ყველა წევრი, ველოდებით საჯარო ბოდიშს კოტე იოსელიანისგან არაეთიკური საქციელისთვის, რომელმაც უკიდურესად დააზიანა პარტიის რეპუტაცია. მსგავსი საქციელი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.“ - წერდა სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
მომხდარის შემდეგ იოსელიანმა პოლიტიკური აქტიურობა შეწყვიტა და მედიაში აღარ გამოჩენილა.
იოსელიანმა 2017 წელს, ასევე ერთ-ერთ ეთერში ამჯერად პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი მისი მეგობარი იყო და ჟურნალისტის კითხვაზე, რას თვლის ის "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომად და შეუძლია თუ არა ისეთივე წარმატებით ილაპარაკოს ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე, იოსელიანმა სანდრო გირგვლიანის შემთხვევა დაასახელა.
"სანდრო გირგვლიანი იყო შეცდომა "ნაციონალური მოძრაობის". არცერთ ეთერში მე ეს არ მითქვამს, მე და სანდრო ვიყავით მეგობრები, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. სანდროს დედას ჰქონდა ტურისტული კომპანია 90-იან წლებში, როდესაც აქ დენი და გაზი არ იყო, მე და სანდრო დუბაიში დავყავდით, როცა არავინ იცოდა დუბაის არსებობა, ხან ეგვიპტეშიც. ასეთი მეგობრები ვიყავით მე და სანდრო. დიახაც, სანდროს მიმართ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაიდგა, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციის თემა", – განაცხადა მაშინ იოსელიანმა.