ავტორი:

"მე ვალაგებ  საქართველოს" - დალაგებების სერიის მესამე ეტაპი

"მე ვალაგებ  საქართველოს" - დალაგებების სერიის მესამე ეტაპი

17-19 აპრილს გაიმართა სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ერთობლივი დალაგებების სერიის III ეტაპი. ეს ეტაპი USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორ სკოლებთან ერთად განვახორციელეთ გერმანული ორგანიზაცია GIZ-ის მხარდაჭერით.

დასუფთავების ამ ეტაპში 67 სკოლამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ოთხი რეგიონიდან - აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. სულ ერთდროული დალაგებების მესამე ეტაპში 3,657 მოსწავლემ და მათმა მასწავლებელმა მიიღეს მონაწილეობა. მთლიანობაში კი, განვლილ სამ ეტაპში მონაწილე მოსწავლეების და მასწავლებლების რიცხვმა 6,000-ს გადააჭარბა.

ამ სტატიში, სადაგის გუნდის წევრები მოგითხრობენ სკოლების შესახებ, რომლებთან ერთადაც მათ დაასუფთავეს წინასწარ შერჩეული სკოლის მიმდებარე დასალაგებელი ტერიტორიები საქართველოს 4 რეგიონში.

აჭარა

საოცარი ადამიანია ნაზი კოჩალიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. მისმა მოსწავლეებმა ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. მათ გულმოდგინედ და ხალისით დაალაგეს უზარმაზარი დანაგვიანებული სივრცე პლაჟზე და გზისპირა ბამბუკებიანი ფერდობები.

დალაგების დაწყებამდე, მათ პერფორმანსი გამართეს პეტრას ციხის შესასვლელთან - გონიერი და ლამაზი პლაკატებით, საინტერესო სიტყვით გამოსვლებით და ფრაზებით - „ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია!“. აღფრთოვანებას იწვევს ციხისძირელი მოსწავლეების ეთოსი და ქცევა: სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული, ლოგიკური ბმა სისუფთავესა და ტურიზმიდან ეკონომიკურ შემოსავალს შორის, ასევე მათი გამორჩეული ინიციატივიანობა, გულმოდგინება და გუნდურობა.

ხელვაჩაურის I საჯაროს სკოლაშიც კარგი პერფორმანსით შეგვხვდნენ მოზარდები. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ გულნარა ზაქარაძეს გარემოს სიყვარული ჩაუნერგავს თავისი მოსწავლეებისთვის. მათ გვაჩვენეს ვიდეოები და გვესაუბრნენ პლანეტის მოვლაში თითოეული ჩვენგანის წვლილზე. შემდეგ გუნდურად დაალაგეს სკოლის ეზო და შემოგარენი.

ბათუმის VIII საშუალო სკოლა შთამბეჭდავ შენობაშია განთავსებული. სკოლის დირექტორი ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაკა ხინთიბიძე დიდი სითბოთი და ენერგიით მონაწილეობდნენ სკოლის ეზოს დალაგებაში ბავშვებთან ერთად. სასიამოვნო იყო ბათუმელ მოსწავლეებთან ერთად წვლილის შეტანა მათი სასწავლო გარემოს გალამაზებაში.

იმერეთი

ქუთაისის XV სკოლის დირექტორმა ელისო ჯიბლაძემ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნათია კალანდაძემ და სკოლის მოსწავლეებმა ნიკეას ბაზრის სიახლოვეს მდებარე მინდვრის დალაგება გადაწყვიტეს. ყველაზე ძნელი ნაწილი მინდვრის ნაპირებზე ღობეებში და ხის ტოტებში გაჩხერილი პარკების მოცილება იყო. მოსწავლეებმა წარმატებით დაძლის ყველა სიძნელე და მცირე პიკნიკით იზეიმეს მინდვრის და ხეების ნარჩენებისგან გათავისუფლება.

კახეთი

კახეთის რეგიონიდან 26 სკოლა და 720 ბავშვი შემოუერთდა საქართველოს დალაგებას. 17 აპრილს, თელავში, მერაბ კოსტავს სახელობის IV საჯარო სკოლის 50 მოსწავლესთან ერთად ჩვენი პროექტის სპონსორი - “პროკრედიტ ბანკიც” ჩაერთო დალაგებაში და სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებელ გვანცა მოლაშვილთან, სკოლის დირექტორ ეკატერინე გიგიტელაშვილითან, მშობლებთან და ბანკის 20 თანამშრომელთან ერთად საბავშვო სკვერი და სპორტული კომპლექსის ტერიტორია დავასუფთავეთ. ბავშები ხალისთ ჩაებნენ დასუფთავების პროცესში და თან თამაში- შეჯიბრი წამოიწყეს ვინ უფრო მეტი ტომრის გავსებას მოახერხებდა.

გამორჩული ღონისძება გვქონდა პანკისის ხეობაში, გაზაფხულზე განსაკუთრებულათ ლამზია ახლად ამწვანებული ხეობა, თოვლიანი მთების ფონზე. ახმეტის II საჯარო სკოლის მასწავლებლის დალი გამხვეტელაშვილის ინიციატივით, პანკისში ჯერ დუისის საჯარო სკოლას ვეწვიეთ. ორი სკოლის უფროს კლასელი მოსწავლეები ერთმანეთს გავაცანით, ნაყოფიერად ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და შეხვედრის შემდეგ ერთად ხადორის ჩანჩქერის მიმდებარედ საპიკნიკე სივრცეების დასასუფთავებლად გავეშურეთ. დუისის საჯარო სკოლის მოსწავლემ 15 წლის მუსლიმ ბორჩაშვილმა, შესანიშნავი გიდობა გაგვიწია პანკისის ხეობაში. თავის კუთხეზე და სამშობლოზე შეყვარებულ ასეთ ახალგაზრდებთან შეხვედრა, როგორიც მუსლიმია, მომავლის იმედს გვისახავს და ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობებისთის მეტის გაკეთების სურვილს გვიჩენს.

ხადორზე სანაგვე ურნების სამწუხარო არარსებობის გამო, შეგროვებული ნარჩენის იმავე მიკრო ავტობუსით წამოღება მოგვიხდა რომლითაც მოსწავლეები მგზავრობდნენ. ნარჩენის შემაწუხებელი სუნის მიუხედავად, სხვათა მიერ დაბინძურებული გარემოს დალაგებასთან ერთად, არც ეს ფაქტი უთაკილიათ ბავშვებს და რამოდენიმე კილომეტრის დაშორებულ სანაგვე ურნებში მოათავსეს სავსე ტომრები.

გურჯაანში, კურორტ ახტალას პარკი დავასუფთავეთ, გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელ ნინო გურაშვილთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად. დასუფთავების შემდეგ ერთად მივირთვით ტკბილეული და ჩვენი ქვეყნისთვის სისუფთავის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ, საუბრისას ერთმა გოგონამ იკითხა, რატომ უნდა ავიღოთ ნაგავი, რომელიც ჩვენ არ დაგვიგდიაო? ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და ბოლოს ყველანი შევთანხმდით, რომ შეიძლება ეს ნაგავი ჩვენი დაგდებული არ იყოს, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენია.

ქვემო ქართლი

შულავერის საჯარო სკოლაში ქალბატონმა დალი კეკელიძემ გვიმასპინძლა, ვისაც მოსწავლეების აღზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის სისუფთავეში. ბავშვებმა, რომელთა დიდი ნაწილი „ეკოკლუბ გამონათებას“ წევრია, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ნახატები გარემოს შესახებ და გვესაუბრნენ გლობალური დათბობისა და ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებაზე, ასევე, თუ როგორ ასუფთავებენ სისტემატიურად თავიანთ ლამაზ ადგილებს. მიუხედავად გარემოს დროდადრო ხელმეორედ დაბინძურებისა, ბავშვები არ კარგავენ ენთუზიაზმს და კვლავ დიდი მონდომებით და იმედიანად ასუფთავებენ თავიანთ გარემოს.

შთამბეჭდავი იყო სოფელ მარადისში სტუმრობა, სადაც გავიცანით მასწავლებლი მელანო ბოლქვაძე. იქაური სკოლის ეზო და საფეხბურთო მოედანი საკმაოდ გამწვანებული იყო და სისუფთავე იგრძნობოდა. ერთად დავალაგეთ სკოლისა და მოედნის მიმდებარე ტერიტორიები - მიწაზე, ხეებსა და ბუჩქებში მიმოფანტული წვრილ-წვრილი ნარჩენები. ბავშვები ენთუზიაზმით საუბრობდნენ სპორტზე და დალაგებულ გარემოში ცხოვრებაზე. პატარებთან ერთად მხიარულად ჩატარებული დალაგების აქციის შემდეგ, კვლავ მოედანზე დავბრუნდით და ვითამაშეთ ფეხბურთი.

სოფელ მარადისის სკოლა და გარემოსდაცვითი კლუბი „მაი“, რომელიც 2017 წელს შეიქმნა შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩევა. კლუბის წევრებმა 150-ზე მეტი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა და 2021 წელს მდგრადი მიზნების განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის პრიზიც გადაეცა. მათ სხვადასხვა პროექტით 40 000 ათას ლარზე მეტი მოიპოვეს და უკეთესობისკენ შეცვალეს თანასოფლელთა ცხოვრება.

რუსთავის მე-16 სკოლის მიმდაბარე ტერიტორია მომდევნო დღეს დავასუფთავეთ, სადაც მასწავლებელი მარიამ ჯალაბაძე დაგვხვდა თავის მოსწავლეებთან ერთად. ქალბატონი მარიამი რუსთავის ორ სკოლაში ასწავლის და ახალი მოსული იყო მეორე სკოლიდან სადაც უკვე დაესუფთავებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სადაგის გუნდმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად დავალაგეთ სკოლის უკანა მხარე, მინდვრები და ეკლესიის შემოგარენი.

ამავე დღეს ვესტუმრეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ კრწანისის საჯარო სკოლას. ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ცერცვაძე და მისი მოსწავლეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ. სწრაფად გადავინაცვლეთ უზარმაზარ ტყეში სადაც უამრავი მინის და თუნუქის ბოთლი და ქილა და ფერად-ფერადი ცელოფნები იყო მიმოფანტული ხეებსა თუ ბუჩქებში. მოსწავლეები ძალიან ეფექტურად, თითქმის სირბილით ასუფთავებდნენ თავიანთ საყვარელ ადგილს. დაგეგმილზე საგრძნობლად ადრე დავასრულეთ დალაგება და ერთ მუშტად შეკრული მოსწავლეები კრწანისის სასაფლაოებისკენ გაიქცნენ, რომ იქაურობაც დაელაგებინათ. დიდი სიამოვნებაა ასეთი მზრუნველი და ენთუზიაზმით სავსე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაცნობა.

დასასრულს, მადლობას ვუხდით „მე ვალაგებ საქართველოს“ სპონსორებს. პროექტის პლატინის მხარდამჭერები არიან - პროკრედიტ ბანკი საქართველო და დიპლომატ-ჯორჯია, ვერცხლის მხარდამჭერები არიან - ნიკორა, ფინბიურო და ელიტ ელექტრონიქს. მედია მხარდამჭერები არიან პალიტრა L და ჯორჯია თუდეი. მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, რაც შესაძლებელს გახდის სკოლების მაქსიმალური რაოდენობის ჩართვას დალაგების ღონისძიებებში.

მკითხველს შევახსენებთ, რომ „მე ვალაგებ საქართველოს“ დაიწყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის, ლიდერთა ათეულების წევრი მასწავლებლების და სადაგის ერთობლივი ინიციატივით. მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად დალაგებების სერიის მომდევნო ეტაპი 8-10 მაისს გაიმართება სამეგრელოს, გურიის, სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის სკოლებში.

სადაგის გუნდი

R