აფხაზურმა საზოგადოებამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში აფხაზური გერბის რუსული გერბის ფარზე დატანა გააპროტესტა. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
დე ფაქტო ადმინისტრაციაში საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა შევიდა, რომელშიც მათ აფხაზური გერბის სახეცვლილება გააპროტესტეს.
"გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა აფხაზეთის გერბი რუსული გერბის ჰერალდიკურ ველზე დატანილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გერბი არ არის ჩინოვნიკის პირადი გერბი, თუნდაც, ეს ჩინოვნიკი ყველაზე მაღალი დონის იყოს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სტატუსი და მისი სიმბოლოები - გერბი, დროშა და ჰიმნი არ უნდა განისაზღვროს კონიუქტურისა და წუთიერი მიზნებით, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ვინმეს", - ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორებმა მოითხოვეს, სასწრაფოდ აღმოფხვრას დაშვებული შეცდომა. წერილს ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და კიდევ 23-მა პირმა მოაწერა ხელი.
მათ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გერბის შეცვლისას "ავი ზრახვა არავის ჰქონია და ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო".
"სახელმწიფო გერბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში ამ დროისთვის უკვე დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაშია მოყვანილი", - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში.