არის განსაცდელი, რომელიც ადამიანმა მარტო, ჩუმად უნდა გაიაროს... ეს მარტივი ჭეშმარიტება 22 წლის ლედი მეგრელიშვილმა ძალიან ადრე გააცნობიერა: 10 წლისას რთული დიაგნოზი დაუსვეს, იყო წუთები, როცა გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ლედიმ ვერაგ დაავადებაზე გაიმარჯვა:
- ჩემი ამბავი 12-13 წლის წინ დაიწყო: მოულოდნელად ფეხის მწვავე ტკივილი დამეწყო და რადგან მოცეკვავე ვიყავი, დატვირთვას დავაბრალე. ერთწლიანი კვლევის შემდგომ დიაგნოზი დამისვეს - ოსტეოსარკომა. ჩემი პრიორიტეტი სიცოცხლის შენარჩუნება იყო! როცა ჩემი მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდა, ოპერაცია გამიკეთეს და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის რთული ეტაპი მქონდა. ეს გზა - ქიმიოთერაპიიის კურსით დაწყებული, ოპერაციამდე, ორჯერ გავიარე. იმდენად მინდოდა ჩემს ლამაზ, ფერად სამყაროში დაბრუნება, რომ მეც ვიბრძოდი და თან ჩემი ოჯახის წევრების გამხნევებას ვცდილობდი.
- როგორ პოულობდი ამის ძალას?
- მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი: როდესაც განსაცდელის წინაშე დგები, ყველაფერს შეძლებ. 13-14 წლის ასაკში უკვე ორი ოპერაცია მქონდა გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციებმა გართულების გარეშე ჩაიარა, გადაადგილების უნარი შემეზღუდა. ბოლო პერიოდში ვეღარ დავდიოდი. დიმიტრი ცინცაძის ფონდის დახმარებით, რომლის ამაგს, ალბათ, ვერასდროს გადავიხდი, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში საბუთები გადავგზავნეთ. ყველა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ამპუტაცია აუცილებელი იყო. მე ადრეც მიფიქრია, რომ ამპუტაცია უნდა გამეკეთებინა და ჩემი პრობლემისთვის წერტილი დამესვა. ამიტომ ფეხის ამპუტაციის შემდეგ, დეპრესიული მდგომარეობაც კი არ მქონია, გულის სიღრმეში ყველაფერს შეგუებული ვიყავი. ოპერაციის შემდგომ პროთეზიც მომარგეს და დღეს ძალიან კარგად დავდივარ, რეაბილიტაციის პერიოდმაც უპრობლემოდ ჩაიარა და ახლა ვცდილობ ჩემი ყოველდღიურობა აღვიდგინო: უნივერსიტეტი, მეგობრები, ვარჯიში - ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და იმედია, წინ უკეთესი ცხოვრება მელოდება. მახსოვს, ბოლო ქიმიოთერაპიის დროს ჩემი ოჯახის ყველა ფინანსური რესურსი ამოწურული იყო და მკურნალობა წყალში გვეყრებოდა, სწორედ მაშინ ცინცაძის ფონდი ნამდვილ მფარველად მომევლინა. ამ ფონდმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შემინარჩუნა. ფინანსურ დახმარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი თანადგომა, რომელსაც ამ ფონდის წევრები მიწევდნენ. დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ მორაგბეებსაც, რომლებმაც ბოლო ოპერაცის დაფინანსებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მიხარია, რომ ცხოვრების გზაზე ამდენი კარგი ადამიანი შემხვდა და რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება, მით მეტი ბავშვი გადარჩება. განაგრძეთ კითხვა
ყოჩაღო! მაგარო! უფალი მოგეხმაროს გაგაძლიეროს წარმატებები მოგცეს