ისრაელის მთავრობამ სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან პალესტინისა და ისრაელის თემაზე პოსტი გამოაქვეყნა.
მოდელმა, რომლის მამაც, მოჰამედ ჰადიდი, პალესტინელია, თავის Instagram Story-ში განცხადება გამოაქვეყნა. ის არ წერს, რომ "ჰამასის" ქმედებები მისაღებია, თუმცა პალესტინელ ხალხს უცხადებს მხარდაჭერას.
"არაფერია იმაში ებრაული, როგორც ისრაელის მთავრობა ეპყრობა პალესტინელებს. ისრაელის მთავრობის დაგმობა არ არის ანტისემიტური და არც პალესტინელების მხარდაჭერა ნიშნავს ჰამასის მხარდაჭერას", - წერს ჯიჯი ჰადიდი.
ჯიჯის პოსტის შემდეგ, "ინსტაგრამზე" ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს პოსტი და წერდნენ, რომ აღშფოთებულები არიან მოდელის მიერ პალესტინელების მხარდაჭერის გამო.
"გასულ კვირას გეძინა? თუ ებრაელი ჩვილების ხოცვაზე უბრალოდ თვალს ხუჭავ? შენი დუმილი მკაფიოდ გვიჩვენებს, სად დგახარ. ჩვენ გხედავთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის მთავრობამ სოციალურ ქსელში ბავშვის სისხლიანი საძინებლის ფოტო გამოაქვეყნა და დასძინა: "თუ ამას არ გმობ, შენი სიტყვები არაფერს ნიშნავს".
ჯიჯიმ განმარტა, რომ პალესტინელების მიმართ თანაგრძნობა აქვს და ოკუპაციის ქვეშ მათი ცხოვრების გამო გული სტკივა, ამიტომ ის პასუხისმგებლობას გრძნობს, განმარტოს, თუ ვის გვერდით დგას.
"მიუხედავად იმისა რომ პალესტინელებისთვის მხოლოდ კარგზე ვოცნებობ, ებრაელებისთვის ზიანის მიყენებაზე არასდროს მიფიქრია", - წერს ჯიჯი ჰადიდი.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
შენ რომ იპყრობდი პალესტინას და სტუმრად მისულმა მასპინძელის როლი მოირგე ის ჯერ არ დავიწყებიათ, მაგრამ კარგად შეუძვერი ამერიკას და იმიტომ ხარ მართალი რადგან გაგდის.
როცა ორივე მხრიდან იღუპებიან ადამიანები,ქალები,ბავშვები,მოხუცები...რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო,ან რატომ დაიწყო.ორივე მხარე ბარბაროსულად იქცევა.ძალა როცა გაქვს ეს არ ნიშნავს,რომ უნდა გამოიყენო.ამდენი წლის განმავლობაში როგორ ვერ მოილაპარაკეს,გნებავთ რუსებმა და უკრაინელებმა,გნებავთ ებრაელებმა და პალესტინელებმა....ვინ რჩება მოგებული ამ საშინელებიდან,ხოლო ხალხი,საკუთარი მოქალაქეები იღუპებიან.მთავრობები კი გარდაცვლილების პროცენტებს ითვლიან,ამორალურობის ზენიტი...