ისრაელი ღაზას სექტორში "მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის" მზადებას ასრულებს.
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები "შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის" განხორციელებით "შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, "ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის მიერ დაანონსებული მასშტაბური თავდასხმის დაწყებამდე 1.1 მილიონზე მეტ ადამიანს რეგიონის დასატოვებლად ვადა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე ჰქონდა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მათ მოსახლეობას სამხრეთისკენ გადაადგილებისა და მდინარე ღაზას გადაკვეთის უფლება ორი მთავარი მარშრუტის საშუალებით მისცეს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად შეუძლებელია და ისრაელს მოუწოდებს, საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი ამ დრომდე მძევლად რჩება. პარალელურად კი, ისრაელის ავიაიერიშებს სულ მცირე 2 200 პალესტინელი ემსხვერპლა, 8 700-ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტს 100-ზე მეტი უცხოელი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბრიტანეთის, ტაილანდის, საფრანგეთისა და არგენტინის მოქალაქეები.
წაიკითხეთ ასევე: