რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დაბადებულმა და გაზრდილმა 23 წლის ფეხბურთელმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვიტელება მიიღო, რასაც სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური იყო. მთავარი პრეტენზიები, რომელსაც ქართველი ქომაგი კონსტანტინე მარადიშვილს უყენებს ასეთია:
თუ რატომ ამბობდა ის თავის დროზე, რომ რუსეთის მთავარ გუნდში გამოძახებას ელოდა? რატომ იყენებდა რუსულ ენას სოციალურ ქსელებში? რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში თამაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ფეხბურთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და ა.შ.
კონსტანტინე მარადიშვილი რუსული საფეხბურთო სკოლის, კერძოდ მოსკოვის "ცსკა-ს" აღზრდილია, "ლოკომოტივს" კი 2021 წლის სექტემბერში, 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ამ საყრდენი ნახევარმცველის მიმართ დიდი ხანია ინტერესი იყო საქართველოდანაც, მაგრამ, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, ის "ლოკომოტივში" სათადარიგოთა სკამზე გადასვეს. ფეხბურთელის ნატურალიზაციას იურიდიული საკითხიც აბრკოლებდა.
მაგრამ საკითხი, როგორც ჩანს, უკვე მოგვარდა - Geo Team-ის ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა და თამაში გადაარჩინა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
"იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-სგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება. მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში ოფიციალურ მატჩში უთამაშია, სწორედ ამიტომაა საჭირო თანხმობა ფიფა-სგან. თავის დროზე, მსგავსი თანხმობა გახდა საჭირო გიორგი წიტაიშვილის შემთხვევაშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალურ თამაშში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული", - ამბობს წყარო.
ორიოდე წლის წინ მარადიშვილი Sport24-თან ინტერვიუში ამბობდა:
"ცოტა ხნით ადრე, ორი ვარიანტი განვიხილე - საქართველოც და რუსეთიც. მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში გამუდმებით მიწვევენ. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს - მწერენ, მომიწოდებენ, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. არ მინდა მარჩიელობა დავიწყო. არავინ იცის რა იქნება ხვალ. ახლა მე "ლოკოსა" და რუსეთის ახალგაზრდულ გუნდზე ვარ ორიენტირებული. ვფიქრობ, ქართული ენა უნდა ვისწავლო, თუმცა რთულია. ჩემს ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. ყველაზე კარგად რუსულ ენას ვფლობ, შემდეგ კი ინგლისურს. ბევრი სიტყვა ვიცი და წინადადების აგება შემიძლია, თუმცა ქართულ ენას მაინც სუსტად ვფლობ. ახალი წელი ნამდვილად ქართული დღესასწაულია. მათ ტრადიციული კერძი აქვთ, რომელიც ოლივიეს ჰგავს, დედამ ქართული კერძების მომზადებაც იცის. ჩემი საყვარელი კერძი ჩახოხბილია, ძალიან მიყვარს".
გარუსებული
ქართული წარმოშობის კი არაა, ქართველია რუსეთში დაბადებული. უამრავი ბავშვია ამჟამად უცხოეთში დაბადებული, მაგრამ ყველა ქართველია!